დღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება

0

10321137_638066939614405_7675909023176984739_oდღეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 96 წელი გავიდა. ეს ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღესასწაულია, რომელიც 1918 წელს განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

1917 წელს რუსეთში რევოლუციას მონარქიის დამხობა და იმპერიის დაშლა მოჰყვა. საქართველოში ამავე პერიოდში ეროვნული საბჭო შეიქმნა, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას მართავდა. ეროვნული საბჭოს დადგენილებით, 1918 წლის 26 მაისს საქართველო დამოუკიდებელ რესპუბლიკად გამოცხადდა. რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარედ ნოე ჟორდანია აირჩიეს.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი მიიღეს, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მრავალი საუკუნის განმავლობაში საქართველო დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ არსებობდა და ამ დამოუკიდებლობის დაბრუნება იმჟამადაც აუცილებელი იყო.

საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ, რომლის დამოუკიდებლობა ევროპის წამყვანმა ქვეყნებმა ცნეს, არსებობა არასრული სამი წლის თავზე, 1921 წლის 25 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის ოკუპაციის შემდეგ შეწყვიტა. საქართველომ დამოუკიდებლობის აღდგენა 70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს, შეძლო.

სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამოცხადების 96-ე წლისთავის აღსანიშნავად 26 მაისი უქმე დღედ არის გამოცხადებული და საზეიმო ღონისძიებები გაიმართება.

სხვა ახალი ამბები: