დოცენტი სილაგაძე თბილისის მერობის კანდიდატ ნიკა მელიას ძალადობაში ამხელს

0

nika meliaaaდოცენტი მელსი სილაგაძე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატს ნიკა მელიას ძალადობაში ამხელს. როგორც დოცენტი გაზეთ “კვირის ქრონიკასთან“ აცხადებს, საქმე ეხება წლების წინ ჩატარებულ სპეცოპერაციას. მისი თქმით, სპეცოპერაციაში მელიას მონაწილეობის შესახებ „ნანუკას შოუდან“ შეიტყო.

„1994 წელს შინაგან საქმეთა მაშინდელი მინისტრის თემურ ხაჩირიშვილის დავალებით, ჩემი დის ოჯახში საბურთალოზე, უშიშროების საგამოძიებო ნაწილის უფროსის, მალხაზ სალაყაიას ხელმძღვანელობით ჩატარდა ბარბაროსული სპეცოპერაცია. მოტივი იყო, რომ ჩემი დისშვილები თითქოსდა, „საბურთალოს საძმოსთან“ კავშირში იყვნენ, რაც მტკნარი სიცრუე იყო… სპეცოპერაციიდან მესამე დღეს, მალხაზ სალაყაიას ბრძანებით, ჩემი დის სახლში ისევ შემოცვივდნენ ნიღბიანები და უნებართვო ჩხრეკა დაიწყეს, ყველაფერი ისევ თავდაყირა დააყენეს, რას ეძებდნენ თვითონაც არ იცოდნენ. ჩხრეკა უშიშროების თანამშრომლების ავთანდილ ფოფხაძისა და თემურ გრძელიძის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. კარგად მახსოვს, თემურ გრძელიძე ადამიანურად იქცეოდა, წუხდა მომხდარზე… განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა სრულიად ახალგაზრდა ერთი მაღალი ბიჭი, რომელმაც ჩხრეკისას მამაჩემის ძველისძველი უბის წიგნაკი იპოვნა და გახარებულმა შესძახა: „ვიპოვე, ვიპოვეო“, ამ გაცრეცილ უბის წიგნაკში ცხონებული მამაჩემის კარგა ხნის წინათ გარდაცვლილი მეგობრების ტელეფონის ნომრები იყო… მკითხა, სად არის მამაშენიო? სასაფლაოზეა და მიაკითხე-მეთქი. იმ ბიჭის სახეს 1994 წლიდან ვეძებ, ნიღაბი ეკეთა, მაგრამ მისი თვალები და სახის მოყვანილობა კარგად დამამახსოვრდა.
ღმერთო მაღალო, ამდენი ხნის შემდეგ, ამას წინათ ეს სახე, „ნანუკას შოუში“ აღმოვაჩინე, როცა შოუში მიწვეულმა სტუმრმა ნიკა მელიამ თავისი ახალგაზრდობისდროინდელი, სტუდენტობის ფოტოსურათი დადო ეკრანზე. ეს იყო ჩემთვის შოკი, ეკრანიდან ზუსტად ის თვალები მიყურებდა, რომელიც მაშინ ოჯახში შემოგვივარდა. მე ის ამოვიცანი!.. საკვირველი ისიც იყო, რომ ნიკა მელიას ფოტო იმ ტანსაცმელში ჰქონდა გადაღებული, რომელიც ჩვენთან შემოვარდნისას ეცვა. ის ნანუკა ჟორჟოლიანთან ყვებოდა, რომ ერთი აცვენილი ქუჩის ბიჭი იყო… ქუჩის ბიჭი რომ ყოფილიყო, რაღა უჭირდა. ის ყაჩაღი იყო, რომელიც ნიღბით სახლში შემოგვივარდა და იმ ნიღბიანებში, ყველაზე სასტიკად რომ იქცეოდა, იმიტომ მახსოვს დღემდე.
მან ეთერში საჯაროდ განაცხადა, რომ მას მალხაზ სალაყაია პატრონობდა, რომ მამამისმა სალაყაიას სთხოვა უშიშროების აკადემიაში მოწყობა. ყველაფერი ზუსტად ასახავდა ჩემთვის იმ მწარე რეალობას. რამდენიც არ უნდა იმართლოს თავი მელიამ, ფაქტი სახეზეა, რომელსაც ვერ გაექცევა. ამით იმის თქმა მინდა, რომ 18-19 წლის ნიკა მელია ყველაფერზე წამსვლელი იყო, ასეთები არ იცვლებიან. თამამად ვამბობ, რომ ნიკა მელია სალაყაიას დავალებას ასრულებდა და ამ ადამიანებმა ამდენი უბედურება მოუტანეს ჩვენს დიდ ოჯახს“, – განუცხადა გაზეთ „ქრონიკას“ მელსი სილაგაძემ.

სხვა ახალი ამბები: