თენგიზ გუნავა ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეს პასუხობს

0

gunavaaსამეგრელო–ზემო სვანეთის მხარეში პრეზიდენტის რწმუნებული თენგიზ გუნავა რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის, შოთა მურღულიას ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ გუბერნატორები რამდენიმეს გამოკლებით, უწყებასთან თანამშრომლობაზე უარს ამბობენ.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge უცვლელად გთავაზობთ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის საპასუხო წერილს უკომენტაროდ.

„საქართველოს მთავრობის 2013 წლის 7 თებერვლის №23 დადგენილებით, ,,საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი ადგილობრივი თვითმმართველობების და რეგიონული პროექტების შერჩევის პროცედურები და კრიტერიუმები“–ს, მეორე მუხლის ბ) ქვეპუნქტში წერია ,,ამ დადგენილებით განსაზღვრული პროექტების ინიცირება იწყება საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე საკრებულოს გადაწყვეტილების, ხოლო რეგიონული პროექტების შემთხვევაში – საკრებულოების გადაწყვეტილების შემდეგ“ აღნიშნული დადგენილების მიხედვით აშკარად ცხადია, რომ სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია პროექტების ინიცირებას იწყებს მხოლოდ საკრებულოების გადაწყვეტილების შემდეგ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციისათვის მუნიციპალიტეტის საკრებულოებს მსგავსი რეგიონული პროექტების განხორციელების აუცილებლობა არ დაუყენებიათ. ხოლო რაც შეეხება სამინისტროსთან თანამშრომლობას, ყველა ის წერილი თუ ღონისძიება, რომელიც სამინისტროს მხრიდან იყო მიღებული და დაგეგმილი, ჩვენ დროულად და ქმედითად ვახორციელებდით. ამის ნათელი მაგალითია 2013 წლის 25 აპრილს დაგეგმილი სამეგრელო–ზემო სვანეთის რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, სადაც გაეროს განვითარების პროგრამის ექსპერტებთან ერთად მონაწილეობას ღებულობდა სამინისტროს რეგიონული განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. საერთაშორისო ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრას, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრთან, რომელიც ეძღვნებოდა რეგიონული პროექტების ფონდიდან განსახორციელებელი პროექტების წარდგენას, ესწრებოდა სახეწლმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე. გვინდა აქვე ავღნიშნოთ, რომ აღნიშნული ფონდიდან რეგიონის ტერიტორიული ერთეულების დაფინანსებისათვის შერჩეული იქნა წარდგენილი პროექტების 30 პროცენტი, რაც ცხადყოფს რომ რეგიონიდან წარდგენილი პროექტების ნაკლებობა სამინისტროში არ არის.

ყველაფერთან ერთად უნდა ითქვას ლაზიკის შეჩერებულ პროექტზე. ამასთან სახელმწიფო რწმუნებელს სამთვიანი ბრძოლა მოუხდა ფინანსთა სამინისტროსთან შ.პ.ს. ,, ANAKLIA-GANMUXURI RESORTS‘’–ისთვის სახელფასო დავალიანების დასაფარად თანხის გამოყოფასთან დაკავშირებით. საქართველოს შრომის, ჯამრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციიდან გაგზავნილი 29 წერილზე, რომელიც ითვალისწინებდა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის ოპერაციის დაფინანსებას უარი ეთქვათ. რომ არაფერი ვთქვათ, გამგებლების, საპატრულო პოლიციისა და პოლიციის უფროსებზე, რომლებიც არ პასუხობენ გუბერნატორის სატელეფონო ზარებს. მიმდინარე წლის 2 აპრილს დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის განხილვისას, რომელსაც ატარებდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, შეხვედრაზე არ იყო მიწვეული არც გუბერნატორი და არც სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაციის წარმომადგენლები. გამომდინარე აქედან, აშკარაა, რომ ჩვენი მხრიდან საბოტაჟზე საუბარი რბილად რომ ვთქვათ უსამართლობაა. ამასთან თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ სხვადასხვა სამინისტროს ხელმძღვანელები რეგიონში ჩამოსვლისას თავს არიდებენ გუბერნატორთან შეხვედრას, ადვილი მისახვედრია, რა მოვლენასთან გვაქვს საქმე. უკანასკნელ პერიოდში რეგიონში სტუმრობისას გუბერნატორთან შეხვედრას თავი აარიდეს მინისტრებმა: ბატონებმა ლევან ყიფიანმა, დავით სერგეენკომ, გურამ ოდიშარიამ და სხვებმა. ყოველივე ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე მკითხველებმა თავად გააკეთონ დასკვნები, თუ ვისი მხრიდან ხდება საბოტაჟი“, – აცხადებს თენგიზ გუნავა.

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში, ანუ ახალი ხელისუფლების მოსვლის დღიდან, პრეზიდენტის რწმუნებულების უმეტესობა, პრაქტიკულად, უარს ამბობს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის სამინისტროსთან თანამშრომლობაზე. ამ ხნის განმავლობაში სამინისტრო მაქსიმალურად ცდილობდა, სამუშაო პროცესში ჩაერთო გუბერნატორები, რომლებიც ადგილებზე არსებულ პრობლემებზე სამინისტროსთან ერთად იმუშავებდნენ, _ განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მინისტრის მოადგილე შოთა მურღულიამ მისი თქმით, საბოტაჟის თვალსაჩინო მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების რეესტრი.

სხვა ახალი ამბები: