ზურაბ ხურციას გარდაცვალების შესახებ მის ოჯახს უკრაინის პოლიციამ შეატყობინა

0

kiev-gardacvlili-qartvelebiუკრაინაში, მაიდანთან ახლოს დაღუპული ზურაბ ხურცია უკრაინაში ორი წლის წინ წავიდა. მას კიევში საკუთარი მცირე ბიზნესი ჰქონდა, რითაც ის თავს ირჩენდა და ოჯახსაც არჩენდა. ზურაბ ხურციას სენაკში, სანაიას ქუჩაზე საკუთარი სახლი აქვს. მას ოჯახში დედა და და-ძმა ჰყავს. როგორც ხურციას მეზობლები ამბობენ ის სენაკში დაიბადა, თუმცა ოჯახი ომამდე გაგრაში ცხოვრობდა.

“უპატიოსნესი ადამიანი იყო. ორი წლის წინ წავიდა უკრაინაში და იქ მცირე ბიზნესი ჰქონდა, რითაც საკუთარ ოჯახს არჩენდა. როცა უკრაინაში არეულობა დაიწყო, მეზობლები ვეკითხებოდით დედამისს, მიტინგები რომ იმართება და დესტაბილიზაციაა არ გეშინიაო? ის ისეთი პატიოსანი ადამიანი იყო რომ ამ მიტინგებზეც არ დადიოდა, რადგან მას თავისი საქმე ჰქონდა. ეს, რაც დღეს მოხდა იყო სრულიად შემთხვევითი რამ, რასაც საუბედუროდ შეეწირა ეს უდანაშაულო ადამიანი”-ამბობენ ხურციას მეზობლები.

ზურაბ ხურციას ძმის განცხადებით ის დღეს ძმას ურეკავდა საქმესთან დაკავშირებით, თუმცა საკუთარ ნომერზე არ პასუხობდა.

“დღეს ოთხჯერ დავურეკე და ნომერზე არ მპასუხობდა. ეს არც გამკვირვებია, რადგან ქარხანა იყიდა ახლახან და როცა იქ იყო ხმაურში დარეკილს ვერ იგებდა. მეც ეს ჩვეულებრივად მივიღე, თუმცა როცა უკვე მეხუთედ დავრეკე ვიღაც კაცმა მიპასუხა, რომელიც პოლიციის გამომძიებელი აღმოჩნდა. როცა ვკითხე სად არის ზურაბითქო, მან მიპასუხა, ის ცოცხლებს შორის აღარ არისო. ამის შემდეგ უკვე აღარ მახსოვს არაფერი”აცხადებს გარდაცვლილის ძმა.

ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება ზურაბ ხურციას ცხედრის უკრაინიდან საქართველოში გადმოსვენება. საქართველოს საკონსულო უკრაინაში ოფიციალურ დოკუმენტებს ამზადებს, რის შემდეგაც გაირკვევა ცხედრის გადმოსვენების თარიღიც.