ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

1

aqciaამ წუთებში პრეზიდენტის რეზიდენციამდე მისასვლელი გზა გადაკეტილია ზუგდიდში. საპროტესტო აქცია რეზიდენციის ტერიტორიასთან რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაციები ”ქალები მშვიდობისათვის” და ”დაიცავი საქართველოს” ლიდერები ლალი ანთია და კახა მიქაია დღეს ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ვიზიტს აპროტესტებენ.

საპრეზიდენტო რეზიდენციასთან მიმდინარეობს მიტინგი და ადგილზე შეკრებილი რამდენიმე ათეული ადამიანი პატივს მიაგებს 2008 წლის 8 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს. აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი არ დაუშვებენ დღეს ზუგდიდში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლას და მით უმეტეს მის დარჩენას ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში.

შეგახსენებთ რომ დილიდან ვრცელდება ინფორმაცია ზუგდიდში საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სავარაუდო ვიზიტის შესახებ.

მიხეილ სააკაშვილი ენგურის ხიდს მოინახულებს, რის შემდეგაც ის ზუგდიდის საპრეზიდენტო რეზიდენციაში დაბინავდება. ღამეს საქართველოს პრეზიდენტი ზუგდიდში გაატარებს, ხოლო 9 აგვისტოს დილით ის წალენჯიხაში გაემგზავრება და ტობავარჩხილს მოინახულებს.

smo.ge-ს წყაროს ცნობით გამორიცხული არ არის რომ პრეზიდენტმა ამინდის გაუარესების გამო თავისი ვიზიტი ზუგდიდში გადადოს, თუმცა ჯერჯერობით ძალაში რჩება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი 17.00 საათზე უკვე ზუგდიდში უნდა იყოს. ოფიციალური ინფორმაცია პრეზიდენტ სააკაშვილის ზუგდიდში ვიზიტის შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge პრეზიდენტის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელს ნათია ბანძელაძეს დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ მან არაფერი იცის ამ ვიზიტის შესახებ.

სხვა ახალი ამბები: