დაჩი კოპაძე: “ჩემი მეორე ნახევარი არასდროს გამიბედავს მოკლე კაბის ჩაცმას”

0

10435661_10152803381297445_7591812812761785642_nრაგბისტი, დაჩი კოპაძე „ორი ვარსკვლავის“ ის კონკურსანტია, რომელმაც თინეიჯერი გოგონების გული სცენაზე პირველივე გამოჩენისთანავე მოიგო. მასთან პირდაპირ ეთერში ფლირტს არც ჟიურის ერთ-ერთი წევრი, თეონა კონტრიძე ერიდება. კონკურსის ყველაზე ენერგიული და როგორც თავად ამბობს, „ბუთქუჩა“ ჟიურის წევრი, დაჩის შეფასებისას ხშირად უსვამს ხაზს რაგბისტის ვიზუალურ მხარეს. მაყურებლის წყალობით დაჩისა და ანანო მჟავიას წყვილი მხოლოდ ორჯერ იდგა აუტსაიდერებში. რაგბისტი ფინალშია და სამშაბათს გაირკვევა, ვინ გახდება პროექტის გამარჯვებული, დაჩი კოპაძე თუ გოდერძი შარაშია. მანამდე დაჩისთან ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ. მორაგბე კლუბ „ლელოში“ და შვიდკაცა ნაკრებში თამაშობს. ჟურნალისტებს გაურბის, ამბობს, რომ არაფერი გაუკეთებია ისეთი, მასზე რომ წერონ.

– დაჩი, როგორ მოხვდი „ორ ვარსკვლავში“?

– ეს ამპლუა წარმოუდგენელი იყო ჩემთვის. მხოლოდ სახლში, მეგობრების წრეში ვმღეროდი, ისიც დიდი ხვეწნის მერე. ჯერ კიდევ წინა სეზონზე მთხოვა მეგობარმა, მიიღე მონაწილეობაო და უარი ვუთხარი. მეორე სეზონზეც მეგობრები შემომიჩნდნენ და დამიყოლიეს. გამოვცადე თავი და მოვედი ფინალამდე. ეს ამბავი ძალიან მახარებს, ვგრძნობ ხალხის მხარდაჭერას, სიყვარულს, ეს დიდი სტიმულია ჩემთვის.

– პირველ გამოსვლაზე განსაკუთრებით ინერვიულე, ალბათ…

– ეს იყო კატასტროფა. ტექნიკური ხარვეზიც იყო, მაგრამ მაინც ჩემს თავს ვაბრალებ. მუსიკა ვერ გავიგონე და სხვა ტონალობაში დავიწყე სიმღერა. მერე, ერთ მომენტში წინ მოვდიოდით მე და ანანო, დინამიკთან მოვხვდი, გავიგე მელოდია და გამოვასწორე. ჟიური რომ გვაფასებდა, არაფერი გამიგია. ეს რა გავაკეთე, რატომ დავთანხმდი-მეთქი, ვფიქრობდი. ერთი სული მქონდა როდის მოვიდოდა მეორე ტური, რომ გამომესწორებინა შეცდომა. ძალიან რთული ყოფილა ამხელა აუდიტორიის წინაშე სიმღერა. ამ პროექტში დავაფასე მომღერლები (იცინის).

– კონკურსანტები პეჩოს მონაწილეობას აპროტესტებდნენ შოუში, ამბობდნენ, რომ ის მუსიკოსია და მასთან პაექრობა არ იყო სწორი. შენც ასე თვლი?

– პეჩო ჩემი ფავორიტი იყო. ჟიურიში რომ მჯდარიყო, სიამოვნებით მოვისმენდი მის შენიშვნებს. ყველა გამოსვლაზე ამტკიცებდა, რომ მაგარი მომღერალია. რა თქმა უნდა, ვისურვებდი თანაბარი ძალის კონკურსანტს შევჯიბრებოდი, მაგრამ პროექტის მესვეურებმა ასე გადაწყვიტეს. მართალი გითხრა, უხერხულობის მომენტიც კი მქონდა, ის რომ პროექტიდან წავიდა და მე დავრჩი.

– ამ პროექტმა, ალბათ, პოპულარობა მოგიტანა. ეს იყო შენი მიზანი?

– მაქსიმალურად ვცდილობ თავი ავარიდო ზედმეტ ყურადღებას. მეზედმეტება, თავმდაბალი ვარ, მეუხერხულება რომ მცნობენ, მიღიმიან. ვინც უნდა მიცნობდეს, ისინი ისედაც მცნობენ. ჩემი მიზანი პოპულარობა ნამდვილად არ ყოფილა, მეგობრებს გავუწიე ანგარიში, თან აქ კარგად ვერთობი, მომწონს.

– ინტერვიუებზეც უარს ამბობ, ცოტა გამიჭირდა შენი დათანხმება. რატომ?

– ერთი ჩვეულებრივი ბიჭი ვარ, სალაპარაკოც არაფერია.

– რაგბი როგორ შემოვიდა შენს ცხოვრებაში?

– ჩემი ძმა, თენგო, კალათბურთელია. მასთან ვარჯიშზე რომ მივდიოდი, მწვრთნელები მეუბნებოდნენ, მოდი, შენც ივარჯიშეო. რატომღაც არ მიმიზიდა კალათბურთმა. უბნელებთან ერთად დავიწყე რაგბზე სიარული. თავიდან უბანში ვთამაშობდით რაგბის ბურთით, მერე ერთად მივედით ერთ გუნდში და ერთად დავდიოდით ვარჯიშზე, 11-12 წლისანი ვიყავით, ავიდოდით ყვითელ ავტობუსში, ნომერიც მახსოვს (იცინის), 87 იყო და გვიხაროდა ვარჯიშზე წასვლა. არც არავისთვის გვიკითხავს რაგბზე უნდა შევიდეთო. ჩემმა მშობლებმა რომ გაიგეს, უკვე მოწამლული ვიყავით ამ სპორტით. მერე უმაღლეს გუნდში გადავედი, ნაკრებში მოვხვდი. ყველა ახალგაზრდულ ნაკრებში ნათამაშები მაქვს, ევროპის ჩემპიონებიც ბევრჯერ ვყოფილვართ.

– პროფესიით ვინ ხარ?

– მსახიობობა მინდოდა, მაგრამ ისეთი მორიდებული ვარ, მივხვდი ჩემგან მსახიობი არ გამოვიდოდა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩავაბარე ილიას უნივერსიტეტში. ეს ფაკულტეტიც დედაჩემმა ჩაწერა. რამდენიმე კურსი დავხურე და აკადემიური ავიღე რაგბის გამო.

– მოგიმზადებია სიუჟეტი ან სტატია?

– კი, ტელეჟურნალისტიკაზე ვსწავლობდი. მახსოვს, ცნობილ ადამიანებს ვსტუმრობდი და ვეკითხებიდი, როგორ უნდა შეხვედროდნენ ახალ წელს, რა ტრადიციები ჰქონდათ ამ დღესასწაულთან დაკავშირებით. ახლა მეცინება ამ ყველაფერზე.

– თეონა კონტრიძის კომენტარებზე მინდა გკითხო, არასდროს მალავს სიმპათიას შენ მიმართ. რა გრძნობაა, როცა ჟიურის ერთ-ერთ წევრს განსაკუთრებით მოსწონხარ?

– მე ამას ვერ ვგრძნობ. ვაფასებ ამ ადამიანს, ვთვლი, რომ თავის საქმის პროფესიონალია, სწორ შენიშვნებს იძლევა, ვერ გამოაპარებ ვერაფერს.

– მას მერე რაც პროექტში გამოჩნდი, ალბათ, თაყვანისმცემელი გოგონების რიცხვმა მოიმატა… როგორია დაჩი სასიყვარულო ურთიერთობისას, აზიატი უფრო ხარ თუ ევროპელი?

– ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. ჩემი კანონები, წესები, პრინციპები მაქვს, რომელსაც, რაც არ უნდა მოხდეს, ვერ გადავუხვევ. ჩემი მეორე ნახევარიც ჩემს გზაზე ივლის, იმას გავაკეთებთ, რაც ორივეს მოგვეწონება. რაც ჩემთვის მისაღები იქნება, მისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

– თუ რაღაცაში არ გეთანხმება?

– გააჩნია რაში. არის მომენტები, როცა შეიძლება დაუთმო და ასიამოვნო ქალს… მომთხოვნიც ვარ. მკაცრიც.

– რაში გამოიხატება შენი სიმკაცრე, სად მიდიხარ, რომელ საათზე მოხვალ, ეს არ ჩაიცვა?

– ვფიქრობ, ჩემი მეორე ნახევარი არასდროს გამიბედავს მოკლე კაბის და დეკოლტის ჩაცმას, როგორც არ უნდა უხდებოდეს. თუმცა, ქალი ყველაფერში არ უნდა შეზღუდო, გარკვეული თავისუფლება უნდა მისცე.

– თუ მოსწონს მოკლე კაბა და ლამაზი ფეხებიც აქვს, რატომ არ უნდა გამოაჩინოს? – თუ ასეთი გოგო იქნება, თავიდანვე არ მომეწონება.

– გამოდის, რომ დაჩის არ მოსწონს მოკლეკაბიანი გოგონები სერიოზული ურთიერთობისთვის?

– დიახ, რა თქმა უნდა. მე მინდა ჩამოყალიბებული აზროვნების ქალი, წესიერი, კულტურული, განათლებული…

– კარგი ოჯახის შვილი…

– კარგი ოჯახის შვილი არა, თვითონ უნდა იყოს კარგი, ესაა მთავარი. ჩემთვის იდეალური ქალი არ უნდა იყოს გამომწვევი, ვულგარული. სადად უნდა იცვამდეს. ქალის სილამაზე გრძელ კაბაშიც ჩანს, არ არის აუცილებელი ყველაფერი „გადმოყაროს“. ბევრს შეიძლება გაეცინოს ამაზე, მაგრამ ოჯახში ვულგარულად ჩაცმული ქალი არავის უნდა. მოკლედ, კაცი ოჯახის კისერი უნდა იყოს, ქალი თავი. შენ უნდა მართო, საითაც გინდა იქით მიაბრუნო.

– იმ მამაკაცების კატეგორიას მიეკუთვნები, რომლებიც თვლიან, რომ ქალი სამზარეულოში უნდა იყოს?

– არა. ქალი სამზარეულოშიც უნდა იყოს და ყველგან, სადაც საჭიროა.

– მაგალითად, მეგობრებთან ერთად რესტორანში რომ წავიდეს უშენოდ, შეიძლება?

– არა. მე არ ვენდობი სხვას. იმდენი გადარეული დადის, მით უმეტეს რომ დალევენ… გვერდით უნდა ჰყავდე მეორე ნახევარს ამ დროს. ეს ყურადღებაა და არა ეჭვიანობა.

– კარგი, პროექტს დავუბრუნდეთ. შენს მეწყვილეზე, ანანო მჟავიაზე რას მეტყვი?

– ყველაზე მაგარი მეწყვილე მყავს. სხვა კონკურსანტებთან შედარებით ყველაზე გამოუცდელი ვარ. სცენაზე დგომა, პირდაპირი ეთერი, აქამდე უცხო იყო ჩემთვის. ანანო მჟავიას ჰყავს მეწყვილე, რომელიც არაფრის აზრზე არ არის, მოიყვანეს და პირდაპირ მიკროფონი დააჭერინეს ხელში (იცინის). ანანო ყველა ნიუანს და ყველა დეტალს ისე მიხსნის, მართლა დებილი და უნიჭო უნდა იყო, რომ ვერ ისწავლო

. – პროექტის გამარჯვებულს რა პრიზი ეკუთვნის?

– „კიას“ ჩუქნიან, ოღონდ რომელს, არ ვიცი, იმდენად არ ვფიქრობ პრიზზე… ჩემთვის მთავარია სიმღერა როგორ გამომივა. რასაც ვაკეთებ, ვცდილობ ხარისხიანი იყოს. შესაბამისად, ფინალშიც ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავიმარჯვო.

– მანქანა გყავს?

– კი, მანქანაც, მოტოციკლიც.

წყარო: Primetimenews.ge

სხვა ახალი ამბები: