ზუგდიდში მძღოლებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

0

images-cms-imageდილიდან ზუგდიდში შპს „პირამიდა და კომპანიას“ ოცდახუთამდე საქალაქთაშორისო მიკროავტობუსისა და ავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. მათი განცხადეებით ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომელსაც პერმანენტული ხასიათი მიეცემა თუ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ისინი აპროტესტებენ იმ ფაქტს, რომ კერძო პირი რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე ახალი ავტოსადგურის მშენებლობას გეგმავს, რის შემდეგაც ისინი სამუშაოს ავტომატურად კარგავენ.

„ეს სადგური იქნება გზის პირას და ჩვენთან არავინ შემოვა. შესაძლებელია მან მგზავრობის ფასსაც დაწიოს, რასაც ჩვენ ვერ ვაკეთებთ. ამით ჩვენ ფაქტობრივად უმუშევარი დავრჩებით. ამ ამბავს კი ჩვენ არაფრით არ დავთმობთ“, – აცხადებენ მიკროავტობუსის მძღოლები.

გაფიცულ მძღოლებთან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. მუნიციპალიტეტის თანამშრომლებმა მძღოლებს განუმარტეს, რომ ახალი ავტოსადგურის მშენებლობის დაწყების ნებართვა ჯერჯერობით გაცემული არ არის.

„მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ნებისმიერი მშენებლობის დაწყებას სჭირდება გამგეობის ნებართვა. აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით არანაირი მშენებლობის ნებართვა გაცემული არ არის“, – განმარტა გამგეობის ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა თენგიზ ქობალიამ.

მძღოლების გამაფრთხილებელი აქცია ზუგდიდში დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

 

სხვა ახალი ამბები: