ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მგლები გამოჩნდნენ. მოსახლეობა შველას ითხოვს

1

newsზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მგლები გამოჩნდნენ. ნადირმა სოფლის მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან ადგილობრივი მაცხოვრებლები აცხადებენ, მგელმა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში დიდი რაოდენობით მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯა და ოჯახებს დიდი ზარალი მიაყენა.

“შინაურ ცხოველებს გარეთ ვერ ვუშვებთ. კატასტროფული მდგომარეობაა. მოადგება თუ არა საღამო ჟამი მგლები მთიდან ჩამოდიან და ჩვენს ეზოებშიც კი ახერხებენ შემოსვლას. უკიდურეს მდგომარეობამდეა მისული სოფლის მოსახლეობა და არ ვიცით რა ვქნათ. ღამის საათებში ვერ ვიძინებთ ისეთი ყმუილია. ჩემი ორი მსხვილფეხა საქონელი დაგლიჯა მგელმა, მეზობლებს კი 3-4 ძროხა დაუგლიჯა. გეუბნებით ააოხრეს მგლებმა აქაურობა. უკვე შიში გვაქვს იმის რომ საღამოჟამს გარეთ დავჯდეთ”-აცხადებს საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში ადგილობრივი გურამ ქირია.

მგლების შემოსევა სოფელ ცაიშის იმ ნაწილში შეინიშნება, სადაც ურთის მთა რამდენიმე მეტრშია. ძირითადად დაზარალებულები არიან ცაიშის ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიასთან მცოვრები ოჯახები.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო smo.ge ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპეციალურ სამსახურს დაუკავშირდა სადაც განაცხადეს, რომ ადგილობრივი ხელისუფლებისა და გარემოს დაცვის სამინისტროს ერთობლივი გადაწყვეტილებით, შეიქმნება სპეციალური ჯგუფები, რომლებიც მგლებს გაანადგურებენ. მუნიციპალიტეტის გამგეობა და გარემოს დაცვის სამინისტრო 12 მონადირის დაქირავებას აპირებს. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული მონადირე მოკლულ მგელზე შესაბამის მტკიცებულებას (გადაღებულ ფოტოსურათს და სხვა) წარმოადგენს, მას 500 ლარს ადგილზე აუნაზღაურებენ.

ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშის მოსახლება დაქირავებული მონადირეების მოლოდინშია.

სხვა ახალი ამბები: