ზუგდიდში საქველმოქმედო აქცია “ერთსულოვნების” დახმარება 30 ოჯახმა მიიღო (ვიდეო)

0

ertsulovnebis daxmarebaზუგდიდში საქველმოქმედო კონცერტის “ერთსულოვნება” ფარგლებში შემოსული თანხით შეძენილი ნივთები, კომპანიების მიერ გაღებული საყოფაცხოვრებო ტექნიკა და საკვები პროდუქტი უკიდურესად შეჭირვებულ 30 ოჯახს დღეს გადეცა.  მათ შორისაა აკობიების მრავალშვილიანი ოჯახი.  ტასო აკობია 8 მცირეწლოვან შვილთან ერთად რაიონული საავადმყოფოს ყოფილ შენობაში, ერთ ოთახში ცხოვრობს.  საქველმოქმედო აქციის ფარგლებში მათ საკვები პროდუქტი და საოჯახო ნივთები გადასცეს.

“ვცხოვრობთ უკიდურესად ცუდ პირობებში. საკვები პროდუქტი და საოჯახო ტექნიკა მოგვიტანეს. გარდა ამისა, ქალაქის საკრებულო გვპირდება, რომ უახლოეს მომავალში აქედან გაგვიყვანს და უკეთეს პირობებში გვაცხოვრებს”, – თქვა ტასო აკობიამ.

საქველმოქმედო აქციის ფარგლებში შეგროვილი შემოწირულობების გადაცემას ქალაქის საკრებულოს თანამშრომლები, აქციის ორგანიზატორები და სასულიერო პირები დაესწრნენ.

“მართალია, ეს აქცია ამ ადამიანებისთვის მცირედია, მაგრამ ვფიქრობთ, რომ მსგავსი ღონისძიებები მომავალშიც განხორციელდება და იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდებათ ჩვენი მზრუნველობა, მხარდაჭერა არ უნდა მოვაკლოთ”, – ამბობს ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია.

ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მიტროპოლიტის, მეუფე გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის კულტურის ცენტრ “ოდიშის” საკონცერტო დარბაზში საქველმოქმედო აქცია-კონცერტი “ერთსულოვნება” 8 იანვარს გაიმართა.