ზუგდიდის მოსახლეობას დასუფთავების საფასურის გადახდა დაეკისრა

0

5977ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობამ გასულ თვეს ელექტროენერგიისა და დასუფთავების ერთიანი ქვითარი მიიღო, რამაც მოსახლეობის ნაწილში გაუგებრობა გამოიწვია. სწორედ, აღნიშნულ საკითხზე იმსჯელეს საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე.

საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაიას განმარტებით,  დენისა და დასუფთავების ქვითარი ერთმანეთთან მხოლოდ ტექნიკურად არის დაკავშირებული და დასუფთავების მოსაკრებლის გადაუხდელობა ელექტოენერგიის გათიშვას არ გამოიწვევს.  თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარემ იქვე აღნიშნა, რომ გადაუხდელობა გამოიწვევს დავალიანების წარმოშობას , რაც  შესაბამისად  აღსრულების  ბიუროს გადაეცემა.

მერაბ ქვარაიას განცხადებით, თუკი მოსახლეობას დასუფთავების სამსახურთან და შესაბამის ქვითართან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდებათ, მერიასა და საკრებულოში მოქმედებს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები ყველა კითხვაზე მიიღებენ  პასუხს. ცხელი ხაზის ნომერია : (415)  25 05 52 –  ქალაქის მერია;  (415)  25 38 87 –  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო.

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები დასუფთავების მოსაკრებლის წინააღმდეგნი არიან. მათი თქმით, დასუფთავების გადასახადი მოსახლეობას არ უნდა დააწვეს და შესაბამისი თანხა ბიუჯეტში უნდა გამოინახოს.

აღნიშნული  საკითხის განხილვამ  “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და უმრავლესობის წარმომადგენლებს შორის კამათი გამოიწვია.  ყოფილი და ამჟამინდელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთმანეთს დაშვებული შეცდომები და შეუსრულებელი წინასაარჩევნო დაპირებები შეახსენეს.

ქალაქ ზუგდიდის თვითმმართველმა ორგანოებმა დასუფთავების მოსაკრებლის გადახდის შესახებ გადაწყვეტილება გასული წლის აგვისტოში მიიღეს.  დასუფთავების მოსაკრებელი თვეში  ერთ სულ მოსახლეზე 0,50 ლარით განისაზღვრა, თუმცა ოჯახის წევრის რაოდენობის მიუხედავად სულადობის მაქსიმალური ზღვრული -4 სული იქნება.  აქედან გამომდინარე, ოჯახის წევრების სიმრავლის მიუხედავად,  ოჯახს 2 ლარზე მეტის გადახდა არ მოუწევს.  დასუფთავების მოსაკრებლის გადახდისგან მხოლოდ  სოციალურად დაუცველი ოჯახები გათავისუფლდებიან.

სხვა ახალი ამბები: