თბილისის მერიამ ამინდის გაუარესების გამო მოხალისეებსა და მაშველებს სტიქიის ზონის დატოვებისკენ მოუწოდა

0

zoonaaთბილისის მერია ვერეს ხეობაში მყოფ მოხალისეებსა და მაშველებს მოუწოდებს, სტიქიის ზონა დატოვონ. ამინდის გაუარესების გამო მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ამ დროისთვის, სტიქიის ზონიდან მოხალისეებისა და მაშველების გამოყვანა მიმდინარეობს.

ამასთან, მერიაში განმარტავენ, რომ მერიის აღნიშნული განცხადება არ ეხება ვერეს ხეობაში საცხოვრებელ კორპუსში მყოფ მობინადრეებს. როგორც ჟურნალისტებს თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ განუცხადა, ხევიდან მიმდინარეობს ტექნიკის და ადგილზე მომუშავე ხალხის გამოყვანა. მისივე თქმით, მოსალოდნელია ძლიერი წვიმა. სუდაძის განმარტებით, სამუშაოების შეჩერების გადაწყვეტილება უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე იქნა მიღებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თბილისში სტიქიის ზონაში ევაკუაცია გამოცხადდა, სიმართლეს არ შეესაბამება.