ექსკლუზივი: მესტიის რაიონის საჯარო სკოლებში დაწყებითი კლასების გაუქმებას ადგილობრივები აპროტესტებენ

0

2696მესტიის მუნიციპალიტეტის ათ საჯარო სკოლაში ე.წ შერწყმული კლასების გაუქმებას ადგილობრივი მაცხოვრებლები აპროტესტებენ. როგორც მშობლები აცხადებენ მესტიის რაიონის სხვადასხვა სოფლებში ე.წ შერწყმული კლასების არსებობას გამართლება სხვადასხვა იზეზების გამო ჰქონდა.

“მესტიის რაიონში საჯარო სკოლები დასახლებულ პუნქტებთან ორი, ხუთი და ზოგიერთ ადგილებში თექვსმეტი კილომეტრითაც არის დაშორებული. ეს შერწყმული კლასები სწორედ ამისთვის იყო ორიენტირებული, რადგან მცირეწლოვან ბავშვებს, რომლებიც ჯერ კიდევ დაწყებით კლასებში სწავლობენ, არ შეეძლოთ ამხელა მანძილის გავლა, მით უმეტეს ზამთრის პირობებში. თქვენ წარმოიდგინეთ 16 კილომეტრს რომ გაივლის 6-10 წლის ბავშვი, თანაც მშიერ მწყურვალი, მერე დასველებული გამოაშრობს შეშის ფეჩთან თავის ტანსაცმელს, მან რა უნდა ისწავლოს? ეს არის უდიდესი პრობლემა სვანეთში და ეს პრობლემა სწორედ ამ შერწყმული კლასებით გვარდებოდა. ბავშვებს სახლთან ახლოს ჰქონდათ სასიარულო და გზაში არ ითოშებოდნენ. ეს ყველაფერი კი ადგილობრივმა რესურსცენტრმა და სამინისტრომ გააუქმა. ჩვენ, მშობლები კატეგორიულად ვითხოვთ ისევ ამ შერწყმული კლასების აღდგენას.”-აცხადებენ მშობლები.

როგორც მშობლები აცხადებენ ჭუბერში,ბეჩოსა და მესტიის რაიონის კიდევ ბევრ სოფელში ადგილობრივმა რესურსცენტრის ხელმძღვანელმა სკოლებში ე.წ შერწყმული კლასები ახალი სასწავლო წლის დაწყებისთანავე გააუქმა. სწორედ მაშინ განემარტათ მათ, რომ შვილები საჯარო სკოლებში უნდა ეტარებინათ. ამის შემდეგ მშობლებმა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობას მიმართეს, თუმცა გამგეობაში განაცხადეს, რომ მათ ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

ის პადაგოგები, რომლებიც საჯარო სკოლებთან არსებულ ე.წ შერწყმულ კლასებში ასწავლიდნენ smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უკანონოა.

“არც კომისია შექმნილა და არც ოფიციალური ცნობა მიგვიღია იმის შესახებ, რომ ეს შერწყმული კლასები გაუქმებულიყო. გვაქვს მხოლოდ ზეპირი მითითება ადგილობრივი რესურსცენტრის ხელმძღვანელობისგან. ჩვენთვის ცნობილი არ არის არც განათლების სამინისტროს პოზიცია ამ გადაწყვეტილების შესახებ'”-აცხადებს ერთ-ერთი შერწყმული კლასის პედაგოგი.

როგორც smo.ge-სთვის ხდება ცნობილი, მესტიის რაიონში საჯარო სკოლებთან არსებული ე.წ შერწყმული სკოლების გაუქმების თაობაზე განათლების მინისტრს უკვე მიმართა მესტიის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თუმცა ოფიციალური გადაწყვეტილება განათლების სამინისტროს ჯერ არ მიუღია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge მესტიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილეს, ნელი ნავეერიანს დაუკავშირდა, რომელმაც დაწყებითი კლასების გაუქმება მესტიის მუნიციპალიტეტის ათ საჯარო სკოლაში დაადასტურა. გამგებლის მოადგილემ აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის გამგეობისა და მშობლების პოზიცია არსებულ საკითხთან მიმართებაში იდენტურია, თუმცა აქვე არსებობს საკითხის გადაწყვეტის სხვა ფორმებიც. ნელი ნავერიანი სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებაზე საუბრობს, რომლის მიხედვითაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს სპეციალური ავტობუსები მოემსახურებიან. თუმცა აქვე გამოიკვეთა სხვა პრობლემაც. ნავერიანის განცხადებით მკაცრი ზამთრის პირობებში ავტობუსები სრულყოფილ მომსახურებას ვერ შეძლებენ.

“სწორედ იმის გამო, რომ შესაძლებელია ზამთრის პირობებში ავტობუსებმა ვერ შეძლონ მოსწავლეებისთვის სრულყოფილად მომსახურება, ჩვენ მიგვაჩნია, რომ უნდა არსებობდეს ის ე.წ შერწყმული კლასებიც და ავტობუსიც. როცა შეუძლებელი გახდება ავტობუსის მოძრაობა, მაშინ მოსწავლეები მათ დასახლებასთან ახლოს მდებარე შერწყმული კლასებით ისარგებლებენ, სხვა შემთხვევაში კი მათ საჯარო სკოლამდე სპეციალური ავტობუსები მოემსახურებიან. სწორედ ამ ინიციატივით მივმართავთ ჩვენ განათლების სამინისტროს და იმედია ამაზე მივიღებთ დადებით პასუხს.”-აცხადებს ნელი ნავერიანი.

სანამ განათლების სამინისტრო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს, მესტიის ათი საჯარო სკოლის დაწყებით კლასებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია. მშობლები გადაწყვეტილების მოლოდინში არიან, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

 

სხვა ახალი ამბები: