ექსკლუზიური ინტერვიუ: ზუგდიდში დევნილთა აქციები “ნაციონალების” ოფისში იგეგმება

0

inkognitoზუგდიდში მეოთხე დღეა უკმაყოფილო დევნილები აქციებს მართავენ. მათი განცხადებით, ისინი უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ და საცხოვრებელი ბინები სწორედ ამ მიზეზით ვერ მიიღეს. პროტესტს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით რამდენიმე დევნილი გამოხატავს, რომელთა შორის ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს თავად დაუკავშირდა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის გამოქვეყნება სთხოვა. აფხაზეთიდან დევნილმა სააგენტოს კორესპონდენტს კონფიდენციალურობის დაცვა სთხოვა, რის შემდეგაც ინტერვიუს ჩაწერაზე დათანხმდა.

– მე მოგიყვებით ყველაფერს თავიდან ბოლომდე თუ ჩემს თხოვნას გაითვალისწინებთ.

– ჩვენ მზად ვართ მოგისმინოთ და ასევე დავიცვათ კონფიდენციალურობა.

– მაშინ ყველაფერს დავიწყებ იქიდან, რომ მე როგორც დევნილმა ვერ მივიღე ბინა. ამის მიზეზი იყო ის, რომ წლებია ნათესავის სახლში ვცხოვრობდი ოჯახით. დედასთან, მეუღლესთან და შვილთან ერთად. ვერ გეტყვით რომ არ გვიჭირდა, თუმცა იმითაც ბედნიერი ვიყავი, რომ თავშესაფარი გვქონდა, თუნდაც დროებით. ჩვენი ნათესავები რუსეთში ცხოვრობენ, იქ აქვთ ბიზნესი. წასვლამდე კი სახლ-კარი ჩაგვაბარეს. დაგვიტოვეს ერთი ძროხა, რომლითაც თავს ვირჩენდით. აქვე დაგვიბარეს, თუ ოდესმე რაიმე საშუალება გამოგჩნდათ სახლს მოგყიდითო, თუ არა და სანამ სხვა მყიდველი არ გამოჩნდება იცხოვრეთ და სახლ-კარსაც მოუარეთო. წელიწადნახევრის შემდეგ გავიგეთ, რომ ბინები შენდებოდა და აპლიკაცია უნდა შეგვევსო. შევავსეთ აპლიკაცია და ერთი ადამიანი, ოჯახის ნათესავი მოვიდა, რომელმაც შემოგვთავაზა შემდეგი. თუ თანხას მომცემთ გარანტირებული გაქვთ ბინის მიღებაო. ჩვენ არ გვქონდა ეს თანხა და რათქმაუნდა გავისტუმრეთ უარით. მოგვიანებით გავიგეთ, რომ ის ადამიანი, რომელმაც ეს შემოგვთავაზა ყველგან ასე თაღლითობდა.

– ანუ გამომდინარე აქედან თქვენ ბინა ვერ მიიღეთ?

– ვერ მივიღეთ რადგან სინამდვილეში ნახევარი, ანუ თანხის ნაწილი იმ სახლში სადაც ვცხოვრობთ გადახდილი გვაქვს. ფაქტიურად იქ ვცხოვრობთ, მაგრამ დამატებით ბინა ავიღეთ კიდევ ქალაქის ტერიტორიაზე ავარიულ შენობაში, სადაც სხვა დევნილებიც ცხოვრობენ. იმ ბინაში ერთი კვირით მივიდოდით მხოლოდ რომ ხალხისთვის თავი გვენახებინა.

– ანუ თვეში მხოლოდ ერთი კვირით მიდიოდით იქ?

– კი თვეში ერთხელ. და ამას ვაკეთებდით მხოლოდ იმიტომ რომ ახალი ბინები იქნებ მიგვეღო.

– და რა მოხდა მერე? ანუ თქვენი წინასწარ მოფიქრებული ფანდი არ გამოგადგათ?

– არა. დევნილთა სამმართველოში მითხრეს, რომ ჩვენ არ გვეკუთვნოდა ფართი, თუმცა სიებს მაინც იმედით ველოდით.

– და სიების გამოკვრის შემდეგ რა მოხდა?

– გამოვედი სხვებთან ერთად გარეთ და გავაპროტესტე.

– მაგრამ თქვენ ხომ არ გეკუთვნოდათ ბინა და ეს თქვენც ხომ კარგად იცოდით?

– ჩემნაირად ბევრი ყვიროდა და მეც ვიყვირე, ჩემი რა მიდიოდა ამით? მითხრეს გვერდით დაგვიდექი და მიიღებ იმას რაც საჭიროაო და დავდექი მეც მათ გვერდით.

– თქვენ ადრე ჩამოშორდით მათ და მიიღეთ რამე თუ?…

– მე მას მერე ჩამოვშორდი აქციებს, რაც გავიგე, რომ საქმეში “ნაციონალები” იყვნენ ჩართული.

– და ეს როგორ გაიგეთ?

– ერთ-ერთმა მითხრა, “ნაციონალები” გვეხმარებიან ყველაფერში და არ შეშინდეთო. წავედით გზის გადასაკეტად,მაგრამ ვერ გადავკეტეთ, პოლიციამ არ მოგვცა ამის საშუალება. იქ კი “ნაციონალები” პირველად ვნახე რომ გამოჩნდნენ. გუნავა ვიცანი და გელა თოლორაია საკრებულოს დეპუტატი.

– ოფისშიც იყავით მისულები რამდენადაც ვიცი ხომ?

– მე არ ვყოფილვარ იქ. რა ჯანდაბა მინდოდა მაგათთან ოფისში, სხვები სულ მიდიოდნენ, თვითონ იბარებდნენ თავიანთ ხალხს აქციიდან. მე როგორც გავიგე გუნავა საქმეში არ ჩარეულა იმ დღის მერე, რაც გზის გადაკეტვის მცდელობისას გამოჩნდა. აქციის მონაწილეები უფრო ლევან კონჯარიას ეკონტაქტებოდნენ.

– თქვენ გინდათ თქვათ, რომ “ნაციონალების” ოფისში იგეგმებოდა აქციის წევრების მოქმედების შემდეგი სვლები?

– კი. ზუსტად ასე იყო. “ნაციონალებს” უნდოდათ ამ აქციების პოლიტიზირება და ასეა დღემდე. ამ მიზეზით ჩამოვშორდი მე მათ. თან არ მეკუთვნის ბინა და ჩემსავითაა დევნილთა 50 პროცენტი. “ნაციონალების” ოფისში ვიცი რომ ახალ გეგმას ამუშავებენ. გეგმა შემდეგში მდგომარეობს. უნდათ უფრო ფართომაშტაბიანი სახე მიიღოს აქციებმა და ამაში ჩართონ არა მხოლოდ ადგილობრივი ოფისი, არამედ ცენტრალური ოფისი და საპარლამენტო უმცირესობა. “ნაციონალები”  9 წლის განმავლობაში აწამებდნენ დევნილებს, თბილისიდან გამოყარეს და გადაკარგულში. ფოცხო-ეწერში შეყარეს. ახლა კი უნდათ დევნილების სახელით ისარგებლონ და აქციები მოაწყონ და შექმნან დესტაბილიზაციის კერები. არ ჩავებმები ასეთ სისულელეში. არც ბინა მინდა ასეთი და არც ბინძური პოლიტიკური დივიდენდების მოსაპოვებლად სათამაშო თოჯინა გავხდე. იმედია ყველა გონზე მოეგება და ჩემსავით მიხვდებიან, თუ ვინ რაში იყენებს მათ.

 

სხვა ახალი ამბები: