ექსკლუზივი: სოხუმიდან გატაცებული ცხედრები და გადამწვარი სახლები გალში

0

87662952xanZariგალის რაიონის სოფელ სიდაში რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა ე.წ სპეცრაზმელებმა სიდაში აქუბარდიების კარ-მიდამო გადაწვეს. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წყაროს ცნობით ამის მიზეზი გუშინ, გვიან ღამით სოხუმის პროზექტურიდან, გალის რაიონში მოკლული ჯაკო აქუბარდიასა და ლევან ხარგელიას ცხედრების გატაცების ფაქტი გახდა, წყაროს თქმით ჭირისუფალმა პროზექტურის თანამშრომლის დახმარებით ცხედარი მალულად გაასვენა და სიდაში დამარხა.

“გადამწვარია ჯაკო აქუბარდიას სახლ-კარი. წუხელ გვიან ღამით სროლები იყო სიდაში და მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ სახლის დაწვის მიზეზი ცხედრების გატაცება გახდა. ორივე ოჯახი გახიზნულია სოფლიდან და არც ის იცის ვინმემ თუ სად დამარხეს ცხედრები”-აცხადებს smo.ge-ს წყარო.

რაც შეეხება ე.წ სპეცოპერაციის დროს დაღუპული მესამე ქართველის, გალის რაიონის სოფელ თაგილონის მკვიდრის ბაჩო ხურცილავას ცხედარს, ის ისევ სოხუმის პროზექტურაშია. აფხაზური მხარე ცხედრის გადმოცემაზე უარს აცხადებს.

“ბაჩოს დედა სოხუმში იმყოფება და მისი თქმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები ცხედრის გადმოსვენებაზე. სხვას ვერაფერს გეტყვით. გუშინ ველაპარაკეთ მათ და ასე გვითხრეს შესაძლებელია ცხედარი დღეს გადმოგვცენო და წუხანდელის მერე რამე სეიცვალა თუ არა ამას ნამდვილად ვერ გეტყვით რადგან მერე არ შევხმიანებივართ”-აცხადებს ზუგდიდის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ კახათში კობა ჩახაია.

აფხაზური საინფორმაციო საშუალებების ინფორმაციით კი პროზექტურიდან გვამები უცნობმა პირებმა გაიტაცეს, მათივე ცნობით პროზექტურიდან სამივე ცხედარია გატაცებული.

„დღეს დილით, 3-4 საათზე დაუდგენელმა პირებმა რესპულიკა აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროს შენობიდან სამი პიროვნების, ჯ. აქუბარდიას, ლ. ხარგელიას და ნ. ხურცილავას ცხედრები გაიტაცეს. აღნიშნული პირები ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლის, ედუარდ ნერსესიანისა და რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს თანამშრომლის, ანდრეი უდალცოვის მკვლელობაში  იყვნენ ეჭვმიტანილები. არსებული ინფორმაციით, ორმა მამაკაცმა, პროზექტურის თანამშრომელ ქალბატონს ხელი ჰკრა, ოთახში შეაღწია და ცხედრები უცნობი მიმართულებით, „გაზელის“ მარკის ავტომანქანით გაიტაცა“ – ნათქვამია აფხაზური საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აფხაზეური ე.წ სპეცდანიშნულების რაზმები და მძიმე ტექნიკა ამ წუთებშიც სოფელ სიდაში იმყოფებიან და დამარხულ ცხედრებს ეძებენ. სოფელში ისმის სროლის ხმა.

შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში მცხოვრები სამივე ქართველი 12 იანვარს სოფელ რეფში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლეს.

როგორც რუსული და აფხაზური მედია წერდა, სპეცოპერაცია გალის რაიონში მას შემდეგ დაიწყო, რაც ერთი დღით ადრე იქ მოქმედმა ბანდფორმირებამ სოფელ ჭუბურხინჯის მკვიდრი გელა გერგედავა გამოსასყიდის მიღების სანაცვლოდ გაიტაცა, თუმცა გერგედავამ გაქცევა მოახერხა და გალის რაიონის ე.წ სამართალდამცავ ორგანოებს დახმარებისთვის მიმართა.

სხვა ახალი ამბები: