თამარ ბერუჩაშვილი: “ვიმედოვნებთ, რომ გალში შეხვედრები სრული შემადგენლობით აღდგება”

0

news_56824საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სრული შემადგენლობით აღდგენას იმედოვნებს. მან ეს განცხადება ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ლამბერტო ზანიერისთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ქართული მხარის მზაობა, კვლავ გააგრძელოს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან კონსტრუქციული თანამშრომლობა, რათა კონტრეტული შედეგები იყოს მიღწეული.

„შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე აღვნიშნეთ პოზიტიური მომენტები ჩვენს თანამშრომლობაში, კერძოდ, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში შეხვედრებში ეუთოს თავმჯდომარეობის სპეციალური წარმომადგენლის მონაწილეობასთან დაკავშირებით. ვიმედოვნებთ, რომ საერთაშორისო საზოგადოების ძალისხმევით გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმი სრული შემადგენლობით აღდგება, რომელიც 2012 წლიდან არის შეჩერებული“, — განაცხადა ბერუჩაშვილმა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე დადასტურდა ქართული მხარის დაინტერესება, კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესში ეუთოს მონაწილეობა სხვადასხვა გზით, მათ შორის, საქართველოში ეუთო-ს სრულფასოვანი მისიის აღდგენით გაფართოვდეს, „რაც რუსეთის არაკონსტრუქციული პოზიციის გამო აქამდე ვერ ხერხდება.“