ვლადიმერ ბედუკაძე – მოძალადე და… კანიბალი?!

0

0EDA48C7-A33A-4A31-A1C4-66513B7F3E0D_mw1024_n_s“მე, ელზა ჯმუხაძე, ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატი, ვაცხადებ და ძალიან გთხოვთ, უცვლელად დაბეჭდეთ – ბელგიიდან ჩამოსვლის შემდეგ ვლადიმერ ბედუკაძე გარეთ რომ გამოდის, ყმუილს იწყებს. თვის კენტ რიცხვებში კლავს ადამიანებს, შემდეგ ანაწევრებს და სახინკლეში აბარებს ამ ხორცს. ოღონდ იმ ხორცს აბარებს სახინკლეში, რომლის ჭამასაც ვერ ასწრებს. იმიტომ, რომ ახალი ხორცი უყვარს – უმი. ძალიან გთხოვთ, პირველ რიგში ეს დაწერეთ!”

ეს განცხადება “კვირის პალიტრასთან” მას შემდეგ გააკეთა ბედუკაძის ადვოკატმა, რაც “რუსთავი 2”-ის ეთერში ყოფილმა პატიმარმა ციხის ცნობილი კადრების ავტორი ვლადიმერ ბედუკაძე გაუპატიურებაში დაადანაშაულა.

ელზა ჯმუხაძე (ვლადიმერ ბედუკაძის ადვოკატი):

– რატომ ამბობთ, რომ ვლადიმერ ბედუკაძე კანიბალია?

– ეს იმავე ლოგიკით ვთქვი, რა ლოგიკითაც ბედუკაძე თურმე პატიმრებს აუპატიურებდა. მე პროკურატურას დავუსახელე და არც თქვენ დაგიმალავთ ამ “გაუპატიურებული” ადამიანის გვარს – ეს გახლავთ ვახტანგ ოქროპირიძე, ყოფილი პატიმარი, რომელიც მანამდე სულ სხვა პატიმარს უჩიოდა და აბრალებდა – გამაუპატიურაო. მაშინ არც ვლადიმერ ბედუკაძის გვარი ფიგურირებდა და არც “ბასტის”. სხვათა შორის, ჩემთან დღემდე მოდიან პატიმრები და მეუბნებიან, რომ ბედუკაძე იყო ერთ-ერთი, რომლის მორიგეობის დროსაც ადამიანს შეეძლო თავისუფლად ამოესუნთქა. აქედან გამომდინარე, ამუშავდა გარკვეულ პირთა წრე, რომლებიც ცდილობენ მის დისკრედიტაციას.

– ვინ არის ვახტანგ ოქროპირიძე?

– ერთი საცოდავი დაქირავებული კაცია, რომელსაც ალბათ ან ფული გადაუხადეს ანდა დააშინეს. ეს ყველაფერი ადეიშვილის ინტერესიდან გამომდინარეა. გახსოვთ ალბათ, როდესაც ადეიშვილმა ეს საქმე ვითომდა გახსნა, პირველი სერიოზული დარტყმა “ბასტის” და “ბუბუს” მიაყენა, ბედუკაძეს ვერ მიწვდა – წასული გახლდათ. დღეს, როდესაც ბედუკაძე უკვე აქ არის, სწორედ ის ხალხი გააქტიურდა, ვინც არაკომფორტულად იგრძნო თავი ცნობილი ციხის კადრების გამოქვეყნების შემდეგ. მოძებნეს კიდეც ერთი გზას აცდენილი, სულელი ადამიანი, რომელსაც კანონის არაფერი გაეგება. ბრალის წაყენება მხოლოდ ერთი პირის ჩვენებით არ ხდება, ვინც არ უნდა იყოს და რა ჩვენებასაც არ უნდა იძლეოდეს. ცრუ ჩვენების მიცემისთვის კი ვახტანგ ოქროპირიძე პასუხს აგებს. არადა, ოქროპირიძის ზღაპრების შესახებ სამი დღით ადრე ვიცოდი.13 თებერვალს, სანამ “რუსთავი 2”-ზე, 9-საათიან “კურიერში” პირველად გავიდოდა ეს სიუჟეტი, ორი საათით ადრე განვაცხადე, რომ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც ამას იტყვის-მეთქი.

– საიდან გქონდათ ეს ინფორმაცია?

– საქმეც ისაა, საიდან უნდა მცოდნოდა წინასწარ – პროკურატურის კანცელარიაში ვზივარ თუ ნათელმხილველი ვარ?! წინა დღით, ლამის ყოველ საათში ერთხელ მირეკავდა “რუსთავი 2”-ის პროდიუსერი, აინტერესებდა სად ვიყავი, – ბედუკაძის ინტერვიუ გვინდაო. არადა, ბედუკაძე ინტერვიუებს არ იძლევა. მე კი მეცინებოდა, რადგან ზუსტად ვიცოდი, რასაც აპირებდნენ. სადაც ეს სპექტაკლი იდგმებოდა, იქიდან მივიღე ინფორმაცია იმ პირის გვარით და სახელით. მეტსაც გეტყვით, მე მათი ვინაობაც ვიცი, რომლებიც შეიძლება აწი გამოჩნდნენ. 

– ვინ არიან?

– წინასწარ არ გავახმაურებ, მაგრამ ვპირდები, რომ არ დამეზარება და სათითაოდ ყველას ვუჩივლებ ცრუ დასმენისთვის. ვინც ამის შემდეგ გამოჩნდება, ყველას ერქმევა დაქირავებული, ცრუ მოწმე, რომლის უკანაც სისტემის მომხრეები მოიაზრებიან. “რუსთავი 2” რომ მედავება, ჩვენ სახე დავფარეთ, თქვენ კი სახელს და გვარს აცხადებთო, სად იყო იქ რამე დაფარული – არც ხმა იყო შეცვლილი, არც გარშემოწერილობა და ვახტანგ ოქროპირიძე ძალიან მარტივად ამოიცნეს ნაცნობებმა. არადა, თავის დროზე, პროკურატურის აბსოლუტურად წაშლილ კადრებზე სწორედ “რუსთავი 2”-მა ატეხა ერთი ამბავი, ეს რა ქენით, იდენტიფიცირება შეიძლებოდაო. ასე რომ, თუ ვინმე უდანაშაულობის პრეზუმფციაზე, პატივსა და ღირსებაზე ლაპარაკობს, მას პირველ რიგში “რუსთავი 2” არღვევს. არ ჩატარებულა გამოძიება, არ უთქვამს სასამართლოს, რომ ბედუკაძემ ვინმე გააუპატიურა და “რუსთავი 2” მიცხადებს ეთერში ამ ბრალდებას.

– ამ ეტაპზე კონკრეტულად ვის უჩივით?

– მე ვუჩივი იმ ადამიანს, ვინც პატივი და ღირსება შეულახა ვლადიმერ ბედუკაძეს. იგი არის ცრუ მოწმე და აუცილებლად პასუხს აგებს.

– კი მაგრამ, რა საშუალებები არსებობს ამის დასადგენად?

– ჩვენ ბიოლოგიურ ექპსერტიზას ვერ ჩავატარებთ. იმას ვერ დავადგენთ, იყო თუ არა ერთი პირი შემხებლობაში მეორესთან. აქედან გამომდინარე, უნდა არსებობდეს რაიმე სხვა მტკიცებულება. იგივე მოწმე, რომელიც ამას კიდევ ერთხელ დაადასტურებს.

– რომელი მოწმე, როგორ ფიქრობთ, იქ ვინმე იდგა და უყურებდა ბედუკაძეს და ოქროპირიძეს? 

– არსებობს უამრავი სხვა ფაქტორი, რომელიც ამას ამხელს. ჩვენ გავიგეთ, რომ გაიხსნა მთელი პაკეტი და ამოიღეს მოსასმენი აპარატურები და კამერები.ვლადიმერ ბედუკაძე ხომ არ გადაიღებდა თავისივე გაუპატიურების კადრებს?! აქედან დასკვნა, რომ ეს არის დადგმული სპექტაკლი, დაწერილი ტექსტი, რომელსაც თუთიყუშივით იმეორებს ეს საცოდავი კაცი. 

– ვის შეიძლებოდა დაეწერა ეს ტექსტი?


– ადეიშვილი რომ გაქცეულია, არ ნიშნავს იმას, რომ მკვდარია და მას კავშირები არ აქვს. თანაც ადეიშვილის გარდა აქ მხილებულია მთელი სისეტმა. ჩვენ ვცხოვრობთ კოჰაბიტაციის პირობებში. კოჰაბიტაცია თანაცხოვრებას ნიშნავს, მაგრამ როდესაც მოძალადესთან გიწევს თანაცხოვრება, გაუპატიურებულიც გამოდიხარ.

იგივეს აცხადებს ვლადიმერ ბედუკაძის მეორე ადვოკატი ლალი აფციაური:

– გამოძიება დაწყებულია. ოქროპირიძის გაზეპირებული და გაზუთხული ლაპარაკი ბევრში ეჭვს იწვევს. მაქვს ასევე ინფრომაცია, რომ ეს პიროვნება ასრულებს დაკვეთას. დამკვეთები შეიძლება იყვნენ ძველი ხელისუფლების წარმომადგენლები, ანდა სხვა პირები. ამას გამოძიების პროცესში გავარკვევთ.

გაზეთი “კვირის პალიტრა”

სხვა ახალი ამბები: