თეა წულუკიანი: „აგვისტოს ომის გამოძიება მოიაზრებს დღევანდელი პრეზიდენტის დაკითხვასაც“

0
wulukianiიუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის განცხადებით,  აგვისტოს ომის გამოძიების ფარგლებში არ არის გამორიცხული საქართველოს პრეზიდენტისა და სხვა მაღალჩინოსნების დაკითხვის საწიროებაც დადეგს.
როგორც  წულუკიანმა დღეს გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, აგვისტოს ომის გამოძიება საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებაა, ამიტომ  პროკურატურაში უკვე მოძიებულია წინა ხელისუფლების მიერ ჩატარებული გამოძიების ყველა მასალა.
“აგვისტოს ომის გამოძიება ჩვენი საერთაშორისო ვალდებულებაა. საქართველო რომის სტატუტის მონაწილე მხარეა და როდესაც ჩვენ მხარე გავხდით, გარკვეული ვალდებულებები ავიღეთ. ჰააგის სასამართლოში პროკურორთან შესულია არაერთი ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ჩივიან მოქალაქეები, არასამთავრობო ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნიდან და ამბობენ, რომ აგვისტოს ომის დროს სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობისა თუ თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს სავარაუდოდ, ან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ან ის დანაშაული, რომელიც შეიძლება, ომის დანაშაულად კვალიფიცირდებოდეს. ჩვენი ვალდებულებაა, ეს საქმე საერთაშორისო ტრიბუნალის განსახილველი არ გავხადოთ და ჩვენს პრობლემებს ჩვენ თვითონ მოვუაროთ იმ ვალდებულებების ფარგლებში, რომელიც გვაქვს. ჩემი და მთავარი პროკურორის მიზანია, რომ აგვისტოს ომი გამოვიძიოთ ჩვენ თვითონ, თუ ჩვენ ეს ვერ შევძელით და ვერ აღმოვჩნდით, ან საკმარისი პროფესიონალები, ან საკმარისი პოლტიკური ნება არ გვექნა ამისთვის მაშინ, ჩვენ იძულებულები ვიქნებით ჰააგის პროცესს დავემორჩილოთ და ეს საქმე წავიდეს ჰააგის საერთაშორისო დონეზე განხილვის რეჟიმში. ეს ჩემი მიზანი არ არის და არ მგონია, რომ ეს ქართველი ხალხისთვის სასურველი რამ იყოს. ჩვენ მთავარ პროკურატურაში ყველა ის მასალა მოვიძიეთ, რომელიც გამოძიების პროცესში წინა ხელისუფლებამ აწარმოა. თუ რომელიმე სტრუქტურა დამატებით მასალებს ფლობს, ამასწინათ ბატონმა დავითაიამ გააკეთა დამატებითი განცხადებები, ჩვენ ამ მასალებს გამოვითხოვთ, ან თვითონ მოგვაწოდონ, რომ დაიდოს სრული სურათი, თუ რა გააკეთა წინა ხელისუფლებამ. დღესდღეობით ჩვენ გვაქვს სურათი სახეზე, წინა ხელისუფლების მიერ ნაწარმოები მრავალი ათეული ტომი, მაგრამ გარკვეული კითხვის ნიშნებით – რატომ წარიმართა გამოძიება რამდენიმე მიმართულებით და არა ყველა მიმართულებით. ჩემი მიზანია, რომ გამოძიება ყველა მიმართულებით წარიმართოს, მაგრამ საქართველოში. ეს თავისთავში მოიაზრებს დაკითხვას არა მხოლოდ დღევანდელი პრეზიდენტის, რომელიც დაკითხვის მომენტში შესაძლოა, პრეზიდენტი აღარც იყოს და არა მხოლოდ მისი – ძალიან ბევრი მაღალჩინოსნის, მიუხედავად ეთნიკური წარმოშობისა და მოქალაქეობისა. ჩვენ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გვაქვს თავდაცვის სამინისტროსთან, რადგან აგვისტოს ომში არაერთი სამხედრო პირი იყო ჩართული, რომელთა დაკავშირებით ჰააგაში გარკვეული კითხვები არსებობს”, – განაცხადა წულუკიანმა.

სხვა ახალი ამბები: