ვის ამხელს ლალი ანთია და ვინ ლობირებს სამეგრელოში დანიშნულ თანამდებობის პირებს?!

0

laliმე პირველ რიგში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს მინდა მივმართო მუხლდაჩოქილი და ვთხოვო მას უმორჩილესად რომ მოხედოს სამეგრელოს, ასეთივე თხოვნით მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც. დღეს მათი თანადგომა ყველაზე მეტად სჭირდება სამეგრელოს და მეგრელ ხალხს. ამაში არ იგულისხმება ეკონომიურად და სოციალურად დახმარება, არამედ იგულისხმება მორალური მხარდაჭერა და თანადგომა. დღეს სამეგრელოს თითქმის ყველა სფეროს ნაც-ზონდერები მართავენ ბატონებო და ამის ნათელი მაგალითია წალენჯიხის რაიონი. საკრებულოს თავმჯდომარე თავისი პირად გადაწყვეტილებებს თავს ახვევს საკრებულოს მორჩილ უმცირესობას და იღებს სათავისოდ სარგო გადაწყვეტილებებს. „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ დაარქვა ფრაქციას, რომლის არცერთი წევრიც არ არის ოცნების მხარდამჭერი. ფრაქციის 9 წევრიდან ცხრავე ნაციონალია და თან ისეთი, რომლებიც ძირს უთხრიდნენ წინასაარჩევნო პერიოდში „ქართულ ოცნებას“.  ამ ფრაქციის ერთ-ერთი წევრია მარინა კაკაჩია, რომელმაც კოალიციის ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი ალასანია წყალდიდობის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს ახლოს არ გააკარა და ფიზიკური წინააღმდეგობაც კი გაუწია. ის ასრულებდა „ნაციონალების“ აბსოლიტურად ყველა დაკვეთას და თითოეული წალენჯიხელი დაგიდასტურებთ, რომ ის იყო ნაცების ოფიციალური ზონდერი ქალი. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ქალმა ალასანია არ გააკარა ადგილობრივ მოსახლეობას და გიჟფანდურა მიშა სააკაშვილთან ერთად ხელიხელ ჩაკიდებულმა მდინარეც კი გადაცურა. მიშა დიდებით და ქებით გააცილა წალენჯიხიდან და თან გაატანა უთბილესი სიტყვები თავის მამა-მარჩენალს. „ბატონო პრეზიდენტო თან წაიღე წალენჯიხისა და სამეგრელოს სიყვარულიო“ ეუბნებოდა.  ეს ქალი წალენჯიხაში დღესაც ბობოქრობს, თუმცა ახლა „ქართული ოცნების“ ნიღაბს არის ამოფარებული და მისი მთავარი მბრძანებელი და მფარველი საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანიაა.

23 მაისს დავით ბელქანიამ და მისმა ლაქიებმა საკრებულოში საკრებულოს სხდომა დანიშნეს. არადა ამ დღეს წალენჯიხაში გლოვის დღე იყო გამოცხადებული. არანაირი მთავარი საკითხი სხდომაზე არ გაუტანიათ, უბრალოდ საკრებულოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი უგუნურობა და იგნორი გაუკეთა გლოვის დღეს. ამით მან შეურაცხყო თვით ავღანეთში დაღუპული ჯარისკაცის ვლადიმერ შანავას წმინდა სულიც. მან ერთი დღეც არ დადო პატივი გარდაცვლილი ჯარისკაცის სულს.

იმის შემდეგ, რაც გახმაურდა დავით ბელქანიას მიერ მოწვეული საკრებულოს სხდომის უმნიშვნელობა იმ დღეს, როცა წალენჯიხა დაღუპულ ჯარისკაცს გლოვობდა, ამ ფაქტს სარჩული მოუძებნეს და მერე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წალენჯიხის სპორტკომპლექისისთვის დაღუპული ჯარისკაცის სახელი მიენიჭებინათ. ამით თითქოს გამოხატეს ის, რომ საკრებულოს სხდომა სწორედ ამისთვის მოიწვიეს რაც ბლეფია.

დათო ბელქანია ის ადამიანია, რომელიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბში არჩევნებამდე 15 დღით ადრე მივიდა. წალენჯიხაში აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ ბელქანია „ქართული ოცნების“ შტაბში ხელდასმული იყო „კუდის“ ყოფილი უფროსის ზაალ ღურწკაიას მიერ. წინასაარჩევნო პერიოდში ზუსტად ხუთჯერ იყო დაფიქსირებული დავით ბელქანია ზაალ ღურწკაიასთან ღამის საათებში და ამის თვითმხილველებიც არსებობენ. მან წალენჯიხის ყველაზე დიდი სოფელი ჩაიბარა წინასაარჩევნოდ. ეს არის საზღვრისპირა სოფელი ფახულანი სადაც ორი საარჩევნო უბანი არსებობდა. დავით ბელქანიამ ამ დიდ სოფელში  ტოტალურად დამარცხდა და მან მხოლოდ 100 ხმა მიიღო „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ, რომელიც პროცენტულად 1 პროცენტს არ აღემატება. აი ასეთი უავტორიტეტო ადამიანია დავით ბელქანია, რომელსაც საკუთარ რაიონში არ ენდობიან.

მიუხედავად ამისა ის მოტყუებითა და როგორც თავად ამბობს „კრიშების“ ყოლით მიაღწია იმდენს, რომ ის მაინც „მოჯდა“ საკრებულოს თავმჯდომარედ. წალენჯიხის რაიონს მხოლოდ ის განაგებს ერთპიროვნულად და არავის არაფერს არ ეკითხება. არაფერს არ ეკითხება „ქართული ოცნების“ ადგილობრივ ოფისს, კიდევ მეტიც, ის მიზანმიმართულად სახელს უტეხავს „ქართული ოცნების“ წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარეს ბერდია კალანდიას.

ბელქანია საკრებულოში მთავარ და თბილ სავარძელს თავისი ბიზნესის ლობირებისთვის იყენებს. თანამდებობაზე მოსვლის დღიდან დღემდე ბელქანია მწყემსავს თავის მიკროავტობუსებს, ე.წ „ყვითელი ავტობუსი“ კი მოსპო რადგანაც ხელს უშლიდა მისი მიკროავტობუსების ბიზნესს, თუმცა ამაში პირადად მე შევუშალე ხელი. მისი ორლარიანი მიკროავტობუსები უნდოდა ერთლარიანი ყვითელი ავტობუსისთვის ჩაენაცვლებინა და მთელი ბიზნესი ხელში ჩაეგდო, თუმცა ამაოდ. ასევე მინდა ავღნიშნო ისიც, რომ წალენჯიხის ტყე-პარკის მშენებლობა, რომელიც უნდა დასრულებულიყო ნოემბრის თვეში ამჯერადაც არ არის დასრულებული. სამშენებლო კომპანიას ამისთვის ჯარიმებიც კი უნდა ეხადა ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ, თუმცა ლობირება აქაც ბელქანიამ გაუწია და საკრებულოს სხვა წევრების იგნორირებით თვითონ, ერთპიროვნულად მიიღო გადაწყვეტილება და ამავე კომპანიას სამუშაოების დასრულების დრო გადაუვადა. ამით მან წალენჯიხის ბიუჯეტი რამდენიმე ათასი ლარით აზარალა, რომელიც თავისთავად დანაშაულია.

წალენჯიხაში მართლაც უმართავი ხდება დღითიდღე სიტუაცია და მე მართლა მეშინია საბოლოოდ სავალალო შედეგებამდე არ მიგვიყვანოს ამ დაპირისპირებებმა. ამიტომაც მე კიდევ ერთხელ ვთხოვ პრემიერსა და შს მინისტრს მოხედონ დროზე სამეგრელოს. ირაკლი ღარიბაშვილისა და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი სამეგრელოში პიკს აღწევს. მთელ სამეგრელოს ამ ორი ადამიანის იმედი აქვს და ამ იმედს ნუ ჩავუქრობთ კოლხებს. მე მწამს მათი და მჯერა, რომ სწორედ ამ პუბლიკაციის შემდეგ ისინი სამეგრელოს, მეგრელ ხალხს შეეხმიანებიან.

რაც შეეხება სხვა თანამდებობის პირებს, მე ვგულისხმობ პარლამენტის წევრებს, სხვადასხვა კომიტეტებისა თუ ფრაქციის ხელმძღვანელებს. სამწუხაროდ მათი სატელეფონო საუბრებითაც კი არ ვართ განებივრებულები, რომ მივაწოდოთ რეგიონში მიმდინარე მოვლენების შესახებ სწორი და შეულამაზებელი ინფორმაციები.  ჩვენი დიდი სურვილია გვიპასუხონ ტელეფონებზე და უბრალოდ მოგვისმინონ.

-როგორ ემზადება სამეგრელო მოახლოებული საპრეზიდენტო არჩევნებისთვის?

-უკვე დაიწყო მზადება წინასაარჩევნოდ და ის ხალხი, რომლებიც გუშინ და გუშინწინ კოალიციაში შემავალი სუბიექტების ამინდს ქმნიდნენ, დღეს ჩუმად დადიან სამეგრელოს სოფლებში და მოსახლეობას ეუბნებიან რომ ხმა უნდა მისცენ ნაციონალების კანდიდატს ანუ იმას ვინც მონაწილეობას მიიღებს 5 ნომრით. რამდენადაც დაუჯერებლად უნდა ჟღერდეს, ეს სიმართლეა და მწარე სიმართლე, რომელსაც მუშაობა სჭირდება და მკაცრი კონტროლიც.

სამეგრელოში ისევ ის ხალხი იბრძვის და იღწვის, ვინც მთელი 9 წლის განმავლობაში ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმს. ისინი კი ვინც ამ 9 წლის განმავლობაში ფუფუნებასა და განცხრომაში ცხოვრობდა დღესაც ისეა. ყველანი იმავე თანამდებობებზე რჩებიან და კიდევ უფრო მეტიც, ზოგიერთ მათგანს თანამდებობრივი დაწინაურებებიც ხვდა წილად. ამაში ხელს უწყობს კოალიციაში შემავალი ზოგიერთი პარტიის წარმომადგენლებიც. ისევ და ისევ გრძელდება სამეგრელოში სატელეფონო ზარებით თანამდებობებზე დანიშნვა. თუ „პატრონი“ ჰყავს „ზემოთ“ ნებისმიერი ზონდერი იკავებს საპატიო ადგილს ადგილობრივ სტრუქტურებში. ჯერჯერობით სამეგრელოში ყველაფერი ისე გრძელდება, როგორც ეს იყო მთელი 9 წელი. სწორედ ამას სჭირდება შველა და მიხედვა, რომ შედეგი მერე არ მივიღოთ უფრო სავალალო.

სანდო წყარომ მაცნობა პირადად მე, რომ ჩემს წინააღმდეგ ზოგიერთი ვითომ „ქართულ ოცნებას“ მიკედლებული „ნაც-ოცნებისტები“ აპირებენ პროვოკაციების დაგეგმვას. პოლიციის ზოგიერთ ნაც-ზონდერებს არ აწყობს ჩემი ზედმეტი ხმაური და აქტიურობა, ამიტომაც ისინი მიდიან ყველაფერზე, რამაც შეიძლება მე სახელი მეტად და მეტად შემილახოს. ჩემდა სამწუხაროდ ეს ისევ ნაცნობი მეთოდებია, რომელი მეთოდებითაც მე მებრძოდნენ მთელი ეს წლები. უკვე გაშიფრულიც მყავს ბევრი თანამდებობის პირები, რომელთაც არ ვასახელებ ჯერჯერობით. ეს ის მეთოდებია, რომლითაც „კუდები“ და „სოდები“ მოქმედებდნენ მთელი 9 წელიწადი და ეს სამწუხაროა. ვიღაც ვიღაცეები ძალიან ცდილობენ დამაპირისპირონ ჩემს მეგობრებსაც კი, მაგალითისთვის კახა მიქაიას, რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობები მაკავშირებს და ჩემი უმცროსი მეგობარია. კახა მიქაიას და მე ერთი იდეა გვაკავშირებს-ბრძოლა სამართლიანობისთვის. აი ეს არ აწყობთ ვიღაც-ვიღაცეებს, მაგრამ არაფერი გამოუვათ, რადგანაც პირადად მე გავშიფრე ისინი დროულად. წინააღმდეგობა მაქვს და მექნება ყველა იმ პიროვნებასთან, რომლებიც მთელი 9 წელი მიშას სისხლიან რეჟიმს ემსახურებოდა და დღესაც იმავე თანამდებობაზე რჩება. არ შეიძლება ასეთი ადამიანები გამოსწორდნენ, რადგანაც მათ ძვალ-რბილში აქვთ გამჯდარი მიშას რეჟიმი და მის მიერ დანერგილი სპეციფიური ტექნიკა. არ ვენდობი იმ ხალხს, რომლებიც წყურვილს სისხლის სმით იკლავდნენ. ასეთი ვამპირები დღევანდელ ხელისუფლებას ვიტომ მხარს უჭერენ. ისინი ელოდებიან ოქტომბრის თვეს და საპრეზიდენტო არჩევნებს. ეს ყველაფერი კი მხოლოდ მოჩვენებითია ჯაბა. ის ხალხი რომლებიც 5-6 წელი მუშაობდნენ ვანიჩქას პოლიციაში და მხოლოდ 2 წელი  იყვნენ გათავისუფლებული მოჩვენებითად, დღეს თითქოს ოცნებას უჭერენ მხარს და უკავიათ მაღალი თანამდებობები, ამ ხალხის ნდობა შეიძლება?  არც არანაირად. თვითონ მოდიან სამსახურებში და პლიუს თავიანთ თანამშრომლებადაც ის ნაცები მოჰყავთ, რომლებიც მთელი 9 წელი ქართველ ხალხს  ტანჯავდა. ვერ დავიჯერებ რომ ისინი ახლა გამოსწორდნენ და ქვეყნის პატრიოტები არიანო. ეს ძალიან ძნელად დასაჯერებელია.

-თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?

– მე აქვე გაგიმხელთ, რომ იმ კვირისთვის ვსახავ ახალ გეგმას და  დავასახელებ სამეგრელოში დანიშნული თანამდებობის პირების სახელებსა და გვარებს და იმას თუ ვინ დგას მათ უკან. წალენჯიხიდან დავიწყებ და აბაშაში დავამთავრებ. ვის ასახელებენ ისინი თავიანთ ლობისტებად და ვის იმედად ინიშნებიან მაღალ თანამდებობებზე. ეს დაუშვებელია და განმეორება იმისი რაც 9 წელი ხდებოდა, ამიტომაც გაჩერებას არ ვაპირებ და ყველაფერს გავახმოვანებ. დროა დამთავრდეს ის თუ ვინ ვისი კლასელია, ან ვინ ვისი კურსელი და მეგობარია ან თუნდაც ვინ ვისი მამიდაშვილ-ბიძაშვილია. ის ხალხი, რომელიც მთელი სიცოცხლე რეჟიმს ებრძოდა და ქუჩაში იდგა, ისევ ქუჩაში დგას და შორიდან უყურებენ იმ რეჟიმის მოსამსახურეებს, რომლებიც ისევ ადგილზე რჩებიან. მეტიც, ისინი დასცინიან ამ ხალხს, აი ხედავთ, აირჩიეთ თქვენი ოცნება, მაგრამ ისევ ჩვენ ვართ მთავარ როლშიო? ყველგან ასეთი სიტუაციაა. იყვნენ ნაცები და ახლაც ყველგან არიან ისევ ნაცები, ცოტა სახეშეცვლილად. ახლა მათ „ნაცოცნება“ ჰქვიათ სამეგრელოში.

ეს არ არის ჩემი აზრი მხოლოდ, ეს ხალხის აზრია. ხალხი გაგიჟებულია იმით რაც დღეს ხდება სამეგრელოში. ის ვითარება რაც დღესაა შექმნილი სამეგრელოში აშკარად უკარგავს რეიტინგსა და ნდობას ჩვენს პრემიერს. ნამდვილად არ მინდა რომ ასე იყოს, და ნამდვილად არ მინდა ჩემს გვერდით ამბობდეს ნებისმიერი ადამიანი სამეგრელოში, რომ საქართველოში ახალი ხელისუფლების მოსვლით მხოლოდ სახეები შეიცვალა და სხვა არაფერიო. ამას ვებრძოდით და ამისთვის ვიბრძოლებ მანამ, სანამ ყველაფერს საკუთარი სახელი არ დაერქმევა. დროა, მართლაც დროა სიმართლის თქმის!

და ბოლოს დიდი მადლობა მინდა გადავუხადო  მთავარ პროკურორსა და შს მინისტრს იმისთვის, რომ საქართველოში ნომერ მეორე დამნაშავე სააკაშვილის შემდეგ, ვანო მერაბიშვილი დააკავეს. ის იყო მიშას ყველა უბედური შეკვეთის უდაო შემსრულებელი, ბიზნეს-რეკეტიორი და მკვლელი, რომელმაც ქართველი ახალგაზრდის გირგვლიანის სიცოცხლე შეიწირა და კიდევ ვინ მოთვლის რამდენის. სწორედ ვანო მერაბიშვილი იყო 7 ნოემბრისა და 26 მაისის აქციების დარბევის სულისჩამდგმელი და მთავარი სცენარისტი სააკაშვილთან და ბოკერიასთან ერთად. აი ასე უნდა გასამართლდეს სააკაშვილის რეჟიმის თითოეული წევრი. სწორედ მაშინ ვიგრძნობთ თავს ნამდვილად გამარჯვებულად. ის დღე, როცა მიშა სააკაშვილსაც ვანოსავით ხელზე ხელბორკილები დაედება აი მაშინ, იმ წამს დამთავრდება საქართველოში წამებისა და უბედურებების ხანა. მერწმუნეთ, რომ ეს მართლა ასე იქნება და ქართველი ხალხი ამით ღრმად ამოისუნთქავს.

სხვა ახალი ამბები: