ზუგდიდის საკრებულოში “ნაცმოძრაობის” კვოტით ტაგანროგის მერიის ყოფილი თანამშრომელი იყრის კენჭს

0

taganrogiiiზუგდიდის რაიონის სოფელ ახალსოფელში “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ”  რუსეთის ერთ-ერთი ქალაქის ტაგანროგის ყოფილი მაღალჩინოსანი, ეროვნებით ქართველი ფრიდონ ქადარია წარადგინა, რომელიც თავის დროზე პარტიამ მაჟორიტარად პაატა ღუბელაძის ნაცვლად ჩასვა. ამის მიზეზად “ნაცმოძრაობის” კულუარებში უფრო ადრე, მაჟორიტარად მოაზრებული ღუბელაძის “უდონობა” სახელდებოდა.

ფრიდონ ქადარია “ნაციონალური მოძრაობის” ზუგდიდის ორგანიზაციამ თბილისიდან ჩამოიყვანა. ქადარია ტაგანროგიდან დაბრუნების შემდეგ დედაქალაქში ცხოვრობს. ის საკუთარ სოფელში მხოლოდ ოთხ წელიწადში ერთხელ ჩამოდიოდა და ისიც მხოლოდ არჩევნების დროს. ფიდონ ქადარიამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას უარყო ის ფაქტი, რომ მას ოდესმე უმუშავია ტაგანროგის მერიაში, თუმცა დოკუმეტები საწინააღმდეგოს ამტკიცებენ.

ფრიდონ ქადარია 1991 წლამდე ტაგანროგში მერიის კომუნალურ სამსახურში მუშაობდა. 1991 წელს კი ის საქართველოში ჩამოვიდა და ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის პერიოდში ახალსოფლის გამგებლად დაინიშნა. გამგებლის მოვალეობას ქადარია სამი წელი, 1993 წლამდე ასრულებდა. smo.ge-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტაციის თანახმად 1993 წლიდან ფრიდონ ქადარია ისევ ტაგანროგში, იმავე თანამდებობაზე დაბრუნდა.

როგორც ქადარია აცხადებს, ის ამ დრომდე უმუშევარია, თუმცა ხარისხი დაცული აქვს და სოციოლოგიის მეცნიერებათა დოქტორია. აქვე მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დასძენს, რომ ის წლების განმავლობაში ჟურნალისტურ მოღვაწეობასაც ეწეოდა, თუმცა კითხვაზე თუ რომელ საინფორმაციო საშუალებასთან თანამშრომლობდა, პასუხი ვერ გაგვცა.

“არცერთ მედია საშუალებასთან არ ვთანამშრომლობდი, უბრალოდ ჩემთვის ვწერდი რაღაცეებს”-აცხადებს ფრიდონ ქადარია.

ფრიდონ ქადარია წარმოშობით ახალსოფლის მკვიდრია და როგორც თავად ამბობს ლენინის ორდენოსანთა ოჯახში დაიბადა. ხარისხდაცული დოქტორის სამსახურეობრივი კარიერა მხოლოდ ტაგანროგის მერიაში დასაქმებითა და ახალსოფლის გამგებლობით განისაზღვრა.

“მე ჩემმა თანასოფლელებმა წარმადგინეს სოფლის მაჟორიტარად და აქ არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა თუ რომელი პარტიიდან ვიყრი კენჭს. მთავარია ვემსახურო ჩემს სოფელს”-აცხადებს ქადარია, თუმცა იმავე სოფელის მოსახლეობა ცალსახად აღნიშნავს, რომ ფრიდონ ქადარიას სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნორმალურად არც იცნობს.

სხვა ახალი ამბები: