ვინ გახდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი?

0

PicMonkey Collage სამეგრელოში პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ წრეებში საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ განხილვის საგანი გახდა ის, თუ ვინ გახდება სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი. გუბერნატორობის მსურველთა თუ ამ პოსტზე წარმოდგენილ კანდიდატთა სია დღითიდღე იზრდება.

საპრეზიდენტო არჩევნებიდან მეორე დღეს სამეგრელოში უკვე ალაპარაკდნენ იმაზე, რომ სამეგრელოს გუბერნატორის პოსტზე ახალი ხელისუფლება არასამთავრობო ორგანიზაცია “დაიცავი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის, კახა მიქაიას კანდიდატურას განიხილავს, თუმცა ესთავად კახა მიქაიამ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყო. მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით არავის არაფერი არ შეუთავაზებია.

სამეგრელოში ვრცელდება ინფორმაცია, რომ გუბერნატორის პოსტზე პრეტენზია აქვთ “ქართული ოცნების” ზუგდიდის საპრეზიდენტო შტაბის უფროსის მოადგილეს გოგა მამფორიას, ასევე პარტიზანული დაჯგუფება “თეთრი ლეგიონის” ყოფილ მეთაურს ზურაბ სამუშიასაც.

დღეს დილიდან ზუგდიდში ახალი კანდიდატურის შესახებას გავრცელდა ხმები. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო პოლიციის ყოფილი უფროსის სერგო ჩაჩიბაიას გუბერნატორად დანიშნვის შესახებაც გარკვეულ წრეებში ალაპარაკდნენ. არ გამორიცხავენ, რომ არჩევანი სწორედ ამ კანდიდატურაზე შეჩერდეს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით შემდეგი რამ გაარკვია. ამ დროისთვის გუბერნატორების დანიშნვის საკითხი ცენტრალურ ხელისუფლებაში ნაადრევად მიაჩნიათ, თუმცა კონკრეტულად სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პოსტზე სერიოზულად მხოლოდ ორ კანდიდატს განიხილავენ.

smo.ge-ს წყაროს ცნობით, “ქართული ოცნების” სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი ხვიჩა ჯიშკარიანი უკვე მეორე დღეა ოფიციალურ უწყებებში კონსულტაციებს გადის, ასევე კონსულტაციებზე თბილისში იმყოფება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაიაც. smo.ge-ს სანდო წყაროს ცნობით, ნოემბრის ბოლოს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიას ხვიჩა ჯიშკარიანი ან ედიშერ თოლორაია ჩაიბარებს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ხვიჩა ჯიშკარიანს დაუკავშირდა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაცია არც უარყო და არც დაადასტურა, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა. ჩვენ დაუკავშირდით ასევე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელს ედიშერ თოლორაიას, რომელმაც განაცხადა, რომ ჯერ ამ საკითხზე საუბარი ნაადრევია, თუმცა არ უარყო რომ მას ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები მაღალ ეშელონებში უკვე ჰქონდა.

ჯერჯერობით ღიად რჩება საკითხი თუ ვინ გახდება სამეგრელოს გუბერნატორი, თუმცა ეჭვგარეშეა, რომ ორი კანდიდატიდან ერთ-ერთი სამეგრელოს პირველი პირის სავარძელს აუცილებლად დაეპატრონება.

სხვა ახალი ამბები: