ჩხორიაში მცხოვრები თორდიების ოჯახი სამეგრელოს პოლიციას მადლობას უხდის (ვიდეო)

0

tordiebiii20 მარტს შეიარაღებული ყაჩაღური დაჯგუფების მიერ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხორიაში დაყაჩაღებული თორდიების ოჯახი მადლობას უხდის ხელისუფლებას და რეგიონის პოლიციას აღნიშნული ფაქტის დროულად გახსნის გამო. ოჯახის უფროსის თემურ თორდიას და მისი მეუღლის მაყვალა ჟიშკარიანის განცხადებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისა და ზუგდიდის პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ყველაფერი გააკეთეს საიმისოდ, რომ აღნიშნული დაჯგუფების მეთაური, უსასტიკესი დამნაშავე დაეკავებინათ.

შეგახსენებთ, რომ სამართალდამცავებმა წარსულში ყაჩაღობისა და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი რომან არქანია ყაჩაღობის ბრალდებით წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში დააკავეს. ის წარმოშობით წალენჯიხის რაიონის სოფელ ფახულანის მკვიდრია.

შს სამინისტროს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რომან არქანია მიმდინარე წლის 20 მარტს, საღამოს საათებში, თანმხლებ პირებთან ერთად, ცეცხლსასროლი იარაღით თავს დაესხა ზუგდიდის რაიონის სოფელ ჩხორიაში მცხოვრები თეიმურაზ თორდიას ოჯახს. თავდამსხმელებმა იარაღის მუქარით გაიტაცეს სხვადასხვა დასახელების საოჯახო ნივთები, ოქროული და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.