ექსკლუზივი: რევანში ანუ ვინ და რატომ დაჭრა კუდის ყოფილი მაღალჩინოსანი ზუგდიდში?

0

2014111712033510806922_740202512720459_869610267_nვინ და რატომ დაჭრა ირაკლი ფიფია ზუგდიდის ცენტრში? საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ჯერჯერობით გაუხმაურებელი დეტალები გახდა ცნობილი, რომელიც საზოგადოებისთვის ამ დრომდე უცნობია. შემთხვევის ადგილზე მისულ smo.ge-ს კორესპონდენტს ერთ-ერთმა თვითმხილველმა მომხდარი ფაქტის დეტალებიც გაანდო და პრეისტორიაც, რომელიც წინ უძღოდა კუდის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის დაჭრას.

“სანამ ფაქტი მოხდებოდა მეოთხე სკოლასთან მდებარე სამრეცხაოსთან დიდი ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რომელიც არც წუხელ დაწყებულა და არც გუშინწინ. ეს იმ დროიდან დაიწყო როდესაც თვითონ დაჭრილი უსასტიკესად ექცეოდა იმ ადამიანებს, ვინც ეს ამბავი წუხელ ჩაიდინა”-აცხადებს smo.ge-ს ექსკლუზიური წყარო.

ჩვენი რესპოდენტი აცხადებს, რომ ირაკლი ფიფია სიძის, მეგის ქარდავას დიდი გავლენით სარგებლობდა და მისთვის არასასურველ ადამიანებს იმაზე სასტიკად ექცეოდა, ვიდრე თავად “ლეგენდარული” მეგის ქარდავა. წყაროსგან ვიგებთ ინფორმაციას იმის შესახებაც, რომ ირაკლი ფიფია კუდის მაღალჩინოსანი იყო და ის სხვადასხვა დროს ჯერ სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნიაში, ხოლო შემდეგ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოდეერად მუშაობდა.

“ის იყო კუდის მაღალჩინოსანი და ძალიან დიდი გავლენით სარგებლობდა ჯერ მხოლოდ იმიტომ რომ მეგის ქარდავას ცოლის ძმა იყო, შემდეგ კი თავისივე სტატუსითაც. ირაკლი ფიფიას, ისევე როგორც მეგის ქარდავას ძალიან ბევრი პირადი მტრები ჰყავდა ზუგდიდში. ერთ-ერთი კი ძმები ჭითანავები იყო. მათ პირადად ირაკლი ფიფიამ გაუმწარა სიცოცხლე. როცა დაიჭირეს გოგა ჭითანავა, მაშინდელმა კუდის მაღალჩინოსანმა ირაკლი ფიფიამ ბევრი სისაძაგლე გაუკეთა. ეს იყო 2009 წელს როცა მას ნარკოტიკები მანქანაში ჩაუყარეს. შემდეგ კი 2010 წელს საქართველოც იძულებით დაატოვებინეს. 2012 წელს კი ირაკლი ფიფია ჭითანავების სახლში ავტომატით შევარდა და გოგა ჭითანავას ესროდა. წინ მას მისი ორსული და გადაუდგადა სიკვდილს გადაურჩა. სწორედ ამ დროს ფიფიას თან ახლდა ზონდერი რობერტ ალფენიძეც. ის ყვიროდა სად წახვალთო, ნახავთ რა დროც დადგებაო. ნიკო სიჭინავას მანქანით დადიოდა მაშინ კუდის თანამშრომლები, იჭერდნენ და ამწარებდნენ ხალხს. ასეთი უსაზიზღრესი დეტალები ძალიან ბევრია. მიზეზი კი მხოლოდ ერთი იყო, რომ ისინი უკმაყოფილო იყვნენ მიშას რეჟიმის გამო”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ წუხელ ირაკლი ფიფია სავარაუდოდ სწორედ ძმებმა ჭითანავებმა დაჭრეს, თუმცა ჯერჯერობით აღნიშნული ფაქტი არ დასტურდება.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად კი, ირაკლი ფიფიაზე თავდამსხმელები ჯერჯერობით დაუდგენელია, რადგანაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

დაჭრილი ირაკლი ფიფია მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე წუთში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის მრავალპროფილურ საავადმყოფო “რესპუბლიკაში” გადაიყვანა. დაჭრილი პაციენტი ამ დრომდე სტაციონალურ მკურნალობას გადის. ექიმების განცხადებით მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 118-ე მუხლით,  რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. არსებული ინფორმაციით პოლიციამ უკვე დაკითხა ავტოსამრეცხაოს თანამშრომლები, რომლებიც ინციდენტს შეესწრნენ, თუმცა უცნობია რა სახის ჩვენება მისცეს მათ სამართალდამცავებს. ირაკლი ფიფიას ოჯახი მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს.

სხვა ახალი ამბები: