ზუგდიდის მერიასა და ქალაქის საკრებულოში მობილური ჯგუფები შეიქმნა

0

gube3ზუგდიდის გამგეობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს პარალელურად მობილური ჯგუფები შეიქმნა ასევე ქალაქ ზუგდიდის მერიასა და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში. მობილური გგუფები მზადყოფნას გამოთქვამენ, რომ საჭიროების შემთხვევაში გაემგზავრონ სტიქიის ზონაში და დახმარება აღმოუჩინონ დედაქალაქის მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას განაცხადეს ქალაქ ზუგდიდის მერმა ირაკლი გოგოხიამ და ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მერაბ ქვარაიამ.

“ნებისმიერ დროს საჭიროების შემთხვევაში ქალაქ ზუგდიდის საკრებულოსა და მერიის თანამშრომლებისგან დაკომპლექტებული მობილური ჯგუფები მზად არიან დახმარება გაუწიონ სტიქიის ზონაში დაზარალებულ ადამიანებს. ჩვენ ველოდებით ნებისმიერ დროს მოთხოვნას დედაქალაქიდან დახმარებაზე და გავემგზავრებით, როგორც კი ამის საჭიროება დადგება”-აცხადებს ქალაქ ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.

მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები ასევე აგროვებენ სხვადასხვა საყოფაცხოვრებო და პირველადი მოხმარების ნივთებს, ასევე პროდუქტს, რომ გააგზავნონ დედაქალაქში სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად. ქალაქ ზუგდიდის ვიცე მერი პირადა უკვე გაემგზავრა თბილისში და საკუთარი სურვილით დახმარებას უწევს სტიქიის ზონაში დაზარალებულ ადამიანებს.