დღეს მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს

0

10388329_776033972427881_1328851554_nდღეს, 3 მაისს, მსოფლიო პრესის თავისუფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი აფრიკელი ჟურნალისტების მონაწილეობით დაწესდა. 1991 წლის 3 მაისს ისინი ნამიბიის დედაქალაქ ვინდჰუკში რეგიონულ სემინარზე შეიკრიბნენ, რომელიც დამოუკიდებელი და პლურალისტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა ხელშეწყობას შეეხებოდა. მათ მიიღეს ე.წ. “ვინდჰუკის დეკლარაცია”, რომლითაც მსოფლიოს ყველა ქვეყნის მთავრობებს პრესის თავისუფლებისა და მისი დემოკრატიული ხასიათის უზრუნველყოფისკენ მოუწოდეს.

ამ სემინარზე მიღებული დოკუმენტის მნიშვნელობა იმდენად დიდი იყო, რომ 1993 წლის 21 დეკემბერს გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ თავისუფალი პრესის დღის აღნიშვნა სწორედ 3 მაისს გადაწყვიტა.

გაერო-ს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაცია იუნესკო (UNESCO) პრესის თავისუფლების მსოფლიო დღის აღნიშვნას უწევს ორგანიზებას, რათა ხაზი გაუსვას პრესის თავისუფლების ფუძემდებლურ პრინციპებს; შეაფასოს პრესის თავისუფლება; დაიცვას მედიის დამოუკიდებლობა თავდასხმებისაგან; პატივი მიაგოს ჟურნალისტებს, რომლებიც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაიღუპნენ.

მსოფლიო პრესის თავისუფლების დღე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მასშტაბურად აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსის” უკანასკნელი კვლევის მიხედვით, მედიის თავისუფლების ინდექსის მიხედვით, საქართველო ნაწილობრივ თავისუფალი ქვეყნების სიაში შევიდა.

მედიის თავისუფლების მხრივ, მოწინავე პოზიციებზე არიან: ნიდერლანდები, ნორვეგია, შვედეთი, ბელგია, ფინეთი და შვეიცარია.

ყველაზე მძიმე ვითარება კი ჩრდილოეთ კორეაში, უზბეკეთში, თურქმენეთსა და ბელორუსში გამოიკვეთა.