ვახტანგ ყოლბაიას განცხადებით ის თანამდებობაზე კანონიერად დაინიშნა

6
news როგორც ყოლბაიამ დღეს “პრაიმ თაიმის” პრეს–კლუბში დევნილთა საინიციატივო ჯგუფისა და “ევროპულ-დემოკრატიული ცენტრის” პრეტენზიების კომენტირებისას განაცხადა, „გარკვეული ორგანიზაციები მის საწინააღმდეგო განცხადებებს პიარისა და საზოგადოებისთვის თავის შეხსენების მიზნით აკეთებენ”.
მისივე შეფასებით, “ეს ორგანიზაციები ანგაჟირებულები არიან იმის გამო, რომ აღნიშნულ პოსტზე არანაკლებ ღირსეულ, თუმცა სხვა კანდიდატს უჭერდნენ მხარს”.
„მე აფხაზეთის მთავრობის მოვალეობის შემსრულებელი ვარ და იმავდროულად უმაღლესი საბჭოს დეპუტატად ვრჩები, რაც კანონდარღვევა არ არის. იმ ორგანიზაციებმა, რომლებიც ამბობენ, რომ ეს კანონდარღვევაა, არ იციან აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კანონები, კონკრეტულად კი – უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული რეგლამენტი, რომელიც ამის უფლებას იძლევა”, – აღნიშნა ყოლბაიამ.
რაც შეეხება ინფორმაციას მის მიერ თავის დროზე გალის რაიონში რაიკომის მდივნად მუშაობის შესახებ, ყოლბაიას თქმით, იგი ამ პოსტზე მხოლოდ 2 წელი მუშაობდა და ამ საქმიანობის შესახებ „დასამალი არაფერი აქვს”.
შეგახსენებთ, რომ დევნილთა საინიციატივო ჯგუფის შეფასებით, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 2013 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის დროებით შემსრულებლად აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატ ვახტანგ ყოლბაიას დანიშვნის შესახებ კანონდარღვევაა.
“საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს ეკავოს რაიმე თანამდებობა სახელმწიფო სამსახურში. ვახტანგ ყოლბაია კი დღეის მდგომარეობით არის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ამავდროულად, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი”, – ნათქვამია განცხადებაში.
არასამთავრობო ორგანიზაცია “ევროპულ-დემოკრატიული ცენტრის” განცხადებით კი, “აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებით აფხაზეთის უმაღლესმა საბჭომ დაარღვია საქართველოს კანონის “თავისუფლების ქარტიის” მე-8 მუხლის “ა” პუნქტი და მე-9 მუხლის 1 პუნქტის “გ” ქვეპუნქტი, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დროს, 1981-1989 წლებში, ვახტაბგ ყოლბაია გალის რაიონში რაიკომის მდივნის თანამდებობას იკავებდა, რასაც თავის ავტობიოგრაფიაში მიზანმიმართულად მალავს. შესაბამისად, მას არ აქვს ზემოაღნიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. გარდა ამისა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოს წევრს არ აქვს უფლება დაინიშნოს აღმასრულებელი ხელისუფლების წევრად. შესაბამისად, აფხაზეთის ა/რ უმაღლესმა საბჭომ საქართველოს კანონმდებლობის ეს ნორმაც დაარღვია, ვინაიდან ვახტანგ ყოლბაია არის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი”, – განაცხადა “ევროპულ-დემოკრატიული ცენტრის” ხელმძღვანელმა ირაკლი შეთეკაურმა.

სხვა ახალი ამბები: