ვლადიმირ პუტინი მხოლოდ საქართველოში დამზადებულ “კოკა-კოლას” სვამს

0

koka-kolaვლადიმირ პუტინი მხოლოდ საქართველოში დამზადებულ “კოკა-კოლას” სვამს. “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი თემურ ჭყონია ადასტურებს, რომ საქართველოდან “კოკა-კოლას” მხოლოდ პუტინისთვის ყიდულობენ.

პუტინის ადმინისტრაციას სერიოზული შეცდომა მოუვიდა, პრეზიდენტის საიდუმლო შემთხვევით სააშკარაოზე გამოიტანეს, თანაც პუტინისა და პალესტინის ლიდერის შეხვედრაზე, რომელსაც სხვადასხვა ქვეყნის მედიასაშუალებები აშუქებდნენ. ეს მოხდა იმის ფონზე, როდესაც კრემლმა უხარისხობის მომიზეზებით რუსეთში ქართული პროდუქტი აკრძალა. თუმცა, რუსეთში არ უარყოფენ, რომ ქართული წყალი განსაკუთრებული, სასარგებლო თვისებებით ხასიათდება და მასზე დამზადებულ პროდუქტს ასევე განსაკუთრებული გემო აქვს.პუტინის რეზიდენციაში ნოვო-ოგორიოვოში რუსეთის პრეზიდენტი მოლაპარაკებას მართავდა პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელთან მაჰმუდ აბასთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ჟურნალისტებიც. სტუმრებს “კოკა-კოლა” შესთავაზეს, ბოთლს ბრენდის სახელწოდება ქართულად ეწერა, ხოლო მწარმოებელი ქვეყნის სახით მითითებული იყო საქართველო.

ამ ფაქტმა, ფაქტობრივად, მაჰმუდ აბასისა და პუტინის შეხვედრის მნიშვნელობა გადაწონა. რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის უფროსმა, ამ ყველაფერს, გაურკვევლობა უწოდა, ჟურნალისტებს საკითხის გარკვევასა და ზომების მიღებას დაჰ-პირდა. კერძოდ, ზომების მიღებისთვის ერთი ბოთლი სასწრაფოდ რუსეთის მთავარ სანიტარს გენადი ონიშჩენკოს გადაუგზავნა. “ეს ბოთლი, ყოველი შემთხვევისთვის ჩვენ გადავუგზავნეთ ონიშჩენკოს”, – განუცხადა პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს.

“აღშფოთებული” ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ქართული წარმოების “კოკა-კოლა” გასინჯა თუ არა ვლადიმირ პუტინმა და ამ სასმელს პრეზიდენტის სხვა სტუმრებსაც თუ სთავაზობდნენ. პრესსამსახურის უფროსმა მედია დაამშვიდა, რომ რუსეთის პრეზიდენტი “კოკა-კოლას” საერთოდ არ სვამს. სამუშაო სადილების დროს კი, ამ სასმელს არც სტუმრებს სთავაზობენ.

კომპანია “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას” დამფუძნებელი თემურ ჭყონია კი ირწმუნება, რომ პუტინი მხოლოდ ქართული წარმოების “კოკა-კოლას” სვამს, ვინაიდან ქართული წყალი, თავისი უნიკალური გემოვნებითი თვისებების გამო, “კოკა-კოლასაც” განსაკუთრებულ გემოს აძლევს.

“რეზონანსი”: რამდენი ხანია, რაც ქართული წარმოების “კოკა-კოლა” რუსეთში გადის?

თემურ ჭყონია: ზუსტად არ მახსოვს, დიდი ხანია.

“რ”: წელიწადში რამდენი ბოთლი გადის რუსეთის ბაზარზე?

თ.ჭ: არა, ბაზარზე არ გადის. მხოლოდ პუტინისთვის ყიდულობენ.

“რ”: ალბათ ხუმრობთ…

თ.ჭ: არა რას ვხუმრობ, ყველას ასე ჰგონია. პუტინი მარტო ქართული წარმოების “კოკა-კოლას” სვამს.

“რ”: გამოდის, რომ პუტინმა მასშტაბური რეკლამა გაუკეთა ქართული წარმოების პროდუქტს, მაინც რამდენს ყიდულობენ პუტინისთვის?

თ.ჭ: კი, ასე გამოდის, რომ რეკლამა გაუკეთა. რამდენ ბოთლს ყიდულობენ ზუსტი ციფრი არ მახსოვს, დაახლოებით, 2 ათას ყუთს წელიწადში.

“რ”: ვინ გაძლევთ შეკვეთას?

თ.ჭ: ამას ვერ გეტყვით, საიდუმლოა.

მართალია, თემურ ჭყონია ამბობს, რომ “კოკა-კოლა” მხოლოდ პუტინისთვის იგზავნება, მაგრამ საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ინფორმაციით, მოსკოვის სავაჭრო ქსელში ქართული წარმოების “კოკა-კოლა” თებერვალშიც შენიშნეს, თუმცა გამყიდველები ვერ აკონკრეტებენ, როდიდან იყიდება საქართველოში დამზადებული სასმელი მოსკოვში.

“ინტერფაქსის” ინფორმაციით, რუსეთში “კოკა-კოლას” წარმომადგენლობაში განაცხადეს, რომ “კოკა-კოლა” ბაზარზე საქართველოდან არ შემოდის, ვინაიდან ის რაოდენობა რომელსაც რუსული საწარმოები აწარმოებენ, სავსებით ჰყოფნის რუსულ ბაზარს. რუსეთის წარმომადგენლობაში ისიც განმარტეს, რომ ქართული “კოკა-კოლა” არაფრით ჩამოუვარდება სხვა ქვეყნებში წარმოებულ აღნიშნულ სასმელს.

გაზეთი “რეზონანსი”

სხვა ახალი ამბები: