სამსახურიდან დათხოვილი 9 სოფლის რწმუნებული ხობის გამგებელს უპირისპირდება

0

gamgebeli-gocha qajaiaხობის რაიონის 9 სოფლიდან ახლადარჩეული გამგებლის მიერ სამსახურიდან დათხოვნილი სოფლის რწმუნებულები სამსახურიდან მათ უკანონო გათავისუფლებას აპროტესტებენ. სოფლის რწმუნებულები გოჩა ქაჯაიას ღიად უპირისპირდებიან და აცხადებენ, რომ ხობის გამგებელმა რაიონის ტენდერები საკუთარ ნათესავებზე გადაანაწილა. სოფლის რწმუნებულები ხობის გამგებლის წინააღმდეგ პროკურატურაში ჩივილს აპირებენ. როგორც smo.ge-სთან განაცხადეს საქმეს პროკურატურაში სოფლის პროგრამებთან დაკავშირებით შეიტანენ.

“სოფლებში სოფლის პროგრამა ისე ხორციელდება, რომ არც კი უკითხავთ ადგილობრივებისთვის მათ რა სჭირდებოდათ. კონკრეტულ მტკიცებულებებს პროკურატურაში შეტანილ მასალებში ჩავდებთ. რაც შეეხება სამსახურიდან ჩვენი გათავისუფლების საკითხს, ეს იყო უკანონო. ქაჯაია და მისი გუნდი “ოცნების” ქურქში გახვეული “ნაციონალები” არიან. ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ სამართლიანობისთვის”-აცხადებენ სამსახურიდან დათხოვილი სოფლის რწმუნებულები.

ყოფილი რწმუნებულების ბრალდებებს პასუხობს ხობის გამგებელი გოჩა ქაჯაია და აცხადებს, რომ ეს არის გაბრაზებული ადამიანის პოზიცია და რასაც ისინი ამბობენ სიმართლეს არ შეესაბამება. რაც შეეხება 9 სოფლის რწმუნებულის თანამდებობიდან გათავისუფლებას, ხობის გამგებელი ამბობს, რომ ეს ახალი კანონის და ახალი რეგულაციების დასაწყისია.

“კანონი ძალაში შევიდა 1 აგვისტოდან. ყველა სოფელში გაუქმდა სოფლის რწმუნებულის სტატუსი და ისინი ამიერიდან იქნებიან გამგებლის წარმომადგენლები. გამომდინარე აქედან, ჩვენ შევარჩიეთ ახალი კადრები, რომლებიც დროებით მოვალეობას შეასრულებენ. რაიმე უჩვეულო და ახალი ამაში არ არის”-განაცხადა smo.ge-სთან საუბრისას გოჩა ქაჯაიამ.

სხვა ახალი ამბები: