ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილები ახალ ხელმძღვანელს ემადლიერებიან

0

1ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში, სადაც აფხაზეთიდან დევნილი რამდენიმე ოჯახი დროებით შესახლდა საკუთარი საცხოვრებელი ფართების კეთილმოწყობა თავად დაიწყეს. როგორც თავად დევნილებმა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს განუცხადეს ფართების კეთილმოწყობაში შეძლებისდაგვარად აფხაზეთის დევნილი მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობაც ეხმარება.

“აფხაზეთის მთავრობის სამეგრელოს წარმომადგენლობის ახალმა ხელმძღვანელმა ოთარ გოგოხიამ რამდენიმე დღეში გააკეთა ის, რაც მის წინამორბედს კილანავას თავისი მუშაობის მანძილზე ერთად არ გაუკეთებია. ეს რეალობაა და ამ რეალობას აქ, რაიონულ საავადმყოფოში ჩასახლებული დევნილების უმრავლესობა ხედავს. კიდევ უფრო მეტიც, აქ შესახლებული 50 ოჯახის სახელით შეგვიძლიია მადლობაც კი გადავუხადოთ აფხაზეთის მთავრობას, რომ ასეთი კაცი მოგვივლინა სამეგრელოში. ნამდვილად არის საქმის გამკეთებელი და რაც მთავარია გულთან ახლოს მიაქვს დევნილთა პრობლემები და გასაჭირი. ჩვენ ბატონ ოთარს ამის გამო “დედა ფუტკარიც” კი შევარქვით.”-აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული კავკასიის სახლის” ხელმძღვანელი ქეთინო ჯობავა, რომელიც დევნილია გალის რაიონიდან და სხვების მსგავსად თავადაც ამ საავადმყოფოს შენობაში ცხოვრობს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან მადლიერება გამოხატეს სხვა დევნილებმაც, რომლებიც პროგრესს ამ მხრივ ნამდვილად გრძნობენ.

დარეჯან თაკალანძე, რომელსაც 22 წლის შვილი ჰყავს და ავადმყოფობს ჩვენთან საკუთარ წუხილს გამოთქვამს, რომ არ აქვს შესაფერისი ცხოვრების პირობები, თუმცა ის იმედსაც არ კარგავს, რომ ყველაფერი გამოსწორდება და მალე უკეთეს პირობებსაც შეუქმნიან. იმავე აზრზეა დედა, რომელიც ოთხ ობოლ შვილს უმამოდ ზრდის. ფატმან ანჯაფარიძის თქმით მასაც აქვს იმედი, რომ მომავალი უკეთესი იქნება.

“მართლაც იმედიის ნაპერწკალი ჩაგვესახა გულში. ახალი წარმომადგენელი ოთარ გოგოხია თითქმის ყოველ კვირა გვაკითხავს და ეცნობა ჩვენს პრობლემებს და გასაჭირს. ეს კი ჩვენთვის დიდ რამეს ნიშნავს. წინა წარმომადგენელთან რომ მივდიოდით მხოლოდ ცარიელ სიტყვებს გვახვედრებდა. დევნილების მონახულებაზე ხომ საერთოდ ზედმეტი იყო საუბარი.”-აცხადებს ფატმან ანჯაფარიძე.

დევნილთა განცხადებით მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმასთან დაკავშირებით, რომ ისინი დროებით, ახალი საცხოვრებელი ფართების მიღებამდე ამავე შენობაში დარჩნენ. როგორც ქეთინო ჯობავა ამბობს ის თავად ელაპარაკა “ბლოკ ჯორჯიას” ხელმძღვანელს. მისივე თქმით მას უარი დროებით საცხოვრებელზე არ უთქვამს, თუმცა ისინი საბოლოო პასუხს მაინც ელოდებიან.

ფოტო

62543

სხვა ახალი ამბები: