ვანო მერაბიშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

2

merabishviliყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი ციხიდან ბოდიშს იხდის. ვანო მერაბიშვილის ტექსტი, რომლითაც ის საქართველოს საზოგადოებას ბოდიშს უხდის მისივე facebook-ის გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა. საინფორმაციო სააგენტო smo.ge გამოქვეყნებულ ტექსტს უკომენტაროდ გთავაზობთ.

„დღემდე ვფიქრობდი, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება ვიამაყებდი შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს განხორციელებული რეფორმებით. იმით, რომ ჩემს მეგობრებთან და ათასობით პოლიციელთან ერთად, რეგიონში ყველაზე კორუმპირებული და არაპოპულარული პოლიცია, ყველაზე პოპულარულ და არაკორუმპირებულად ვაქციეთ, რითაც ჩვენი რეფორმა ბევრი ქვეყნისთვის სამაგალითო გახდა. მე ვამაყობდი, რომ ჩემი მინისტრობის დროს არც ერთი პოლიტიკური ოპონენტი, ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი თუ არასამთავრობო ორგანიზაციის კრიტიკულად განწყობილი არც ერთი წარმომადგენელი არ მოუკლავთ, არ გაუტაცებიათ და უგზო-უკვლოდ არ დაკარგულან.

მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ დადასტურდა ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პოლიციელებმა მონაწილეობა მიიღეს ადამიანების წამებაში, ეს ჩემს წარმატებას ეჭვის ქვეშ დააყენებს. მე მინდა ვთქვა, რომ ჩემი მინისტრობის დროს მსგავსი რამ არ უნდა მომხდარიყო. მიმაჩნია, რომ ყველა ადამიანი ვინც ამ ფაქტში მონაწილეობას იღებდა უმკაცრესად უნდა დაისაჯოს. მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩემი მინისტრობის დროს პოლიციელების მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა. მინდა ბოდიში მოვუხადო ათასობით პოლიციელს, ვინც ჩემთან ერთად არ დაიშურა ენერგია და დაუღალავი შრომის, ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, საქართველო აქცია ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად. მე ვთხოვ საზოგადოებას, ეს რისხვა არ გადაიტანოს ყველა პოლიციელზე. მინდა ბოდიში მოვუხადო ჩემს პარტიულ მეგობრებს, რომლებმაც მანდეს ეს საპასუხისმგებლო თანამდებობები და მეხმარებოდნენ რეფორმების განხორციელებაში.

მე დავამტკიცებ, რომ ამ ფაქტებთან არავითარი კავშირი არ მაქვს. მე ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ცემის, წამების და არასათანადო მოპყრობის გამო რამდენიმე ასეული პოლიციელის დასჯის ფაქტი საკმარისი იქნებოდა, რომ მსგავსი პრაქტიკა პოლიციიდან მთლიანად აღმოფხვრილიყო. თუმცა, სამწუხაროდ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი და ჩემს სისტემაში გამოვლინდა დანაშაული, რომლის გამოც დღეს მე საზოგადოებას და ათასობით პატიოსან პოლიციელს ბოდიშს ვუხდი.“ – აღნიშნულია წერილში.

სხვა ახალი ამბები: