თენგიზ გუნავას საქმესთან დაკავშირებით პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

0

a553939392b4689e52dea84eba6b61c7„თენგიზ გუნავას ჩვენებების თანახმად, 2012 წლის 15 ნოემბერს, დაახლოებით დღის 12:00 საათიდან იგი მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ორთაჭალაში, საქართველოს მთავარი პროკურატურის და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც აპროტესტებდა ბაჩანა ახალაიას გადმოყვანის ფაქტს. დაახლოებით 23:00 საათზე აკაკი მინაშვილთან და მის მეუღლე ქეთევან კობიაშვილთან ერთად, მათი კუთვნილი მერსედესის მარკის „S” კლასის ავტომანქანით წავიდნენ ბაჩანა ახალაიას საცხოვრებელ ბინაში ნუცუბიძის ქუჩაზე, სადაც დაჰყვეს დაახლოებით 1 საათი, საიდანაც გაუარეს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პატიმართა მონიტორინგის ჯგუფის წევრ გიორგი მელაძეს და მივიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის №7 დაწესებულების შენობასთან. ბაჩანა ახალაიას ეძინა და მასთან გიორგი მელაძის შეხვედრა ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ ეს უკანასკნელი დატოვეს დიღმის მასივში და წავიდნენ საბურთალოს ქუჩაზე თენგიზ გუნავას სახლის მიმართულებით. ქალაქში მოძრაობისას პერიოდულად ამჩნევდნენ, რომ სხვადასხვა ავტომანქანები დაყვებოდნენ და უთვალთვალებდნენ, მათ შორის ტაქსი, რომელსაც მობილური ტელეფონით ვიდეო გადაუღო ქეთევან კობიაშვილმა. აკაკი მინაშვილმა და ქეთევან კობიაშვილმა საბურთალოს ქუჩაზე, ქ.№59ბ-ს კორპუსის ეზოში დაახლოებით 02:30 საათზე დატოვეს თენგიზ გუნავა, რომელიც შევიდა მე-3 სადარბაზოში, გამოიძახა ლიფტი, თუმცა ლიფტის დაძვრის ხმა ვერ გაიგონა, ამის შემდეგ ზემოდან ჩამოირბინა რამდენიმე პირმა, ასევე სადარბაზოსთან გაჩერებული მუქი ფერის პრადოს ჯიპიდან გადმოვიდნენ პიროვნებები, რომლებმაც მოახდინეს თენგიზ გუნავას გაკავება, რა დროსაც ერთ-ერთმა პიროვნებამ შარვლის უკანა მხარეს საქამრეში ჩაუდო რაღაც ცივი საგანი, რომელიც შემდგომში აღმოჩნდა მაკაროვის სისტემის იარაღი, დაკავებას მოანდომეს 2 წუთი, რის შემდეგაც თენგიზ გუნავა ჩასვეს ტოიოტა პრადოს მარკის ავტომანქანაში, საბურთალოს ქუჩიდან – კუტუზოვის, ბახტრიონის, გამახურდიას, გმირთა მოედნის, მარჯვენა სანაპიროს, ორთაჭალის, ბაგრატიონის მოედნის, ორთაჭალჰესის გავლით მიიყვანეს გულუას ქ.№10-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის შესასვლელთან. სახლიდან გამოსვლის დროს დაინახა, რომ ესკორტში მოძრაობდა სამი მუქი ფერის ჯიპი, საიდანაც 2 იყო ტოიოტა პრადო და ერთი BMW X5. ეს ავტომანქანები ერთად მოძრაობდნენ გულუას ქუჩამდე. გზის გავლას მოანდომეს დაახლოებით 10 წუთი. ადგილზე მისვლის შემდეგ თენგიზ გუნავა ავტომანქანაში იმყოფებოდა დაახლოებით 1.5-2 საათის განმავლობაში. გზაში მოძრაობისას, თენგიზ გუნავას მისგან მარჯვენა მხარეს მჯდომმა პიროვნებამ შარვლის უკანა მხარეს ჩაუდო ცელოფანში გახვეული რამდენიმე ცივი მეტალის საგანი (სავარაუდოდ ვაზნები), რის შემდეგაც თენგიზ გუნავა შეეკითხა მანქანაში მსხდომებს, რომ თავადაც პოლიციელი იყო და რატომ აკეთებდნენ ამას, რაზეც მიიღო პასუხი, რომ ხელმძღვანელის დავალებას ასრულებდნენ. შენობაში აიყვანეს მე-7 სართულზე, რა დროსაც ნიღაბი ჩამოაცვეს თავზე და შეიყვანეს ერთ-ერთ ოთახში, სადაც შესთავაზეს წყალი, ჩაი, ყავა, რაზეც უარის თქმის შემდეგ დააძალეს, რომ თუ არ დალევდა წყალს, ინექციით გაუკეთებდნენ ნარკოტიკს, რის შემდეგაც წყალი დალია. ამის შემდეგ გამომძიებელმა შონიამ მოსთხოვა ხელი მოეწერა ოქმებზე, რომ თითქოს მისგან იყო ამოღებული რაღაც ნივთიერება, რომელიც პირველად ნახა და მაკაროვი, რომელიც დაკავებისას ჩაუდეს. აღნიშნულზე უარი განუცხადა. მოგვიანებით გადაიყვანეს შემოწმებაზე, სადაც დაუდგინდა მორფინის მოხმარება, მაშინ როცა ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ვითომდა აღმოაჩნდა ყოფილა ჰეროინი. თენგიზ გუნავას ჩვენებით, იმ პირს, რომელმაც დაკავებისას ჩაუდო ცეცხლსასროლი იარაღი, ავტომანქანაში იჯდა მისგან მარჯვნივ და ჩაუდო მეტალის საგანი, ასევე მონაწილეობდა ექსპერტიზაზე მის გადაყვანაში – ეძახდნენ „ჯადოს”.

 

თენგიზ გუნავას ჩვენებას, იმ ნაწილში, რაც ეხება საცხოვრებელ კორპუსთან მის დატოვებამდე განვითარებულ მოვლენებს, ადასტურებენ აკაკი მინაშვილი და ქეთევან კობიაშვილი, ხოლო გიორგი მელაძე ადასტურებს აკაკი მინაშვილის ავტომანქანაში თენგიზ გუნავას ყოფნის ფაქტს.

 

ქეთევან კობიაშვილის მიერ მობილური ტელეფონით გადაღებულ ვიდეოკადრებში ჩანს, რომ აკაკი მინაშვილის ავტომანქანას მისდევს ტაქსოპარკის ტაქსი, სახელმწიფო ნომრით DOO-948. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგანტოდან მიღებული ცნობით, აღნიშნული სახელმწიფო ნომერი რეგისტრირებული არ არის.

 

გამოძიების მიმდინარეობისას შესწავლილ იქნა სისხლის სამართლის N009161112001 საქმის მასალები თენგიზ გუნავას მიერ ნარკოტიკული საშუალებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (შემდგომში „თენგიზ გუნავას ბრალდების საქმე”). ასევე დაკითხულ იქნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები: თევდორე შონია, ნიკა არგანაშვილი, ნიკოლოზ შატაკიშვილი, გიორგი ბლიაძე, ბესიკ შარაშენიძე, ნანა ჯიმშელაძე, მირიან თოფურია, ალექსანდრე კენჭაძე და გიორგი კიკალიშვილი.

 

თენგიზ გუნავას ბრალდების საქმის მასალების და ზემოთ დასახელებული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების მიხედვით, შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის მოადგილემ მირიან თოფურიამ მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 2012 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე, შეადგინა პატაკი, რომლის მიხედვითაც თენგიზ გუნავა უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, საბურთალოს ქ.№59ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა. პატაკს რეზოლუცია დაადო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კიკალიშვილმა. მირიან თოფურიას პატაკის და გიორგი კიკალიშვილის რეზოლუციის საფუძველზე დაიწყო აღნიშნული საქმის გამოძიება. ამასთან, მირიან თოფურიას დავალებით შეიქმნა ჯგუფი დეტექტივ-გამომძიებლების: ბესიკ შარაშენიძის, ნიკა არგანაშვილის, გიორგი ბლიაძის, თევდორე შონიას და ნიკოლოზ შატაკიშვილის შემადგენლობით, რომლებიც 2012 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, მუქი მწვანე ფერის სამსახურებრივი ML-ის ჯიპის მარკის ავტომობილით წავიდნენ საბურთალოს ქუჩის მიმართულებით. საბურთალოს ქ.№59ბ-ში მდებარე კორპუსთან მივიდნენ დაახლოებით 10-15 წუთში. დაახლოებით 03:30 საათზე, კორპუსის შიდა ეზოში, დაინახეს, სადარბაზოდან 4-5 მეტრში მდგომი მამაკაცი (რომელიც თითქოსდა ვიღაცას ელოდებოდა). მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ მამაკაცთან მივიდა ბესიკ შარაშენიძე, შემდეგ ნიკოლოზ არგანაშვილი და ბოლოს ერთდროულად ნიკოლოზ შატაკიშვილი გიორგი ბლიაძე და თევდორე შონია. გაიგეს რა, რომ მამაკაცი ნამდვილად თენგიზ გუნავა იყო, ამ უკანასკნელს თევდორე შონიამ (საქმის გამომძიებელი) აცნობა, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით თან უნდა ჰქონოდა ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება. ამის შემდეგ, 03:40 თევდორე შონიამ დაიწყო პირადი ჩხრეკის დადგენილების და ოქმის შევსება. თავდაპირველად ბესიკ შარაშენიძემ თენგიზ გუნავას შარვლის უკანა მხარეს, საქამრედან ამოუღო მაკაროვის სისტემის უნომრო პისტოლეტი, მჭიდით და 8 ცალი ვაზნით, ხოლო შემდეგ ნიკა არგანაშვილმა შარვლის უკანა ჯიბიდან ამოუღო ვერცხლისფერი ე.წ. ფოლგის ქაღალდი, რომელშიც გახვეული იყო მოთეთრო, მოყვითალო ფერის ნივთიერება. ჩხრეკის დასრულების შემდგომ, 03:58 საათზე, თევდორე შონიამ ადგილზევე შეადგინა თენგიზ გუნავას დაკავების ოქმი, რომელმაც ოქმებს ხელი არ მოაწერა.

 

თენგიზ გუნავა ხსენებულმა პირებმა დასახელებული ML-ის ჯიპის ავტომანქანით წამოიყვანეს გულუას ქუჩაზე მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმართულებით ვაკე-საბურთალოს ახალი საავტომობილო გზის გავლით. 04:23 საათზე მოვიდნენ გულუას ქუჩაზე არსებული შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის ცენტრალურ შესასვლელთან და ავტომანქანა გააჩერეს კიბეებთან. გაჩერებისთანავე ნიკოლოზ შატაკიშვილმა, ნიკა არგანაშვილმა, თევდორე შონიამ და ბესიკ შარაშენიძემ თენგიზ გუნავა გადმოიყვანეს ავტომანქანიდან და ცენტრალური შესასვლელიდან აიყვანეს მეშვიდე სართულზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მეორე სამმართველოსთვის განკუთვნილ ფლიგელში. თენგიზ გუნავა სამინისტროს შენობაში, მეშვიდე სართულზე იმყოფებოდა დაახლოებით 2 საათის განმავლობაში, რის შემდეგაც იგი ბესიკ შარაშენიძემ და ნიკა არგანაშვილმა ნარკოლოგიური შემოწმების ჩატარების მიზნით წაიყვანეს ექსპერტიზაზე. თენგიზ გუნავა დროებითი მოთავსების იზოლატორში მიიყვანეს ბესიკ შარაშენიძემ, ნიკა არგანაშვილმა და გიორგი ბლიაძემ,  2012 წლის 16 ნოემბერს, 09:20 საათზე.

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილ იქნა შემდეგი:

 

2012 წლის 16 ნოემბერს, დაახლოებით 02:30 საათზე თენგიზ გუნავა პარლამენტის წევრმა აკაკი მინაშვილმა, თავისივე კუთვნილი მერსედესის მარკის „S” კლასის ავტომანქანით, მიიყვანა სახლში, ქ.თბილისში, საბურთალოს ქუჩაზე მდებარე №59ბ-ს კორპუსის ეზოში. აკაკი მინაშვილის წასვლისთანავე შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ხსენებული კორპუსის მე-3 სადარბაზოში ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებული იქნა თენგიზ გუნავა. ეს უკანასკნელი, მაშინვე ჩასვეს ტოიოტა პრადოს ჯიპის მარკის ავტომანქანაში და წაიყვანეს გულუას ქ.№10-ში მდებარე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმართულებით. აღნიშნულ ავტომანქანასთან ერთად ასევე მოძრაობდა ორი მუქი ფერის ჯიპის ტიპის ავტომანქანა, კერძოდ ტოიტა პრადოს და BMW X5 მარკის. სამინისტროსთან მოვიდნენ 02:44 საათზე და ავტომანქანა, რომელშიც თენგიზ გუნავა იმყოფებოდა, გაჩერდა სამინისტროს ცენტრალურ შესასვლელთან. თენგიზ გუნავა ავტომანქანაში იმყოფებოდა დაახლოებით 01 საათისა და 40 წუთის განმავლობაში. ამ პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს უფროსის მოადგილის მირიან თოფურიას მიერ შედგენილ იქნა პატაკი, რომლის მიხედვითაც თენგიზ გუნავა უნდა ყოფილიყო ქ.თბილისში, საბურთალოს ქ.№59ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე და მას თან უნდა ჰქონოდა ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტარების უფლებაც მას არ ჰქონდა. პატაკს რეზოლუცია დაადო კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ გიორგი კიკალიშვილმა. აღნიშნულის საფუძველზე, 03:00-03:15 საათების ინტერვალში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N009161112001 საქმეზე, თენგიზ გუნავას მიერ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 03:20-03:26 საათზე მოწმის სახით დაიკითხა მირიან თოფურია, რომელმაც დაადასტურა პატაკში მითითებული გარემოებები და მიუთითა, რომ თენგიზ გუნავა 03:00 საათისათვის უნდა იმყოფებოდეს საბურთალოს ქ.№59ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე და თან უნდა ჰქონდეს ნარკოტიკული საშუალება და ცეცხლსასროლი იარაღი. ამასთან, იმავე პერიოდში, გამომძიებელ თევდორე შონიას მიერ შედგენილი იქნა თენგიზ გუნავას ჩხრეკისა და დაკავების ოქმები, რომელთა მიხედვითაც, თენგიზ გუნავა დაკავებული იქნა 03:40 საათზე ქ. თბილისში, საბურთალოს ქ.№59ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, ხოლო 03:40-03:55 საათების ინტერვალში მას დაკავების ადგილზე ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა და შედგენილი იქნა ოქმი, რა დროსაც ამოღებული იქნა მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, ვაზნებით და ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. ჩხრეკის ოქმს თევდორე შონიასთან ერთად ხელი მოაწერეს აღნიშნული დეპარტამენტის თანამშრომლებმა: ნიკა არგანაშვილმა, ბესიკ შარაშენიძემ, ნიკოლოზ შატაკიშვილმა და გიორგი ბლიაძემ.  დაკავების ოქმში მიეთითა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება ამავე თანამშრომლების მონაწილეობით განხორციელდა. დაკავების ოქმის თანახმად, ოქმის შედგენის დროდ მითითებული იქნა 03:58 საათი, ხოლო სამინისტროში თენგიზ გუნავას მიყვანის დროდ – 04:23 საათი, ამასთან ამავე ოქმს გიორგი კიკალიშვილი ხელმოწერით ადასტურებს 04:27 საათზე. თენგიზ გუნავა სამინისტროს შენობაში შეყვანილი იქნა 04:23 საათზე. იგი აიყვანეს მე-7 სართულზე, კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ერთ-ერთ ოთახში, სადაც იმყოფებოდა 06:30 საათამდე. ამის შემდეგ თენგიზ გუნავა იმავე დეპარატამენტის თანამშრომლებმა ბესიკ შარაშენიძემ და ალექსანდრე კენჭაძემ შეიყვანეს ლიფტში, რა დროსაც თენგიზ გუნავას სახეზე ჩამოფარებული ჰქონდა შავი ფერის ნაჭრის ნიღაბი, რომელიც შემდეგ ალექსანდრე კენჭაძემ მოხსნა. იმავე დროს თენგიზ გუნავა გადაიყვანეს ექსპერტიზაზე, რის შედეგადაც მას ლაბორატორიულად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის (მორფინი) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი. საქმის მასალების საფუძველზე, თენგიზ გუნავას წარედგინა სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 260-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ბრალდება და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო, პატიმრობის უზრუნვეყოფით. გირაოს თანხის გადახდის შემდეგ, 2012 წლის 18 ნოემბერს, თენგიზ გუნავა გათავისუფლდა.

 

სხვადასხვა ორგანიზაციებიდან და დაწესებულებებიდან ამოღებული და დათვალიერებული გარე ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებული გარე და შენობის შიდა პერიმეტრის ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მიხედვით დასტურდება, რომ 2012 წლის 16 ნოემბერს, 02:31 საათზე, აკაკი მინაშვილის კუთვნილი მერსედესის მარკის „S” კლასის ავტომანქანა მოძრაობდა საბურთალოს ქუჩაზე თენგიზ გუნავას სახლის მიმართულებით, სამ წუთში (02:34სთ) უკან გამოიარა პეკინის ქუჩის მიმართულებით. 02:36-02:44 საათების ინტერვალში სამი მუქი ფერის ჯიპი (ორი ტოიოტა პრადო და ერთი BMW X5) მოძრაობდა საბურთალოს ქუჩიდან – კუტუზოვის, ბახტრიონის, გამსახურდიას ქუჩების, გმირთა მოედნის, მარჯვენა სანაპიროს, გორგასლის ქუჩის, ბაგრატიონის მოედნის, ორთაჭალჰესის გავლით გულუას ქ.№10-ის მიმართულებით. ბაგრატიონის ძეგლიდან ხსენებულ მანქანებს ასევე მოჰყვება ღია ფერის მერსედესის მარკის ავტომანქანა.

 

სამი ავტომობილი (ტოიოტა პრადო, BMW X5 და მერსედესი) 02:44 საათზე გაჩერდა სამინისტროს ცენტრალურ შესასვლელთან, ხოლო ერთი, ტოიოტა პრადოს მარკის შევიდა სამინისტროს ეზოში ჭიშკრის გავლით. 04:22 საათზე, შენობის ცენტრალურ შესასვლელთან გაჩერებული ტოიოტა პრადოს ავტომანქანიდან ბესიკ შარაშენიძემ, გიორგი ბლიაძემ და კიდევ ორმა პიროვნებამ თენგიზ გუნავა გადმოიყვანეს ხელბორკილდადებული და შეიყვანეს შენობაში.

 

ვიდეო-სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებისა და ტურნიკეტის მონაცემების მიხედვით ზემოაღნიშნული ავტომანქანების გაჩერების შემდეგ შენობაში ცენტრალური და ეზოში არსებული შესასვლელებიდან შევიდნენ თევდორე შონია, ბესიკ შარაშენიძე, ნიკოლოზ შატაკიშვილი, ნიკა არგანაშვილი, გიორგი ბლიაძე, მირიან თოფურია, ალექსანდრე კენჭაძე და გიორგი კიკალიშვილი. მათ შორის, ნიკა არგანაშვილი, ბესიკ შარაშენიძე და გიორგი ბლიაძე პერიოდულად შედიოდნენ და გამოდიოდნენ შენობიდან. აღნიშნულით დასტურდება, რომ ზემოხსენებული პოლიციის თანამშრომლები 03:40 საათზე, ანუ თენგიზ გუნავას ბრალდების საქმის მიხედვით ამ უკანასკნელის ჩხრეკისა და დაკავების დროს, რეალურად იმყოფებოდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში.

 

ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროში ერთ-ერთ ლიფტში არსებული ვიდეო-საემთვალყურეო კამერის ჩანაწერის მიხედვით, თ.გუნავას, როდესაც იგი შენობიდან გაჰყავდათ, ლიფტში შესვლისას სახეზე ჩამოფარებული ჰქონდა შავი ნაჭრის ნიღაბი. ლიფტში ნიღაბი მოხადა ალექსანდრე კენჭაძემ.

 

საქმეზე ამოღებული მობილური ტელეფონებიდან განხორციელებული ზარების დეტალური მონაცემების (ანძების) და მათი გაშიფვრის მიხედვით, 2012 წლის 16 ნოემბერს, 02:30 საათამდე პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები: ნიკა არგანაშვილი, გიორგი ბლიაძე, ბესიკ შარაშენიძე, თევდორე შონია, მირიან თოფურია, ალექსანდრე კენჭაძე და გიორგი კიკალიშვილი იმყოფებოდნენ საბურთალოს ქუჩაზე. ამასთან, იგივე პირები 02:46 საათზე და შემდგომ, ანუ იმ დროს, როდესაც უნდა ყოფილიყვნენ საბურთალოს ქუჩაზე, იმყოფებოდნენ ხსენებული სამინისტროს შენობაში, რაც ვიდეოკამერების ჩანაწერებითა და ტურნიკეტის მონაცემებითაც დასტურდება.

 

გამოძიების მიერ შესწავლილი იქნა თენგიზ გუნავას მიერ წარმოდგენილი ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მან პატიმრობიდან გათავისუფლების შემდეგ, 2012 წლის 19 ნოემბერს, საკუთარი თმის ნიმუშზე ჩაიტარა ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებლობის ფაქტის დადგენის მიზნით. აღნიშნული დასკვნის თანახმად, თენგიზ გუნავას თმის ნიმუშის გამოკვლევა მოხდა შემდეგ ნივთიერებებზე: მორფინი, კოდეინი, მონოაცეტილმორფინი, დეზომორფინი, ბუპრენორფინი, მეთადონი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი, ამიტრიპტილინი, კოკაინი, ნორდეზეპამი, დიაზეპამი და თიანეპტინი. გამოკვლევის შედეგად ექსპერტიზაზე წარმოდგენილ თენგიზ გუნავას თმის ნიმუშში არ აღმოჩნდა ზემოთ დასახელებული ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

 

ექსპერტების: ეკა შონიას და ცისანა გვენეტაძის ჩვენებების თანახმად, 2012 წლის 19 ნოემბერს, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს შენობაში ნარკოლოგიური ექსპერტიზის სამმართველოს ლაბორატორიაში თენგიზ გუნავასაგან აღებული იქნა თმის ნიმუში. თავდაპირველად მოხდა საკვლევი თმის ნიმუშის სიგრძის გაზომვა და დადგინდა, რომ თენგიზ გუნავას თმის ნიმუშის საშუალო სიგრძე იყო 4 სანტიმეტრი. მეცნიერულად დადგენილია, რომ ადამიანის თმა ერთი თვის განმავლობაში იზრდება  დაახლოებით ერთი სანტიმეტრით, შესაბამისად ოთხი თვის განმავლობაში დაახლოებით ოთხი სანტიმეტრით. გაცემული დასკვნის მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში თენგიზ გუნავა არ იყო დასკვნაში ჩამოთვლილი ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელი. ამასთან, მეცნიერულად ასევე დადგენილია, რომ ადამიანის თმაში ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების გადასასვლელად საჭიროა გარკვეული პერიოდი, მისი მიღებიდან საშუალოდ 5-7 დღე. შესაბამისად ხსენებული დროის გასვლამდე აღებულ ადამიანის თმის ნიმუშში არ აღმოჩნდება მიღებული ნარკოტიკული თუ ფსიქოტროპული ნივთიერება თუ მას მანამდეც არ ჰქონდა მოხმარებული. თუმცა ერთჯერადად მოხმარებული ნარკოტიკული საშუალება ან ფსიქოტროპული ნივთიერება შესაძლებელია თმის ნიმუშში არ აღმოჩნდეს 5-7 დღის გასვლის შემდეგაც, მისი მცირე კონცენტრაციის გამო.

 

გამოძიების მიერ ასევე შესწავლილი იქნა თენგიზ გუნავას ბრალდების საქმეზე ჩატარებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, თენგიზ გუნავას გამოკვლევა მოხდა 2012 წლის 16 ნოემბერს, 06:40-08:35 საათების ინტერვალში, კლინიკურად და ლაბორატორიულად. კლინიკურად იგი არ იმყოფებოდა ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების (თრობის) ქვეშ. ლაბორატორიული კვლევისას თენგიზ გუნავასგან აღებული ბიოლოგიური მასალა (შარდი) შემოწმდა ნარკოტიკული საშუალებებზე – ოპიუმის ჯგუფი: ბუპრენორფინი, ტეტრაჰიდროკანაბინოლი (მარიხუანა), მეტადონი, კოკაინი, ამფეტამინი, მეტამფეტამინი, ექსტაზი, ტრამადოლი და ფსიქოტროპულ ნივთიერებაზე – ბენზოდიაზეპინების ჯგუფი. თენგიზ გუნავას ლაბორატორიულად დაუდგინდა ოპიუმის ჯგუფის (მორფინი) ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი.

ექსპერტების: თამარ გვიშიანის და ნინო ფანჩულიძის ჩვენებების თანახმად, ნარკოტიკული საშუალების მიღების ფაქტის გამოვლენა დამოკიდებულია მიღებული ნივთიერების რაოდენობაზე, მიღების ხერხზე, მიღების სიხშირეზე, ორგანიზმის საერთო მდგომარეობაზე. ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებების მოხმარების დროს კლინიკური გამოვლინება ხდება მაქსიმუმ 20 წუთში, ხოლო ლაბორატორიულად გამოვლინება კი დაახლოებით  ერთ საათში. ადამიანის ბიოლოგიურ მასალაში ოპიუმის ჯგუფის ნარკოტიკული საშუალებები რჩება დაახლოებით 7 დღის განმავლობაში.

 

ზემომითითებული ექსპერტიზების დასკვნების და ესპერტთა ჩვენებების შესაბამისად, 2012 წლის 16 ნოემბერს თენგიზ გუნავას მიერ ნარკოტიკული საშუალების მოხმარების ფაქტი დაფიქსირდებოდა მის ბიოლოგიურ მასალაში (შარდი), ხოლო 2012 წლის 19 ნოემბერს აღებულ თმის ნიმუშში არ დაფიქსირდებოდა. ამდენად თენგიზ გუნავას ბრალდების საქმეში არსებული ნარკოლოგიური შემოწმების ექსპერტიზის და ამ უკანასკნელის მიერ წარმოდგენილი ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები არ გამორიცხავენ ერთმანეთს და წინააღმდეგობაში არ მოდიან.

 

ამრიგად, საქმეზე მოპოვებული მტკიცებულებათა საერთო ანალიზის საფუძველზე დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული ის გარემოება, რომ თენგიზ გუნავას დაკავება მოხდა არა 03:40 საათზე, არამედ 02:30 საათზე. თენგიზ გუნავა სამინისტროს შენობასთან მიყვანილ იქნა არა 04:23 საათზე, არამედ 02:44 საათზე. შესაბამისად არ შეესაბამება სინამდვილეს თენგიზ გუნავას ბრალდების საქმის მასალებში მითითებული გარემოებები იმის შესახებ, რომ თენგიზ გუნავა პატაკის შედგენისა და გამოძიების დაწყების დროისათვის იმყოფებოდა ქ.თბილისში, საბურთალოს ქ.№59ბ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე, რადგან პატაკი შედგენილ იქნა 02:44-03:00 საათების და გამოძიება დაწყებული იქნა 03:00-03:15 საათების ინტერვალში, მაშინ როცა ამავე დროისათვის თენგიზ გუნავა უკვე გულუას ქუჩაზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ავტომანქანაში იმყოფებოდა. ასევე დადგენილად უნდა იქნეს მიჩნეული, რომ თენგიზ გუნავას დაკავების და პირადი ჩხრეკის ოქმები შედგენილი იქნა არა ადგილზე, არამედ იმ პერიოდში, როდესაც ეს უკანასკნელი შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ ავტომანქანაში იმყოფებოდა.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ იქნება გაზიარებული საქმეზე დაკითხული ზემოდასახელებული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებების ის ნაწილი, რაც უკავშირდება თენგიზ გუნავას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შემდგომ განვითარებულ მოვლენებს, ვიდრე ამ უკანასკნელს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობაში შეიყვანდნენ, ასევე პატაკის შედგენასა, გამოძიების დაწყებასა და დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმების შედგენასთან დაკავშირებულ გარემოებებს, რადგან ისინი არ დასტურდება საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებებით.

 

მიუხედავად იმისა, რომ თენგიზ გუნავას დაკავება და ჩხრეკა ნაწარმოები იქნა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევით, გამოძიებით არ დასტურდება დაკავებისას თენგიზ გუნავასთვის ცეცხლსასროლი იარაღის და ნარკოტიკული საშუალების ჩადების, ასევე სამინისტროს შენობაში მის მიერ ნარკოტიკული საშუალების შემცველი სითხის იძულებით დალევინების ფაქტები. ამ მხრივ გამოძიებას ხელთ გააჩნია მხოლოდ თენგიზ გუნავას ჩვენება, რაც არ არის საკმარისი დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ პოლიციის თანამშრომლებმა დანაშაული ჩაიდინეს. გამოძიების მიერ ვერ იქნა მოპოვებული სხვა პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულებები, რომელიც განამტკიცებდა თენგიზ გუნავას ჩვენებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად „პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების სტადიაზე შეკრებილ იმ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისათვის, რომ ამ პირმა დანაშაული ჩაიდინა.” მოცემულ შემთხვევაში, პოლიციელთა მხრიდან დანაშაულის ჩადენის თაობაზე (ცეცხლსასროლი იარაღისა და ნარკოტიკული საშუალების ჩადების ნაწილში) გამოძიებას ხელთ გააჩნია მხოლოდ ერთი მტკიცებულება (თენგიზ გუნავას ჩვენება) და არა „მტკიცებულებათა ერთობლიობა”, როგორც ეს პირის ბრალდებულად ცნობისათვის კანონით არის განსაზღვრული.

 

იგივე აზრს განამტკიცებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლში მოყვანილი ტერმინის განმარტება, სადაც „დასაბუთებული ვარაუდი” განმარტებულია, როგორც „ფაქტების ან ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც მოცემული სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა ერთობლიობით დააკმაყოფილებდა ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენა”.

ამრიგად, მოცემულ საქმეში არსებული მტკიცებულებები არ იძლევიან დასაბუთებული ვარაუდის საფუძველს, რომ პოლიციელებმა თენგიზ გუნავას ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალება ჩაუდეს. შესაბამისად ამ ნაწილში პოლიციელთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობს.

ცალკე უნდა მიეცეს სამართლებრივი შეფასება იმ ფაქტობრივ უსწორობებს, რომლებიც თენგიზ გუნავას ბრალდების საქმეში ამ უკანასკნელის ჩხრეკისა და დაკავების ოქმში აისახა და პასუხი უნდა გაეცეს კითხვას არსებობს თუ არა პოლიციელთა ქმედებაში მტკიცებულების ფალსიფიკაციის ან სხვა დანაშაულის ნიშნები.

როგორც ეს ზემოთ იქნა დასაბუთებული, თენგიზ გუნავას ჩხრეკისა და დაკავების ოქმში ასახული დრო და ადგილი არ შეესაბამება ჩხრეკისა და დაკავების  ჩატარების რეალურ დროსა და ადგილს. იმისათვის, რომ ზემოაღნიშნულმა შეუსაბამობამ პოლიციელთა ქმედების დანაშაულებრივად შეფასების საშუალება მოგვცეს, აუცილებელია, რომ ამ ქმედების ჩადენა  პოლიციელთა უკანონო მიზნით იყოს შეპირობებული.

სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად ჩხრეკა ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი. თენგიზ გუნავას ბრალდების საქმიდან დგინდება, რომ თენგიზ გუნავას პირადი ჩხრეკისას აღმოჩენილ იქნა ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი” და „მაკაროვის” სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, 8 ცალი ვაზნით. დავას არ იწვევს ის, რომ აღნიშნული ნივთიერება და იარაღი ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან და მათი უნებართვო შენახვა-ტარებისათვის კანონით დაწესებულია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ამრიგად, ჩხრეკა, რომელიც პოლიციელების მიერ ჩაუტარდა თენგიზ გუნავას ემსახურებოდა ლეგიტიმურ მიზანს – გამოვლენილიყო და აღკვეთილიყო სისხლის სამართლის დანაშაული. ეს მიზანი მიღწეულ იქნა, რამდენადაც თენგიზ გუნავას ბრალდების საქმეში დადასტურებულია მის მიერ ნაკოტიკული ნივთიერებისა და ცეცხლსასროლი იარაღის აკრძალული შენახვა-ტარების ფაქტი, ხოლო მოცემული საქმის გამოძიებით არ დასტურდება თენგიზ გუნავასათვის ნარკოტიკული ნივთიერებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ჩადება.

ამიტომ, თენგიზ გუნავას პირადი ჩხრეკა წარმოადგენდა აუცილებელ და ერთადერთ კანონიერ საშუალებას დანაშაულის გამოსავლენად.

რაც შეეხება დაკავებას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, პირის დაუყოვნებლივი დაკავების საფუძველია, თუ პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე. ეჭვგარეშეა, რომ ნარკოტიკული ნივთიერებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ მქონე პირის დაკავება ასევე ლეგიტიმური ქმედებაა და ამდენად, თენგიზ გუნავას დაკავება კანონიერი მიზნის მიღწევას ემსახურებოდა.

თავისთავად, ჩხრეკის ან დაკავების ოქმში არასწორი მონაცემის შეტანა არ წარმოშობს მტკიცებულების ფალსიფიკაციას. ფალსიფიკაცია სამართლებრივი კატეგორიაა. მისი დადასტურება ორი კომპონენტის ერთდროული არსებობით ხდება: ა) როცა მტკიცებულება არ ასახავს ობიექტურ რეალობას, და ბ) როცა ფაქტის/მოვლენის/ინფორმაციის არასწორი ასახვა არალეგიტიმური მიზნით არის განპირობებული. მიზნის არალეგიტიმურობა მტკიცებულების ფალსიფიკაციის აუცილებელი ელემენტია, რომლის გარეშეც ეს დანაშაული არ არსებობს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი შეცდომის (თუნდაც მექანიკურის) ან გადაცდომის დროს ვერცერთი პირი ვერ გადაურჩებოდა სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას.  მხედველობაშია მისაღები ის გარემოებაც, რომ ჩხრეკისა და დაკავების ოქმში პოლიციელთა ქმედების ზუსტი და ადექვატური ასახვის პირობებში არ წარმოიშობოდა თენგიზ გუნავას პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი. პირიქით, ეს გარემოება ბრალდების პოზიციას უფრო განამტკიცებდა: პოლიციელთა მიერ ჩადენილი საპროცესო დარღვევით დასუსტდა თენგიზ გუნავას მიერ დანაშაულის ჩადენის დადასტურების შესაძლებლობა, თორემ ამ დარღვევას არ გამოურიცხავს გუნავას მიერ ნარკოტიკული ნივთიერებისა და ცეცხლსასროლი იარაღის ქონის ფაქტი, ანუ ამ დარღვევით სარგებელი მიიღო თენგიზ გუნავამ, რაც, როგორც მინიმუმ, იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს იძლევა, რომ ჩადენილი დარღვევები თენგიზ გუნავას უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების მიზანს არ ემსახურებოდა. ეს ფაქტორიც ხაზს უსვამს იმას, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული უსწორობები თენგიზ გუნავას მიმართ არალეგიტიმური მიზნით არ წარმოშობილან.

გამოძიების აზრით, თენგიზ გუნავას დაკავებისა და პირადი ჩხრეკის შემდგომ განვითარებული მოვლენების არასწორი ასახვა განპირობებული იყო ერთის მხრივ, არსებული არასწორი პრაქტიკის ინერციით და მეორეს მხრივ, სათანადო დოკუმენტების უფრო კომფორტულ ვითარებაში გაფორმების სურვილით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს პოლიციელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი, რადგან ისინი მოქმედებდნენ ლეგიტიმური მიზნით (გამოევლინათ და ეღეკვეთათ დანაშაული) და მხოლოდ უსწორობები, რომლებიც მოიძიება ამ სისხლის სამართლის საქმეში არ შეიძლება გახდეს მათ მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძველი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო (შემდგომში სტრასბურგის სასამართლო) თავის პრეცენდენტულ სამართალში განმარტავს, რომ სახელმწიფოს მიერ არცერთ ადამიანს არ უნდა აღეკვეთოს თავისუფლება გარდა იმ გარემოებებისა, რომლებიც აღნიშნულია კონვენციის მე-5 მუხლის პირველ პუნქტში (Weeks v. the United Kingdom, 02.03.1987, განაცხადის N 9787/82, §40). ხსენებულ პუნქტში მითითებული გამოკალისების სია კი ამომწურავია (Quinn v. France, 22.03.1995, განაცხადის N 18580/91, §42). თუმცა მხოლოდ ის ფაქტი, რომ თავისუფლების აღკვეთა ხორციელდება კონვენციის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით ნებადართულ ერთ-ერთ საფუძველზე, არ არის საკმარისი; დაკავებული ან დაპატიმრებული პირი უნდა სარგებლობდეს დაცვის სხვადასხვა საშუალებებით, რომლებიც მითითებულია კონვენციის მე-5 მუხლის 2-5 პუნქტებში იმ მოცულობით, რა მოცულობითაც შესაძლებელია მათი გამოყენება (Weeks v. the United Kingdom, 02.03.1987, განაცხადის N 9787/82, §40). ხსენებული პუნქტებით კი დაკავებული ან დაპატიმრებული პირის ერთ-ერთ ფუნდამენტურ უფლებად განსაზღვრულია მისი უფლება გასაგებ ენაზე ეცნობოს დაკავების მიზეზი, წაყენებული ბრალდების არსი და წარსდგეს კომპეტენტური სასამართლო ორგანოს წინაშე მისი დაპატიმრების მართლზომიერების საკითხის განხილვის მიზნით.

შესაბამისად, კონვენციის მე-5 მუხლით ნებადართულია პირის დაკავება ან დაპატიმრება სისხლისსამართლებრივი პროცედურის ფარგლებში კომპეტენტური სასამართლოს წინაშე წარდგენის მიზნით, როდესაც არსებობს გონივრული ეჭვი იმისა, რომ მან ჩაიდინა დანაშაული (Jėčius c. Lituanie, no 34578/97, § 50, CEDH 2000-IX). აღნიშნული კი, სხვებს შორის, მოითხოვს, რომ ნებისმიერი პირის დაკავებისას არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საჭიროა დასმული იქნეს კითხვა თ.გუნავას დაკავება ეყრდნობოდა თუ არა საკმარის ობიექტურ გარემოებებს, რაც უნდა შეფასდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

მოცემულ შემთხვევაში, თ.გუნავას დაკავებისას მიეცა საშუალება ესარგებლა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მატერიალურ-სამართლებრივი და პროცესუალური გარანტიებით; პოლიციელთა მიერ დაკავებისა და ჩხრეკის ოქმში დროის არასწორად დაფიქსირებას არ შეულახავს თ.გუნავას უფლება კანონით დადგენილ ვადაში წარმდგარიყო კომპეტენტური სასამართლო ორგანოს წინაშე ან ესარგებლა კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა არსებითი უფლებებით. თვით ის ფაქტი, რომ წინამდებარე გამოძიება ჩატარდა თენგიზ გუნავას (მისი ადვოკატის) განცხადების საფუძველზე, რა დროსაც გამოვლინდა პოლიციელთა მიერ ჩადენილი დარღვევები, რაც, პროცესუალური თვალსაზრისით, ხელსაყრელ პირობებს უქმნის თენგიზ გუნავას მისი ბრალდების საქმეში, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულისათვის კონვენციით გარანტირებული უფლებები დაცულ იქნა.

ამასთან, თენგიზ გუნავას ბრალდების საქმეში დაშვებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დარღვევები პოლიციელებს არ ათავისუფლებს საერთოდ პასუხისმგებლობისაგან. დარღვევებში სისხლისსამართლებრივი ნიშნების არარსებობა არ ნიშნავს იმას, რომ მათ ქმედებებში არ არსებობდეს დისციპლინური გადაცდომის ნიშნები, რომელთა გამოკვლევა და დადგენა შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებას განეკუთვნება.

ამდენად, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით თენგიზ გუნავას ბრალდების სისხლის სამართლის საქმის გამოძიებისას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მტკიცებულების ფალსიფიკაციის ან სხვა დანაშაულის ჩადენის ფაქტი არ დადასტურდა. რის გამოც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე უნდა შეწყდეს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო.

სხვა ახალი ამბები: