თენგიზ გუნავა: “თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, თანამდებობიდან თავადვე წავალ”

0

gunპრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში თენგიზ გუნავა კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას, გაპრეზიდენტების შემთხვევაში „კრიმინალი გუბერნატორების თანამდებობიდან მოხსნის“ თაობაზე უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევად მიიჩნევს. გუნავას განცხადებით მარგველაშვილის მიერ გუბერნატორების კრიმინალებად მოხსენიება, დაუშვებელია.

„როცა მარგველაშვილი გამოდის და ამბობს, კრიმინალ გუბერნატორებს მოვხსნიო, ეს ყოვლად დაუშვებელია. ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. მან ჯერ ყველაფერი კარგად შეისწავლოს და მერე ილაპარაკოს. ის თუ ვაჟკაცია და იცის, ამ ხელისუფლების პირობებში რა გამიკეთეს, პასუხი გასცეს საზოგადოებას და ნუ ატყუებს მას. მე ყოველთვის ჩემს ხალხს ვემსახურებოდი და მომავალშიც მის სამსახურში ვიქნები“, — აღნიშნა თენგიზ გუნავამ.

მისივე თქმით, თუ საჭირო გახდება, ის თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას მარგველაშვილის გარეშე, თავადვე მიიღებს.

„მე ვარ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ დანიშნული რწმუნებული, იმ გუნდის წარმომადგენელი, რომელსაც პრეზიდენტი ხელმძღვანელობს და საშუალებას არ მივცემ მარგველაშვილს, თვითონ გამათავისუფლოს თანამდებობიდან. თანამდებობას თავად დავტოვებ, თუ საჭირო გახდება — ბუნებრივია, თუ საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატი გაიმარჯვებს, თანამდებობიდან თავადვე წავალ და ოპოზიციიდან ვიბრძოლებ“, — აღნიშნა თენგიზ გუნავამ.

შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა იმერეთის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ის კრიმინალ გუბერნატორებს მოხსნის.

„გუბერნატორების თემაზე საუბრისას ვინც მისმენდა, სწორად უნდა გაიგოს, რომ  ის ხალხი ვინც არიან კრიმინალები და დანიშნული არიან თანამდებობებზე, ასეთი ხალხის დანიშვნა პოლიტიკურ თანამდებობაზე, არასწორია და ახალი ხელისუფლება ასეთ ნაბიჯს არ გადადგამს“,– განაცხადა მარგველაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: