ექსკლუზივი: ნაფტალინის სუნი ზუგდიდში: რა უნდოდა ანზორ ბურჯანაძეს ზუგდიდში?!

0

index”საუბარი იმის შესახებ, რომ თითქოს ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბში გადადიან სიმართლეს არ შეეფერება, თუმცა იყო ასეთი შემოთავაზებები და თან ძალიან ბევრი ისევ და ისევ ნინო ბურჯანაძის შტაბის მხრიდან. იყო შემოთავაზეებები ასევე სოლიდურ თანხებზე, რომელსაც ზონის კოორდინატორებს არჩევნების დასრულების შემდეგ სთავაზობდნენ. მინდა გითხრათ, რომ ზოგიერთი დათანხმდა კიდევაც ამ შემოთავაზებას და ეს განპირობებული იყო ფინანსური დაინტერესებით. უმრავლესობამ კი უარი თქვა.”

ამ სკანდალურ ინტერვიუს საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს ”ქართული ოცნების” სამეგრელოს ორგანიზაციის ერთ-ერთი მხარდამჭერი აძლევს, რომელიც აცხადებს, რომ ის ერთ-ერთი იმათგანია, რომელმაც უარი განაცხადა ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბში გადაბარგებაზე. ის ასევე აცხადებს, რომ ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები ზუგდიდის წინასაარჩევნო შტაბში მხოლოდ 9 კაცი გადავიდა.

”ამ ყველაფერს ბურჯანაძის შტაბში დიდი ნული მიუწერეს და თამნამად განაცხადეს და თან უტიფრად, რომ 90-მა ადამიანმა ზუგდიდის ორგანიზაცია დატოვა და მათ შეუერთდნენ. ეს არის მტკნარი სიცრუე”-აცხადებს smo.ge-ს რესონდენტი ”ქართული ოცნებიდან”.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ასევე ცნობილი ხდება, რომ დაახლოებით ერთი კვირის წინ სამეგრელოს რეგიონს პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის მამა, ანზორ ბურჯანაძე სტუმრობდა. გულუხვი მასპინძლობა ზუგდიდში ანზორ ბურჯანაძეს სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ბონდო ჯიქიამ და საქართველოს ყოფილმა პრემიერმა ოთარ ფაცაციამ გაუწიეს. smo.ge-ს ექსკლუზიური წყაროს ცნობით ანზორ ბურჯანაძემ ორი დღე ზუგდიდში, ოთარ ფაცაციას სახლში გაატარა, ხოლო დანარჩენი რეების განმავლობაში ის ჩხოროწყუში ანატოლი ლემონჯავას სახლში იმყოფებოდა. ცნობისათვის, ანატოლი ლემონჯავა მოსკოვში მოღვაწე ბიზნესმენის, მინდია გულუას თანაპარტიელი და გუნდის წევრია.

პრეზიდენტობის კანდიდატის მამა პირადად ხელმძღვანელობდა სამეგრელოში წინასაარჩევნოდ კოორდინატორების შერჩევასა და მათ გადაბირებას ”ქართული ოცნების” ორგანიზაციიდან ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბში. ანზორ ბურჯანაძეს ზუგდიდში ვიზიტისას თან ახლდა უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი ჯემალ გახოკიძე, რომელიც პრეზიდენტობის კანდიდატის მამას გვერდიდან არ მოშორებია.

”სწორედ ფაცაციას სახლში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები თუ როგორი ხერხებით გადაებირებინათ ”ქართული ოცნების” მხარდამჭერები ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბში. მათთან ერთად იყვნენ ბონდო ჯიქია, ზურაბ გოგოხია და ოთარ ფაცაცია. გარდა იმ პირებისა, ვინც უნდა გადაებირებინათ მათ შტაბში, იბარებდნენ ასევე ძველ პოლიციელებს, რომლებიც შევარდნაძის პერიოდში მუშაობდნენ.”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

საინფორმაციოი სააგენტო smo.ge პრეზიდენტობის კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის ზუგდიდის შტაბის ხელმძღვანელს ზამირა ღადუას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ ანზორ ბურჯანაძის ვიზიტთან დაკავშირებით დეტალები მისთვის უცნობია და პირველად ჩვენგან გაიგო. მან ასევე კომენტარი გააკეთა ”ქართული ოცნების” მხარდამჭერების ბურჯანაძის შტაბში გადასვლასთან დაკავშირებით.

”მე ამაზე ერთხელ გავაკეთე კომენტარი და მეტჯერ არ განვმეორდები. როცა გაიშლება წინასაარჩევნო კამპანია, ყველა ნახავს ვინ სად გადავიდა და ვის დაუჭერს მხარს. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, რომ გადმოვიდნენ არა მხოლოდ პარტია ”ქართული ოცნებიდან”, არამედ კოალიციური პარტიებიდან. მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით”-განაცხადა ზამირა ღადუამ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge დაკავშირებოდა ანზორ ბურჯანაძის მასპინძელს ზუგდიდში ოთარ ფაცაციას, თუმცა მას თელეფონი გათიშული ჰქონდა. ტელეფონი გათიშული ჰქონდა ასევე ნინო ბურჯანაძის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელს სამეგრელოს რეგიონში დავით ქანთარიას.

სხვა ახალი ამბები: