დღეს ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება

0

qetდღეს მართლმადიდებლური ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღე აღინიშნება. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა აღევლინება.

წმინდა ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულებმა საქადაგებლად კენჭი ყარეს. ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ რადგან მისი მიძინების ჟამი დგებოდა, მაცხოვარმა მოუწოდა ღვთისმშობელს, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი თავისი ხელთუქმნელი ხატით ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა. ყოვლადწმიდა ქალწულმა იხმო ანდრია და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი აიღო, პირი დაიბანა და ფიცარი სახეზე მიიდო. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს იყო ღვთისმშობლის პირველი ხელთუქმნელი ხატი, რომლიც ანდრია პირველწოდებულმა საქართველოში წამოაბრძანა. მოციქული საბერძნეთისა და მცირე აზიის გავლით, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების”.

გადმოცემის თანახმად, სოფელ დიდაჭარაში დღემდე არსებობს ტაძრის ნანგრევები, რომელიც თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუგია. მან ასევე დაადგინა პირველი სასულიერო პირები – მღვდლები და დიაკვნები.

ღვთისმშობლის ხატის ძალით მოციქულმა კერპები დაამხო, აწყურში დააარსა ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა. წმინდა ანდრია იქ არ დარჩენილა. გაემგზავრა კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ და ქრისტიანობა განამტკიცეს.

უკანასკნელად მოციქულმა საბერძნეთის ქალაქ პატრაში იქადაგა, იქაურმა უღმრთო ხელისუფალმა ანდრია პირველწოდებულის ჯვარზე გაკვრა ბრძანა. წმინდანი ორი დღე ქადაგებდა ჯვრიდან და იქვე აღესრულა. მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

12 მაისი საქართველოში ოფიციალურად უქმე დღედაა გამოცხადებული.

სხვა ახალი ამბები: