დღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს

0

sveticxoveliდღეს მართლმადიდებელი ეკლესია სვეტიცხოვლობას აღნიშნავს. ამ დღეს ასევე აღინიშნება მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას, წმინდა სიდონიასა და აბიათარის ხსენებაც.

ამ დღესთან დაკავშირებით გუშინ სვეტიცხოველში ლოცვა ჩატარდა, წირვა კი დილის 10.00 საათზე აღევლინება. წირვას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე აღავლენს.

მრევლისთვის დილიდან ავტობუსებია გამოყოფილი, რომელიც მცხეთის მიმართულებით საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორიიდან გადის.

ლოცვაზეც და წირვაზეც სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის მიერ მოძიებული მსოფლიო დიდთა წმინდანთა წმიდა ნაწილები და ხალხს ექნება საშუალება მიახლებისა.

ლეგენდის მიხედვით, იესო ქრისტეს კვართი წილად ხვდათ მცხეთელ ებრაელებს, ელიოზსა და ლონგინოზს, რომლებიც ქრისტეს ჯვარცმას ესწრებოდნენ. ელიოზმა სიწმინდე მცხეთაში ჩამოიტანა და თავის დას, მართლმორწმუნე სიდონიას გადასცა, რომელმაც კვართი მკერდზე მიიხუტა და სული განუტევა. ელიოზმა თავისი და კვართითურთ დაკრძალა. საფლავზე ამოსულა მშვენიერი ხე, რომელიც ოთხი საუკუნის შემდეგ მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად მოუჭრიათ ხუროებს, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი, მათ შორის ერთი, სახილველად საკვირველი და სასწაულმოქმედი, ვერ აღუმართავთ. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც ქრისტეს კვართი იყო დაკრძალული. აქ აშენდა სვეტიცხოვლის ტაძარიც.

სხვა ახალი ამბები: