ზუგდიდის გამგეობასა და საკრებულოში მობილური ჯგუფები შეიქმნა

0

gamgeoba-636x395ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და მუნიციპალიტეტის საკრებულოში სპეციალური 40 კაციანი ჯგუფები შეიქმნა, რომლებიც მზად არიან ნებისმიერ დროს თბილისში, სტიქიის ზონაში გაემგზავრონ და დახმარება აღმოუჩინონ დედაქალაქის მოსახლეობას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს სატელეფონო საუბრისას განუცხადა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ, რომელიც უკვე თბილისში იმყოფება.

“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო მზად არიან დახმარება აღმოუჩინონ სტიქიის შედეგად დაზარალებულებს. ასევე მზად არის სპეციალური ჯგუფი, რომელიც შედგება 40 ადამიანისგან და ნებისმიერ დროს დედაქალაქის მოსახლეობას გაუწევს დახმარებას. მე პირადად აქ ვარ, წუხელ ჩამოვედი და მზად ვარ ფიზიკურადაც ჩავერთო და ვიმუშაო. სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ როგორც დედაქალაქის ადგილობრივ თვითმმართველობას, ასევე დაზარალებულ მოსახლეობას”-განაცხადა smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას ედიშერ თოლორაიას.

ორმოც კაციან ჯგუფს მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში ზუგდიდის გამგებელთან ერთად კოორდინაციას უწევს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია.

“მოხალისეებად ჩაეწერნენ ჩვენივე თანამშრომლები, ახალგაზრდები, რომლებიც მზადყოფნას გამოთქვამენ საჭიროების შემთხვევაში დედაქალაქში გაემგზავრონ და დაეხმარონ მოსახლეობას”-აცხადებს ლაშა გოგია.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში შეიქმნა ასევე ჯგუფები, რომლებიც შეაგროვებენ სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად პირველადი მოხმარების ნივთებს და პროდუქტს.

“ეს ჩვენი პირადი სურვილი და კეთილი ნებაა, რომ დავეხმაროთ სტიქიისგან დაზარალებულებს. ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას”-აცხადებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობასა და საკრებულოში დასაქმებული ადამიანები.

სხვა ახალი ამბები: