დევნილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდა

0

dsc0054-1გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში საჩივრების ცხელი ხაზი ამოქმედდა, რომლის მიზანია სამინისტროს გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და ეფექტურობის გაზრდა და ოპერატიული რეაგირება შესაძლო დარღვევებზე.

საჩივრების ცხელი ხაზის ოპერატორები უშუალოდ დევნილების საჩივრების მიმართულებით იმუშავებენ. იმ შემთხვევაში, თუ დევნილი მიიჩნევს, რომ დარღვეულია მისი უფლებები, არასწორია მის მიმართ სამინისტროს შესაბამისი ერთეულის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მას შეუძლია დაუკავშირდეს საჩივრების ცხელ ხაზს და დააფიქსიროს თავისი პოზიცია. ოპერატორები დეტალურად ჩაინიშნავენ საჩივრის შინაარსს, შეაგროვებენ ყველა საჭირო მონაცემს, რაც ამ საჩივრის შესწავლისთვის იქნება საჭირო და გადაუგზავნიან შესაბამის სამსახურებს. შემდგომ ეტაპზე, საჩივრების კოორდინატორი დეტალურად შეისწავლის წამოჭრილ საკითხს, გაანალიზებს მონაცემებს და გადაუგზავნის მას შესაბამის დეპარტამენტს. მასვე დაევალება პროექტის მენეჯერისთვის ანალიტიკური ანგარიშების მომზადება და ძირითადი ტენდენციებისა და ტიპოლოგიების იდენტიფიცირება. საჩივრების კოორდინატორი პასუხისმგებელია დეპარტამენტისგან მიღებული პასუხი მიაწოდოს ბენეფიციარს, რათა პრობლემა ოპტიმალურ ვადაში მოგვარდეს. სიახლეა ასევე საჩივრების ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიღების შესაძლებლობა, მისამართზე – sachivari@mra.gov.ge.

გრძელვადიან პერსპექტივაში საჩივრების ცხელი ხაზის საშუალებით გამოიკვეთება დევნილთათვის პრობლემატური საკითხები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება სხვადასხვა სახის რეკომენდაცია, შევა ცვლილება შესაბამის სამართლებრივ აქტებში და ასევე არსებულ პრაქტიკაში. დევნილებს საჩივრის განხილვის ყველა ეტაპზე მიეწოდებათ ინფორმაცია.

სამინისტროში 2014 წლის ნოემბრიდან მოქმედებს პროექტი, რომლის ფარგლებშიც, მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართი 10 000 – მდე დევნილ ოჯახს დაუკანონდება. პროექტის დაწყების პარალელურად, გაიზარდა ამ მიმართულებით შემოსული ზარების რაოდენობაც. დევნილი ოჯახებისათვის ინფორმაციის ოპერატიულად და ამომწურავად მიწოდების მიზნით, ცხელ ხაზს დაემატება 2 თანამშრომელი, რომლებიც დევნილი ოჯახებისათვის ბინების საკუთრებაში გადაცემის თემებზე იმუშავებენ.

ბენეფიციარებთან კომუნიკაციის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, 2014 წელს სამინისტროში დაინერგა ონლაინ კონსულტაციის სერვისი, რამაც ბენეფიციართათვის მნიშვნელოვნად გააიოლა სამინისტროსთან დაკავშირება, კითხვების დასმა და სათანადო ინფორმაციის მიღება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცხელი ხაზი 2008 წლიდან ფუნქციონირებს. ცხელი ხაზის ოპერატორები თვეში საშუალოდ 5000-მდე ზარს პასუხობენ.

ცხელ ხაზზე მომართვები ძირითადად ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა დევნილთა განსახლება, ფულადი დახმარება, დევნილის სტატუსთან და საინფორმაციო ბაზასთან დაკავშირებული პრობლემები, დევნილთა განსახლების ობიექტებზე არსებული კომუნალური პრობლემები. ცხელ ხაზზე შემოსული კითხვების გადამისამართება ხდება როგორც სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებში, ასევე სამინისტროს გარეთ, სახელმწიფო თუ არასახელმწიფო უწყებებში. ცხელი ხაზის საშუალებით ხორციელდება მინისტრის მოადგილეებთან და დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსთან მიღებაზე ჩაწერა.

სამინისტროს ცხელ ხაზთან დაკავშირება შესაძლებელია ნომრებზე: 2431100; 1407
ღილაკი 1 – საცხოვრებელი ფართის დაკანონების საკითხები, ღილაკი 2 – საჩივრების ცხელი ხაზი, ღილაკი 3 – ზოგადი შეკითხვები.