საქართველოს საელჩოს, დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოსა და ბრიტანულ -ქართული საზოგადოების ორგანიზებით ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა.
კინორეჟისორს 80 წლის იუბილე ლონდონში მცხოვრებ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან ერთად, გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი თამუნა კაპანაძემ, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა კონსტანტინე სურგულაძემ და დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარემ ირინე სარაჯიშვილმა მიულოცეს.
საღამოს ლანა ღოღობერიძე, კახი კავსაძე, მერაბ ნინიძე, ბრიტანეთის ნაციონალური ბალეტის პრიმა ბალერინა ელენე გლურჯიძე, ინგლისში მცხოვრები 105 წლის უხუცესი ქართველი ალექსანდრე ბესტაბაშვილი და ქართულ–ბრიტანული საზოგადოება დაესწრო.
საღამოზე ნაჩვენები იქნა ელდარ შენგელაიას ბიოგრაფიული პერიოდების და მისი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტური ფილმი. მისმა ქართველმა და უცხოელმა მეგობრებმა გაიხსენეს დიდი კინორეჟისორის შემოქმედება და ისაუბრეს მის ღვაწლზე. გაერთიანებული სამეფოს პირველი დამატებითი ქართული სკოლის მოსწავლეებმა რეჟისორს 80 წლის იუბილე ლექსებით მიულოცეს. ბრიტანეთში მოღვაწე ქართული ჯაზ –კვარტეტის მონაწილეობით კი მუსიკალური ნომრები შესრულდა. საღამოს დასასრულს საზეიმო ტორტი გაიჭრა.