ზუგდიდის ”ზუგდიდს” ახალი მწვრთნელი ჰყავს

0

DSC_0250-636x395საფეხბურთო კლუბ „ზუგდიდში“, განხორციელებული საკადრო ცვლილების შემდეგ,  გუნდის ახალი მთავარი მწვრთნელი ბესიკ შეროზია საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა.

გუნდის დირექტორმა  გელა ინალიშვილმა  მოკლედ მიმოიხილა  არსებული ვითარება და ახალი მთავარი მწვრთნელი მედიას  წარუდგინა.  ინალიშვილმა ხაზი გაუსვა იმ მძიმე მემკვიდრეობას, როცა გუნდი  ფორსმაჟორულ პერიოდში, 26-ე ეროვნული ჩემპიონატის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე  ჩაიბარეს.  გუნდის დირექტორმა და ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, „ზუგდიდის“  ყოფილ მთავარ მწვრთნელს ნესტორ მუმლაძეს გაწეული საქმიანობისთვის  მადლობა გადაუხადა.

“ბესიკ შეროზიას, ისევე ,როგორც მის წინამორბედს, რთულ ვითარებაში უწევს გუნდის გაძღოლა, მაგრამ ოპტიმისტურად ვართ  განწყობილები და ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდა და ნიჭიერი სპეციალისტი შეძლებს გუნდის კრიზისიდან გამოყვანას. ნესტორ მუმლაძეს გაწეული საქმიანობისთვის კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდით, ხოლო ახალ მწვრთნელს გუნდთან ერთად წარმატებები ვუსურვოთ“.-განაცხადა გელა ინალიშვილმა.

“გადაჭრით ძნელია თქმა, გუნდი დარჩენილ ექვს ტურში, თუ რამდენ ქულას აიღებს, მაგრამ ფეხბურთელებისგან ჩემი უპირველესი მოთხოვნა არის, რომ ასპროცენტიანი ბრძოლა იყოს მინდორზე და გპირდებით, ამას ნამდვილად მივაღწევ!  გამომდინარე აქედან ,სიურპრიზებსაც არ გამოვრიცხავ – დეკემბრის შემდეგ უკვე სხვა გუნდზე იქნება საუბარი. ღრმად ვარ დარწმუნებული, ფინანსურადაც უკეთესი ვითარება გვექნება და უპირველესად, შევეცდებით, ნიჭიერი ზუგდიდელი ფეხბურთელები საკუთარ  გუნდში დავაბრუნოთ.  ბავშვთა ფეხბურთის განვითარებისთვის კი  ყველამ უნდა ვიმოქმედოთ კოორდინირებულად და ამ მიზნით, ჭაბუკთა სექტორს უდიდესი ყურადღება დაეთმობა. ზუგდიდურ გუნდს უნდა დაუბრუნდეს ის ბრძოლისუნარიანი სახელი, რაც წლების მანძილზე ჰქონდა. ამის შემდეგ, შეგვეძლება უფრო მეტ წინსვლაზე ფიქრი. დღეისათვის კი მხოლოდ ეს შემიძლია გითხრათ, თანადგომისთვის კი,  კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი ყველას.“-თქვა დღევანდელ წარდგენაზე გუნდის ახალმა მწვრთნელმა.

პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ბესიკ შეროზიამ   პირველი წვრთნა ჩაატარა.

სხვა ახალი ამბები: