ზარალის ანაზღაურებას ზუგდიდის მოსახლეობის ნაწილი სადაზღვევო კომპანიებისგან ითხოვს

0

11390376_1412239102436058_8191488119082648105_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონას მოსახლეობის ნაწილი ზარალის ანაზღაურებას სადაზღვევო კომპანია “ირაოს” თხოვს. მათი განცხადებით, სადაზღვევო კომპანიამ ადგილობრივი მოსახლეობისგან თხილის პლანტაციების დაზღვევის მიზნით 2014 წლიდან წლიური გადასახადი 24 ლარის აკრეფვა დაიწყო. დაზღვევა მოსახლეობის მხოლოდ ნაწილმა გააკეთა. იმავე სადაზღვევო კომპანიაში აქვთ დაზღვეული თხილის პლანტაციები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სხვა სოფლების მოსახლეობასაც. ადგილობრივები სწორედ ამ მოთხოვნით აპირებენ აქციის გამართვას და სადაზღვევო კომპანიისგან ვალდებულების შესრულებას.

“ჩვენ დავაზღვიეთ 2014 წლიდან ჩვენი პლანტაციები და ამიტომაც ვითხოვთ ზარალის ანაზღაურებას სწორედ ამ კომპანიისგან და არა მთავრობისგან. მთავრობა არ არის ვალდებული ჩვენ ზარალი აგვინაზღაუროს. ვალდებულება უნდა შეასრულოს სადაზღვევო კომპანიამ. მივმართეთ ადგილობრივ ოფისს “ირაოში” და გვიპასუხეს, რომ უნდა წავიდეთ ან ქუთაისში ან ბათუმში. ვითხოვთ ადგილზე მოგვიგვარდეს ეს პრობლემა. არაფერი უკანონო ამ მოთხოვნებში არ არის”-აცხადებენ სოფელ შამგონაში სადაზღვევო კომპანია “ირაოს” მიერ დაზღვეული მოსახლეობა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დილიდან ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ძირითადად ქარმა მოსახლეობის თხილნარი გაანადგურა. ადგილობრივების განცხადებით თხილის ნაყოფი ქარმა მთლიანად ჩამობერტყა. მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.