ზუგდიდის პოლიციის სამი თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვეს

0

police5-636x395შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი: გელა ხ, ალექსანდრე კ. და ბესიკ ო. სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებისა და მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედებისთვის, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს, სამსახურიდან დაითხოვეს.

2015 წლის 22 აპრილს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ გელა ხ-ს დაუკავშირდა მისი ნათესავი, შს სამინისტროს ყოფილი მოსამსახურე, მოქალაქე რამაზ გ. და სთხოვა დაედგინა მისთვის მობილური ტელეფონის ნომრის მფლობელის დემოგრაფიული მონაცემები. გელა ხ-მ მასზედ რიცხული გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია აღნიშნული ინფორმაცია, რაც აცნობა მოქალაქე რამაზ გ-ს.

2015 წლის 1 აპრილს შს სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ინგურ-ქაღალდკომბინატის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელს, პოლიციის უფროს ლეიტენანტ ალექსანდრე კ-ს დაუკავშირდა მისი მეგობარი, მოქალაქე ენრიკო ხ. და სთხოვა გადაემოწმებინა კონკრეტული ავტომანქანა. ალექსანდრე კ-მ თავისი თანამშრომლის, ზურაბ ჭ-ს კუთვნილი გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში არასამსახურებრივად მოიძია ინფორმაცია, რომ აღნიშნული ავტომანქანა ბაზაში არ ფიქსირდებოდა.

2015 წლის 1 აპრილს შს სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თერჯოლის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პოლიციის კაპიტანი ბესიკ ო. დაუკავშირდა თერჯოლის რაიონული სამმართველოში მყოფ თანამშრომელს, სოფიო რ-ს, რომელსაც სთხოვა შს სამინისტროს შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS”-ის მეშვეობით, შს სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში მოეძიებინა ინფორმაცია სატრანპორტო საშუალებაზე, რაც სოფიო რ-მ შეასრულა. ამასთან, ბესიკ ო-მ სოფიო რ-ს არ განუმარტა, რომ აღნიშნული ინფორმაცია მას არასამსახურებრივად აინტერესებდა. ბესიკ ო-მ მოპოვებული მონაცემები შეატყობინა მოქალაქე თამაზ ჩ-ს.

შსს-ს თანამშრომლებმა: გელა ხ-მ, ალექსანდრე კ-მ და ბესიკ ო-მ ჩაიდინეს შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ (სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება) და „ვ“ (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, რაც მათი მხრიდან გამოიხატა შსს-ს შიდა სამსახურებრივ პორტალზე დაშვების პაროლის გენერირების მოწყობილობა „DIGIPASS“-ის არასამსახურებრივად გამოყენებაში, რითაც დაარღვიეს შს მინისტრის 2012 წლის 24 აგვისტოს N709 ბრძანება (აეკრძალოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს შიდა საინფორმაციო სისტემაში მონაცემების მოპოვება, გამოყენება ან გავრცელება არასამსახურებრივი მიზნით).

აღნიშნულ თანამშრომლებს შეეფარდათ შს სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი – სამსახურიდან დათხოვნა.

სხვა ახალი ამბები: