თეა თუთბერიძე:- “ახალაიები სააკაშვილისა და მერაბიშვილის დაპირისპირებას შეეწირნენ”

0
img_intro_news_big“თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების” ინსტიტუტის წარმომადგენლის თეა თუთბერიძის მტკიცებით, “ახალაიები სააკაშვილისა და მერაბიშვილის დაპირისპირებას შეეწირნენ”.
“ახალაიები სააკაშვილის მთავარ დასაყრდენს წარმოადგენდნენ და ახლა ამისთვის ისჯებიან. ეს გამოჩნდა არჩევნებამდე რამდენიმე ხნით ადრე, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა, მერაბიშვილი ძალოვანი უწყების კონტროლისთვის ჩამოეცილებინა და პრემიერ-მინისტრად გადაეყვანა. მართალია, თავდაცვის მინისტრად მერაბიშვილის კადრი – შაშკინი დაინიშნა, მაგრამ მისი მოადგილის პოსტი დათა ახალაიამ დაიკავა”, – განუცხადა ჟურნალისტებს თუთბერიძემ.
ამის დასტურად მიიჩნევს “თავისუფლებისა და დემოკრატიის განვითარების ინსტიტუტის| წარმომადგენელი იმ ფაქტსაც, რომ “6 თვეზე მეტი გავიდა, რაც ბაჩო ახალაია დაკავებულია და მერაბიშვილს მის დასაცავად ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია”.
“უფრო მეტიც, მისმა ყოფილმა მოადგილემ ჩვენება ახალაიას წინააღმდეგ მისცა, რაც ბევრ რამეზე მეტყველებს” – დასძინა მან.
ამასთან, თუთბერიძემ მერაბიშვილი “ქართულ ოცნებასთან” გარიგებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
“ის ან ვერ ხედავს საფრთხეებს, ან აქვს რაღაც ისეთი, რის გამოც ვერ ახერხებს, ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ განცხადებებს ადეკვატურად დაუპირისპირდეს”, – განაცხადა თუთბერიძემ დღეს “პირველი რადიოს” რადიო-კლუბში სტუმრობისას და იქვე დასძინა, რომ “მერაბიშვილის განცხადებები პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებზე ლოიალურია”.
ამის მაგალითად მან პრემიერის მიერ ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები მოიყვანა და აღნიშნა, რომ “მერაბიშვილს ამაზე ადეკვატური შეფასებები არ გაუკეთებია”.
“მერაბიშვილსა და “ქართულ ოცნებას” შორის გარიგება ნათელი გახდა საკონსტიტუციო ცვლილებების დროს, როდესაც ივანიშვილი საუბრობდა, რომ ცვლილებები 120 ხმით გავიდოდა, მაშინ, როდესაც ოფიციალური მოლაპარაკებები ამ საკითხზე ’’ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის არ მიმდინარეობდა” – დასძინა მან.

სხვა ახალი ამბები: