“ენგურჰესის” თაღოვანი კაშხალი დღეიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია

0

engurhesiქვეყნის ინდუსტრიული მემკვიდრეობის განვითარების მიზნით, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ “ენგურჰესის” თაღოვან კაშხალს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიანიჭა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განუცხადეს, “ენგურჰესი” ქვეყნის ის პირველი ინდუსტრიული ძეგლი იქნება, სადაც სამუზეუმო-საინფორმაციო სივრცე და ვიზიტორთათვის ენგურზე გადასახედი პლატფორმები მოეწყობა. პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, ენერგეტიკის სამინიტროსა და შპს “ენგურჰესის” ხელშეწყობითა და თანადგომით განხორციელდება.

ამასთან დაკავშირებით, ქალაქ ჯვარში  ენგურჰესის თაღოვანი კაშხლისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ცერემონია გაიმართება. ვიცე-პრემიერი, საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ხელს მოაწერენ ინდუსტრიული მემკვიდრეობის გამორჩეული ძეგლის ეროვნული კატეგორიის მნიშვნელობის განსაზღვრის შეთანხმებას. ღონისძიებას საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, საინვესტიციო ფონდის, ენერგო სექტორის, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

“ენგურის ჰიდროელექტროსადგური უნიკალური ტექნიკური და საინჟინრო ნაგებობების ურთულესი კომპლექსი და უდიდესი ჰესია სამხრეთ კავკასიაში, რომელიც დაბა ჯვრიდან შავ ზღვამდე, ათასამდე კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. ჰიდროელექტროსადგურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია კაშხალი, რომლის საერთო სიმაღლე 271.5 მეტრი, ხოლო განივი სიგრძე 728 მეტრია; ცის თაღის ფორმის კაშხალი, მისი სიმაღლით, მსოფლიოს თაღოვანი კაშხალების ხუთეულში შედის. ენგურზე ჰესის მშენებლობის დაწყებას საფუძვლად ნიკო ნიკოლაძის სურვილი და იდეა უდევს, რომელზეც მსჯელობა 20 წლის განმავლობაში უშედეგოდ მიმდინარეობდა. ნახევრსაუკუნოვანი ფიქრისა და მსჯელობის შემდეგ, ჰესის მშენებლობის გადაწყვეტილება, მოგვიანებით, ტერიტორიის კველვისა და დეტალური დაზვერვის შედეგად მიიღეს. საბოლოოდ, ადგილზე სამშენებლო სამუშაოები 1961 წელს დაიწყო და 1977 წელს დასრულდა”, – აცხადებენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, ინდუსტრიული და საინჟინრო მემკვიდრეობის მნიშვნელობის გააზრებისა და ამ მიმართულებით, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად აქტიურ მუშაობას იწყებს.
“ინდუსტრიული მემკვიდრეობის დაცვისა და გადარჩენის მნიშვნელობის დასტურია UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის წლევანდელი, 39-ე სესია, სადაც ნორვეგიის რიუკან-ნოტტოდენის სამრეწველო მემკვიდრეობას – ჰიდროელექტროსადგურების, ელექტროგადამცემი ხაზების, ქარხნების, სატრნასპორტო სისტემებისა და ქალაქების ერთობლიობას – მსოფლიო მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა. მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაშია ასევე, იაპონიის მეიჯი პერიოდის ინდუსტრიული რევოლუციის სივრცეები (ქარხნები, ქალაქები), ჰამბურგის საწყობები, ფორტ ბრიჯი დიდ ბრიტანეთში, “ფრაიბენტოს” ინდუსტრიული ლანდშაფტი ურუგვაიში. 2015 წელს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებით “ევროპული კულტურული მემკვიდრეობის დღეების” მთავარი თემა სწორედ ინდუსტრიული მემკვიდრეობა იქნება”, – აღნიშნავენ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში.

სხვა ახალი ამბები: