ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა (VIDEO)

0

DSC07492-636x395დღეს, ასოციაციამ „მერკური“  ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაცია გამართა.  აღნიშნული პროექტი,რომელიც გაეროს განვითარების პროგრამის დაფინანსებითა და ზუგდიდის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს  ბაღში არსებული ხე-მცენარეების გადარჩენას კონსერვაციას.

„სანერგე მეურნეობა ამჟამად გავერანებულია და გვინდა ბაღის ძველი მეცნიერ-თანამშრომლების დახმარებით  აღვადგინოთ ის და გადავარჩინოთ უნიკალური ენდემური და ეგზოტიკური ჯიშის მცენარეები“, -თქვა ასოციაცია მერკურის თავმჯდომარე ნანა თოდუამ.

ამასთან, ასოციაცია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის გადარჩენის ფონდის შექმნას გეგმავს, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეეძლება წვლილის შეტანა.

ბიოლოგიის დოქტორის  ლარისა თირქიას თქმით, ზუგდიდის მოსახლეობისთვის ბოტანიკური ბაღი არის ფასდაუდებელი საუნჯე, რომელიც ყოველდღიურად 274 ათას ტონა ნახშირორჟანგს შთანთქვას და  370 ათასზე მეტი ადამიანისთვის საჭირო ჟანგბადს გამოყოფს. ბოტანიკურ ბაღში არსებული ძვირფასი ჯიშის ხეებიდან, უთხოვარი და ამერიკული სექვოია გახმობის პირასაა მისული.

„ჩვენს მიერ გამოყვანილი იქნა  6 ძირი სექვოია, რომლითაც  შესაძლებელია გადავარჩინოთ ეს კულტივარი. რაც შეეხება უთხოვარს, რომელიც წითელ წიგნშია შეტანილი, მისი გადარჩენა და გამრავლება ძალიან ძნელია“, – ამბობს ლარისა თირქია.

ზუგდიდის მერიის არქიტექტორის  სამსახურის უფროსის ეკატერინე თოდუას თქმით, ბოტანიკური ბაღის საკითხი მერიისთვის არის მნიშვნელოვანი და აქედან გამომდინარე, ისინი განსაკუთრებული ყურადღებით ეკიდებიან სხვადასხვა ორგანიზაციიდან შესული წერილებს, რომლებიც ბოტანიკურ ბაღს უკავშირდება. მისივე თქმით, ზემოაღნიშნული პროექტის ფარგლებში მერია არასამთავრობო ორგანიზაციას ყოველდღიურად რამდენიმე მუშახელს დაახმარს.

არქიტექტორის  სამსახურის უფროსის განცხადებით, მერიას ბოტანიკურ ბაღთან მიმართებაში სხვადასხვა ღონისძიებების გატარება აქვს დაგეგმილი, მათ შორის ხელოვნური ტბის აღდგენა.

სხვა ახალი ამბები: