ექსკლუზივი: ზუგდიდელი ბიზნესმენი წართმეული ბიზნესისა და ქონების დაბრუნებას ითხოვს (VIDEO)

0

wartmeuli qonebaპროფესიით პროვიზორმა თორნიკე სორდიამ ზუგდიდში პირველი აფთიაქი საკუთარი სახსრებით გახსნა.  სწორედ აქიდან დაიწყო მან ბიზნეს წარმოება, რომელიც საბოლოოდ სააკაშვილის ხელისუფლებას შეიწირა. როგორც ზუგდიდელი ბიზნესმენი თორნიკე სორდია საინფორმაციო სააგენტო smo.ge-თვის მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში ყვება, მისი გაკოტრების ერთადერთი ავტორი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის მოადგილე მეგის ქარდავა იყო, თუმცა ის საამისოდ საკუთარი ჯგუფის წევრებს იყენებდა. სორდიების უძრავ-მოძრავი ქონების წართმევასა და ბიზნესის დაყადაღებაში ქარდავამ ამჯერად კონტრდაზვერვის მაღალჩინოსნები გამოიყენა.

მეგის ქარდავამ თავდაპირველად თოორნიკე სორდიას დაპატიმრება მისივე აფთიაქში ნარკოტიკული საშუალებების გაყიდვის ბრალდებით გადაწყვიტა, თუმცა ეს არ გამოუვიდა. ამის შემდეგ ქარდავას მეგობრებმა ე.წ “აუქციონის” საშუალებით სახლ-კარი ჯერ ზუგდიდში გაუყიდეს, შემდეგ კი ანაკლიაში. ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ  ბიზნესმენთან შეუთანხმებლად გამოიტანა საბოლოო განჩინება ბიზნესმენის აფთიაქისა და მისი სახლ-კარის დაყადაღების შესახებ. არც აღსრულების ბიუროს და მითუმეტეს არც სასამართლოს არ გაუთვალისწინებია, თუ რა ღირებულების ინვენტარი და მედიკამენტები იყო აღრიცხული აფთიაქში. როგორც თორნიკე სორდია აცხადებს, მხოლოდ ჩამოწერილი სიები არსებობდა მედიკამენტებზე. სიაში მითითებული არ ყოფილა არც რაოდენობა და აღარც ამ მედიკამენტების საცალო ღირებულება.

“ეს იყო მიზანმიმართული კამპანია ჩემს გასაკოტრებლად. მათთვის მთავარი იყო ჩემი ჩამოშორება და ჩემთვის ყველაფრის წართმევა,”-აცხადებს ბიზნესმენი.

2011 წლის 11 იანვარს ბიზნესმენს დაულუქეს აფთიაქი და სახლ-კარი. ოჯახიდან გამოასახლეს შვიდი სული, რომელთაც წასასვლელი არსად ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ თორნიკე სორდიამ თხოვნით მიმართა წინა ხელისუფლების დროს სააღსრულებლო ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელს ნიკა მელიას, დახმარების ნაცვლად კუთვნილი სახლ-კარი და უძრავ-მოძრავი ქონება აუქციონზე დროზე ადრე გაუყიდეს.

ბიზნესმენის გაკოტრების საქმეში ფიგურირებს ვინმე კობა ბულია, რომელიც წინა ხელისუფლების დროს კონტრდაზვერვის დეპარტამენტში მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. თორნიკე სორდიას განცხადებით, ბულიამ მის სახლში არჩევნებამდე შეიარაღებული პირები შეასახლა და მას სახლის დაბრუნებას ცოტახანში დაჰპირდა, თუმცა ერთი პირობით, თუ ის სახლის დაბრუნების სანაცვლოდ 100.000 ამერიკულ დოლარს გადაუხდიდა.

“მითხრა სახლს გამოვიყენებთ სხვადასხვა საჭიროებისთვისო და მერე დაგიბრუნებთ მხოლოდ ერთი პირობითო. გადამიხადე 100.000 დოლარიო. არადა ჩემისახლი რომელიც შეფასებული იყო 300.000 ლარად, აუქციონზე 6.000 ლარად გაყიდეს”-აცხადებს თორნიკე სორდია.

კობა ბულია, რომელიც მეგის ქარდავას უახლოესი მეგობარია და თორნიკე სორდიას გაკოტრების საქმეს უშუალოდ ხელმძღვანელობდა, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში “ქართული ოცნების” გამარჯვებისთანავე ბიზნესმენს დაუკავშირდა და კატეგორიულად გააფრთხილა.

“დამირეკა და მითხრა, სიტყვა არ წამოგცდეს ჩემზე, არ გიცნობ, არ მიცნობო. არადა ეს ის კაცია, რომელმაც ფაქტიურად სახლი წამართვა და ამის შემდეგ მეუბნებოდა, ათას ლარს მოგცემ, ცოდვა ხარ, შენ ახლა საჭმლის ფულიც არ გექტნებაო”-აცხადებს თორნიკე სორდია.

ზუგდიდელი ბიზნესმენი თორნიკე სორდია წინა ხელისუფლების მიერ წართმეული ქონების დასაბრუნებლად სწორ და სამართლიან გამოძიებას ითხოვს. თორნიკე სორდია სამართლიანობის აღსადგენად საქართველოს პრემიერს ირაკლი ღარიბაშვილს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და მთავარ პროკურორს დახმარებას სთხოვს.

 

სხვა ახალი ამბები: