ევროსაბჭოს დელეგაცია საქართველოში თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

0

archevnebiiiiiiევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის დელეგაცია საქართველოში 2014 წლის 15 ივნისს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. საქართველოში ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, მას ჯოს ვინენი (ნიდერლანდები, ევროპის სახალხო პარტია) უხელმძღვანელებს. დელეგაცია 22 წევრისაგან შედგება, რომელთა შორის არიან წევრები ევროპის კავშირის რეგიონთა კომიტეტიდან.

ამასთან, ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, 12 და 13 ივნისს დელეგაციის წევრები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, მათ შორის, იუსტიციის მინისტრს და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე თეა წულუკიანს, ასევე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ევროსაბჭოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, შეხედულებების გაზიარების მიზნით შეხვედრები იგეგმება თბილისის მერობის კანდიდატებთანაც, ასევე კონგრესის საქართველოს დელეგაციის წევრებსა და საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასთან. დელეგაცია დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ქართული სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრასაც აპირებს.

კენჭისყრის მეორე დღეს კი, 16 ივნისს, თბილისში, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ პრესკონფერენცია გაიმართება, სადაც დელეგაცია თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით წინასწარ დასკვნებს წარმოადგენს.

 

სხვა ახალი ამბები: