ზუგდიდის გამგებლის მოადგილე მისი ცემის ფაქტს პოლიტიკურად აფასებს

0

11039685_853963567998351_1115864097_nზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გიზო სართანიამ დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა. მისი განცხადებით მას დილის საათებში საკუთარ კაბინეტში ქალაქ ზუგდიდის მერიის “კეთილმოწყობის ცენტრის” უფროსი მამუკა ციმინტია და მისი მოადგილე დიტო სოსელია თავს დაესხნენ. სართანიას განმარტებით თავდამსხმელები მას დახრჩობას უპირებდნენ და  მესამე სართულიდან გადაგდებით ემუქრებოდნენ.

გამგებლის მოადგილე ფიქრობს, რომ ეს იყო პოლიტიკური თავდასხმა, რადგანაც ერთ-ერთი თავმდამსხმელი, მამუკა ციმინტია სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორის თენგიზ გუნავას ქვისლია. გამგებლის მოადგილე სამართალდამცავებმა უკვე დაკითხეს.

“ვიყავით ერთ ადგილას და “ნაციონალური მოძრაობის” მიერ 21 მარტს დაგეგმილ აქციაზე ვსაუბრობდით. ამ დროს  ვთქვით, რომ ის ხალხი, რომლებიც თვითმმართველ ორგანოებში არიან დასაქმებულები, შემჩნეულები არიან “ნაციონალურ მოძრაობასთან” კავშირში. ამ ხალხს ალბათ ის არ მოსწონს, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ იმ კადრების, რომლებიც  მერიასა და გამგეობაში  არიან დასაქმებულები. ისინი “ნაციონალური მოძრაობის”  “გადმონაშთები” არიან და ცდილობენ ხელი შეუშალონ ხელისუფლებას ქვეყნის მართვაში”, – აღნიშნა გიზო სართანიამ.

სართანიას თქმით, აღნიშნულ თავდასხმამდე იგი საკრებულოს წევრს, კახა მიქაიას ტელეფონით ესაუბრა და “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ აქციის დაგეგმვა შესთავაზა.

“მიქაიასთან  ვსაუბრობდი ე.წ. სამალავებში აღმოჩენილ სიაზე, რომლის მიხედვით ნაციონალები 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვეაში, შურს იძიებდნენ. სწორედ ამის შემდეგ მოხდა ჩემზე თავდასხმა. არ ვიცი ვინ მიაწოდა ინფორმაცია”, – თქვა გიზო სართანიამ და იქვე აღნიშნა, რომ საჭიროა ხალხს ის ფაილები ანახონ, რომელიც ამოღებულ იქნა სამალავებიდან.

ზუგდიდის გამგებლის მოადგილის გიზო სართანიას ცემის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის 125- ე მუხლით აღიძრა. ამ შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განაცხადეს.

აღნიშნული მუხლი ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით თხუთმეტ თვემდე გულისხმობს.