ზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე გამოკეტილი ოთახების დაბრუნებას ითხოვს

0

1321779137_wedewზუგდიდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგები და არსაზრდელები ოთახების უქონლობას უჩივიან და ყველაფერი ეს იმის ფონზე, რომ სასახლეში ოთხი ოთახი არასამთავრობო ორგანიზაცია “ახალგაზრდული ცენტრის” მესვეურებს აქვთ გამოკეტილი. როგორც მშობლები და პედაგოგები საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-სთან საუბარში აღნიშნავენ აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის ხელშეკრულებით დადებული მემორანდუმის დრო გასული წლის მარტის თვეში ამოიწურა, თუმცა ცენტრის ხელმძღვანელობა და კოორდინატორები ოთახების გასაღებს სასახლის დირექციას მაინც არ უბრუნებენ. სწორედ ამის გამო მოსწავლეებს სხვადასხვა დარგში მეცადინეობები სასახლის დირექტორის კაბინეტშიც კი უტარდებათ, თავად დირექტორი კი საცეკვაო დარბაზში მუშაობს. კერძო საუბრებში მშობლები მთავარ მოქმედ ფიგურად ამ საქმეში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს გელა თოლორაიას ასახელებენ და აქვე დასძენენ, რომ სწორედ მას უდევს ჯიბეში გამოკეტილი ოთახების გასაღებების აცმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით SMO.GE გელა თოლორაიას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნა, რომ მას ამ ოთახებთან არაფერი აკავშირებს გარდა იმისა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციას კოორდინატორობას უწევდა.

“ვიცი რომ მე მაბრალებენ იმას, თითქოს მე მაქვს ამ ოთახების გასაღები და მიზანმიმართულად არ ვაბრუნებ უკან, არადა ეს ტყუილია. მე არაფერში არ მჭირდება სასახლის ოთახი ან რაში უნდა მაწყობდეს გასაღების შენახვა? ის გოგო, ვისაც აქვს ამ ოთახების გასაღებები ახლა თბილისშია და მას აუცილებლად დააბრუნებას, თუმცა იქ შიგნით რაც არის ინვენტარი მათ არ დარჩებათ, რადგან ეს ყველაფერი მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრებაში გადადის. ამის შესახებ იციან გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ და მისმა მოადგილეებმაც. ასე რომ ამ საქმეში მე არაფერ შუაში ვარ მერწმუნეთ.”-განაცხადა გელა თოლორაიამ.

ჩვენ ასევე დაუკავშირდით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაია ღურწკაიას, რომელმაც განაცხადა, რომ გამგეობას არანაირი ურთიერთობა არ აქვს არასამთავრობო ორგანიზაციებთან,რადგან მათ უფლებებში ჩარევა კანონითაც აკრძალულია. “გამგეობას არ აქვს უფლება მის საკუთრებაში მყოფი ობიექტები გააქირავოს ან თუნდაც მიყიდოს არასამთავრობოებს. ზუსტად ამ ფაქტთან დაკავშირებით თავად გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი დაგელაპარაკებათ, თუმცა მანამდე მინდა გითხრათ, რომ გამგეობა პირიქით გეგმავს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რესტავრირებას და ეს უკვე ბიუჯეტშიც ზის. მე გარწმუნებთ, რომ როგორც კი გამგებელი ზუგდიდში დაბრუნდება ეს საკითხი მოგვარდება და სასახლის გამოკეტილი ოთახების გასაღებები დირექციას დაუბრუნდება.”-განაცხადა მაია ღურწკაიამ.

სხვა ახალი ამბები: