ვინ ჩაანაცვლებს თანამდებობიდან გადამდგარ გია ბარამიას?!

4

giorgi_baramia1აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც მთავრობის თავმჯდომარემ გია ბარამიამ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ განცხადება დაწერა. ჯერჯერობით გია ბარამიას განცხადება აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს არ დაუკმაყოფილებია, თუმცა გია ბარამიას შემცვლელი კანდიდატურების განხილვა უკვე აქტიურად დაიწყო.

smo.ge-ს მიერ მოპოვებული ინფორმაციით ამ დროისთვის განიხილება რამდენიმე კანდიდატურა. ესენი არიან ნინო ბურჯანაძის პარტიის ერთ-ერთი ლიდერი და საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი  ვახტანგ ყოლბაია, აფხაზეთის მინისტრთა კაბინეტის ყოფილი წევრი და ექს ჯანდაცვის მინისტრი დალილა ხორავა, “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს წევრი დავით ფაცაცია.

დავით ფაცაციას საინფორმაციო სააგენტო smo.ge დაახლოებით ერთი თვის წინ დაუკავშირდა, როცა გია ბარამია ჯერ კიდევ აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელი იყო, თუმცა მის შემცვლელად ფაცაცია განიხილებოდა. დავით ფაცაციამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა, რომ ისე მოიქცევა, როგორც ეს ქვეყანას და ხალხს დასჭირდება, სხვა კომენტარის გაკეთებისგან მან თავი შეიკავა. smo.ge დაუკავშირდა დალილა ხორავას, რომელმაც განაცხადა, რომ თავისი კანდიდატურის შესახებ ჯერ მას არაფერი გაუგია, თუმცა შეთავაზების შემთხვევაში უარს ნამდვილად არ იტყოდა.

“მე თუ დავჭირდები ახალ ხელისუფლებას და ჩემს დევნილებს უარს ამაზე ნამდვილად არ ვიტყვი. მე ყოველთვის მზად ვარ ქვეყნის და ჩემი დევნილების სამსახურში დავდგე”-აცხადებს დალილა ხორავა.

smo.ge ცდილობდა დაკავშირებოდა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერს ვახტანგ ყოლბაიას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა.

შეგახსენებთ, რომ აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარემ დღეს განცხადებით მიმართა ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ. სავარაუდოდ ხვალ უმაღლესი საბჭო აღნიშნულ საკითხს განიხილავს და გია ბარამიას განცხადებას დააკმაყოფილებს.

სხვა ახალი ამბები: