დოდო შელიას ღია წერილი წალენჯიხის საზოგადოებას

55

544027_157874451043250_1084369317_nსაინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წალენჯიხელმა დისიდენტმა დოდო შელიამ ღია წერილის გამოქვეყნება სთხოვა, სადაც საუბარია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეზე. დოდო შელია ღია წერილში მიმართავს საზოგადოებას და აცნობს დავით ბელქანიას ფარულ გეგმებს. ის ასევე ბოდიშს უხდის ამავე საზოგადოებას იმისთვის, რომ ამ გეგმების თანამონაწილე თავადაც გახდა. დოდო შელია საარჩევნო-საატესტაციო კომისიის წევრი იყო წალენჯიხის რაიონის გამგებლის არჩევისას. მისი წერილი სწორედ ამ პერიოდს ეხება. საინფორმაციო სააგენტო smo.ge უკომენტაროდ გთავაზობთ დოდო შელიას ღია წერილს.

დიდი მადლობა ყველას, ვინც სწორად გაიგო ჩემი ჩანაფიქრი და მომცა შესაძლებლობა ერთობლივად განვსაჯოთ ის არასასურველი რეალობა, რომლის წინაშეც აღმოვჩნდით.

ყველას გახსოვთ ბატონ ბელქანიას თავგამოდებული ბრძოლა საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობის დასაკავებლად. რამდენადაც არ არსებობდა სხვა ალტერნატიული ვარიანტი და არ გვქონდა სხვა არჩევანის საშუალება , ჩვენ მხარი დავუჭირეთ მას. ის თავის მხრივ შეგვპირდა, რომ შეცვლიდა არსებულ რეალობას, რისთვისაც დაიწყო თავგანწირული ბრძოლა.მიაღწია რა სასურველ მიზანს, ბელქანიას არც უცდია გამგებლის კანდიდატურა თანაგუნდელებში ეძებნა. უფრო მეტიც, მან საერთოდ დაივიწყა ვალდებულება თანაგუნდელების წინაშე და ჩაატარა საარჩევნო-საატესტაციო კონკურსი, სადაც უფრო მკაფიოდ გამოიყენა მისი განზრახვა. დავიჯეროთ, რომ გერმანე ფიფია იმიტომ ჩამოვიდა წალენჯიხაში, რომ თავისი კანდიდატურა მოეხსნა და ამაზე განცხადება გაეკეთებინა? ნუთუ არაფერს ნიშნავდა ბატონების: გია ხარჩილავას, მერაბ მორგოშიას, ნუგზარ კალანდიას, ბერდია კალანდიას, საკუთარი სურვილით გამოთიშვა ამ პროცესებიდან? რა თქმა უნდა ნიშნავდა, რადგან მათ არ მისცეს კომისიას ღირსების შელახვის საშუალება.

წალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა ჩემს თვალწინ გაიზარდა. პირველი საჯარო სკოლის პედკოლექტივიც დამეთანხმება იმაში, რომ ის საუკეთესო მოსწავლე იყო და ასევე საუკეთესო სტუდენტიც. კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ბატონმა ახალაიამ გადაამოწმა შესაბამის უწყებაში და მიიღო უტყუარი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გულორდავა “ნაციონალური მოძრაობის” მსხვერპლი იყო სულხან მოლაშვილთან ერთად.გამომდინარე აქედან თავი ვალდებულად ჩავთვალე მიმეცა ამ ახალგაზრდა კაცისთვის შანსი არჩევნებამდე ეხელმძღვანელა რაიონისთვის.

ჩემი ერთი ხმა კომისიაში არც არაფერს ცვლიდა და თან ღმერთია მოწმე, რომ მე არაფერი ვიცოდი იმაზე მეტი რაც იქ ითქვა და ამას ბატონი კოტეც დამიდასტურებს. მე მუდმივად მისვამდნენ კითხვას, თუ ღით ჯობდა გულორდავა გიორგი ვეკუას, გია ხარჩილავას, თამაზ შანავას, მერაბ მორგოშიას, ბესო ძაძამიას და ასე შემდეგ…მე პასუხს ვაყოვნებდი უკეთესობის მოლოდინში…

დრომ ჩემს წინააღმდეგ იმუშავა. ბუნებრივია, რომ ეს დუმილი ჩემს მიმართ მძიმე ბრალდებით აიხსნა. ახლა ნამდვილად მაქვს პასუხი იმ კითხვებზე. “სჯობს” იმით გულორდავა სხვებს, რომ ის ბელქანიას სურვილების უსიტყვო შემსრულებელია. კონკურსში სხვა კანდიდატების გამარჯვების შემთხვევაში ბელქანიას დაერღვეოდა ის ჰარმონია, რომელშიც დღეს იმყოფება. სამწუხაროდ ეს ბრძოლა ბატონ ბელქანიას თანამდებობის დასაკავებლად გაგვიმართავს.

ბატონო დავით!

ქალაქის ცენტრში არცთუისე ბევრნი ვაპროტესტებდით ციხის ცნობილ კადრებს. გულწრფელი იყო ეს პათოსი, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცოდით რა გველოდა მეორე დღეს. თქვენ ზურგი აქციეთ ამ მართალ ადამიანებს, დაუკარგეთ ყველაფრის რწმენა და იმედი. თქვენ უღალატეთ იმ პრინციპებს, რის გარშემოც “ქართულმა ოცნებამ” გაგვაერთიანა. თქვენ უკვე აღარ აზროვნებთ სახელმწიფოებრივ დონეზე. დაივიწყეთ ისიც, რომ კომისიის დასკვნა, რომელიც ხალხის განწყობას არ ემთხვევა, არალეგიტიმურია. თურმე არ გცოდნიათ, რომ სავარძლის სიდიდეს პიროვნება განსაზღვრავს და თანამდებობა არა მარტო პასუხისმგებლობაა, არამედ ავტორიტეტიცაა, რომელიც თქვენ დაკარგეთ.

მე კიდევ ერთხელ ვუხდი ბოდიშს ყველას, ვისაც ჩემი სამართლიანობისა და სიფხიზლის სჯეროდა. გაცნობიერებულიც მაქვს, რომ იმედის გაცრუება არავის ეპატიება და მეც მზად ვარ ყველაფრისთვის პასუხი ვაგო. ერთი რამ ნამდვილად მინდა გაითვალისწინოთ, რომ ანგარება ამშემთხვევაში ნამდვილად არ ყოფილა. ბელქანია დღეს ჩვენი საერთო უბედურება და შეცდომაა, რის შედეგსაც ამჟამად ვიმკით. თუ ვინმე ფიქრობს, რომ გამგებელი სპეციალურად შექმნილმა კომისიამ აირჩია, ეს მისი პრობლემაა. ბელქანიას ეს კომისია მხოლოდ საკუთარი თავის გადასარჩენად სჭირდებოდა. მის მზაკვრულ გეგმას კი დროულად ვერ მივხვდი. მიუხედავად ყველაფრისა მალე გაეცემა ერთ კითხვას ზუსტი პასუხი, თუ რატომ ჰქონდა დავით ბელქანიას ორი ხმის მიცემის საშუალება!!!!

მე, ამ ასაკში ეს არ უნდა დამმართნოდა, თუმცა გამოსავალს ნამდვილად ვიპოვი და ჩემი გაბრიყვებისთვის მას პასუხს ვაგებინებ.

სხვა ახალი ამბები: