დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების გაცემა დღეიდან დაიწყება

0

aubegraviფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დღეიდან დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებისთვის კუთვნილი თანხების ჩარიცხვის პროცესი იწყება.  შემოსავლების სამსახურის განცხადებით, დაუბეგრავი მინიმუმის დასაბრუნებლად რეგისტრაციის პროცესი 1 აპრილს დაიწყო. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, მოქალაქემ უნდა შეავსოს დეკლარაცია, პირადი ნომრის მითითებით გაარკვიოს, სარგებლობს თუ არა დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლებით, შემდეგ შეავსოს ელექტრონული დეკლარაცია და შეიტყოს დასაბრუნებელი თანხის ოდენობა.

“დაბრუნების პროცესი შეეხება ყველა მოქალაქეს, რომლის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი არ აღემატება 6 000 ლარს. ამ მოქალაქეებს უფლება აქვთ შესაბამისი კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავლიდან გამოქვითონ დაუბეგრავი მინიმუმი – 1800 ლარი – და მოითხოვონ აღნიშნულზე გადახდილი შესაბამისი საშემოსავლო გადასახადის თანხის დაბრუნება. კერძოდ, თუ მოქალაქის მიერ 2014 წელს მიღებული ერთობლივი შემოსავალი 1800-დან 6000 ლარამდეა, მას უფლება აქვს მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან დაიბრუნოს 360 ლარი, ხოლო თუ 1800 ლარამდეა, დაბრუნებას ექვემდებარება (მხოლოდ ხელფასის სახით მიღებული შემოსავლიდან) კონკრეტული თანხის 20 პროცენტი. დაუბეგრავი მინიმუმით მოსარგებლე პირებს თანხა ჩაერიცხებათ დეკლარაციის შევსებიდან 3 თვის განმავლობაში.
ძალაში რჩება ასევე 2013 კალენდარული წლის მიხედვით ხელფასის სახით მიღებულ შემოსავალზე დაუბეგრავი მინიმუმის გამოქვითვის უფლება. ვისაც არ უსარგებლია ამ უფლებით, უნდა მიმართონ შემოსავლების სამსახურს, არაუგვიანეს 2015 წლის 30 სექტემბრისა”, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.